Tuesday, 26 August 2014

ნუ მომკლავ დედა


ნუ მომკლავ, დედა, მინდა ვიცოცხლო
და ქართველობის ვწიო ჭაპანი,
გპირდები, ჩემით იამაყებენ
ჩემთვის უცნობი მამა–პაპანი.
ნუ მომისწრაფებ სიცოცხლეს, დედა,
უტყვი ვედრებით მე ამას ვითხოვ,
მინდა, გიყვარდე, შევიგრძნო მინდა,
შენი ალერსი და შენი სითბო.
იებს დაგიკრეფ აპრილის თვეში,
სიფრიფანა და ლურჯთვალა იებს,
მინდა, ვიცოცხლო, შენ კი ილოცე,
ნუ მაქცევ მიწად, ნუ გამაციებ.
თუ ნანობ, მინდა, რომ გაგიქარვო,
სულის ტკივილი, გულის დარდები,
უფალს ვთხოვ, დედა, შეგინდოს ცოდვა
უმანკო ჩვილის არდაბადების.
მე გაზაფხულზე სიმღერად მოვალ,
შენი ცხოვრების ტკივილებს წავშლი,
იმ ქვეყნიდანაც დაგეხმარები,
ღვთით მოვლენილი, უმანკო ბავშვი. 


ლექსის ავტორი: დეკანოზი თავმას ჩოხელი 

http://youtu.be/gf3mD98iB68


Saturday, 16 August 2014

როგორ გადააფიქრებინა მღვდელმა ქალს განქორწინება

ერთხელ ქალი მივიდა მღვდელთან და უთხრა:

- ორი წლის წინ მე და ჩემი ქმარი დაგვაქორწინე. ახლა გაგვყარე. აღარ მინდა მასთან ცხოვრება.
- რატომ გინდა განქორწინება, შვილო? – დაინტერესდა მღვდელი.
ქალმა აუხსნა:
- ყველას ქმარი დროზე ბრუნდება სახლში, ჩემი ქმარი კი გამუდმებით აგვიანებს, ძმაკაცებში დაიარება. ამის გამო შინ სულ სკანდალები გვაქვს.
მღვდელი გაოცდა და ჰკითხა:
- მხოლოდ ეს არის მიზეზი?
- მე არ მინდა ისეთ კაცთან ცხოვრება, რომელსაც ასეთი ნაკლი აქვს, - უპასუხა ქალმა.
- კი გაგყრით, მაგრამ ერთი პირობით. ახლა შინ დაბრუნდი, დიდი გემრიელი პური გამოაცხვე და მომიტანე. მაგრამ როცა პურს გამოაცხობ, შინიდან არაფერი გამოიყენო – მარილიც, წყალიც და ფქვილიც მეზობლებს გამოართვი. და აუცილებლად აუხსენი მათ შენი თხოვნის მიზეზი, - უთხრა მღვდელმა.
ქალი შინ გაემგზავრა და არ გადაუდია, მაშინვე დაიწყო საქმე.
შევიდა მეზობელთან და უთხრა:
- ანა, ჭიქა წყალი მომეცი რა.
- რა არის, წყალი შეგიწყდა?
- წყალი მოდის, მაგრამ მღვდელთან მივედი, ქმარზე დავიჩივლე და ვთხოვე, გაგვყაროს, - აუხსნა ქალმა და მეზობელმაც არ დააყოვნა:
- რას ამბობ, შენ ჩემს ქმარს არ იცნობ! – და თავის ქმარზე დაიჩივლა.
ამის მერე ქალი მეორე მეზობელთან მივიდა, მარილისთვის.
- მარილი დაგიმთავრდა? მარტო ერთი კოვზი გინდა?
- მარილი მაქვს, მაგრამ მღვდელთან დავიჩივლე ჩემს ქმარზე, განქორწინება ვთხოვე, - უთხრა ქალმა, და სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა, მეზობელმა ამოიოხრა:
- აბა, შენ ჩემი ქმრის ამბავი რომ იცოდე! - და დაიწყო თავისი ქმრის გაკრიტიკება.
ასე, ვისთანაც არ შევიდა რაიმეს სათხოვნელად, ყველასგან ესმოდა ქმრებზე ჩივილი. ბოლოს დიდი გემრიელი პური გამოაცხო, მიუტანა მღვდელს და გადასცა, თან უთხრა:
- მადლობა, იგემეთ ჩემი ნახელავი. ოღონდ არც იფიქროთ ჩვენი გაყრა.
- რატომ, რა მოხდა, შვილო? – ღიმილით ჰკითხა მღვდელმა.
- ჩემი ქმარი თურმე ყველაზე უკეთესია, - მიუგო ქალმა.

 წყარო: ->> http://primetimenews.ge/?page=17&news_id=32622&c=2

10 მიზეზი თუ რატომ ვერ იკლებთ წონაში (ქალბატონები)

დიეტა და და რამდენიმე კილოს მოკლება ყველა ქალისთვის აქტუალური თემაა. ერთმანეთს ვაძლევთ რჩევებს, განვიხილავთ ახალ დიეტებსა და ფიტნესპროგრამებს, მაგრამ, წონა უცვლელია, რეზულტატი-ნული.
შევეცადეთ, შეგვეკრიბა ყველა ის მიზეზი, რაც ქალს გახდომაში უშლის ხელს.

წყლის ნაკლებობა
ადამიანის სხეულის თითქმის 75 პროცენტი წყლისგან შედგება და მას მუდმივად სჭირდება განახლება. სასურველია, დღეში 8 (200-გრამიანი ჭიქა) ჭიქა უგაზო წყლის სმა. წყალი დალიეთ ჭამამდე 20-30 წუთით ადრე და 1-1,5 საათის ჭამის შემდეგ. წყლის პირველი ჭიქა უზმოზე უნდა დალიოთ, დანარჩენი ჭიქები დღის განმავლობაში გადაანაწილეთ და სვით.

არ საუზმობთ
საუზმე დღის ყველაზე საჭირო საკვებია. აუმჯობესებს კუჭის მოქმედებას. ორგანიზმში გამომუშავდება ლეპტინი,-ნივთიერება, რომელიც მადას აქვეითებს. მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუ რას მიირთმევთ საუზმეზე. მოერიდეთ შემწვარ-მოხრაკულ საკვებს. აგრეთვე, ცხიმიან კერძებს, ფუნთუშეულს, სოსისებსა და ძეხვებს.

მსუყე ვახშამი
ვახშამი სადილზე მირთმეული ულუფის ნახევარს უნდა შეადგენდეს და ისიც პურის გარეშე. და რაც მთავარია, ივახშმეთ დაძინებამდე 2-3 საათით ადრე.

უარი ვახშამს
ცარიელი კუჭით ვერც წესიერად დაიძინებთ და განწყობაც გაგიფუჭდებათ. მათ გასაგონად, ვინც 6 საათის მერე აღარ ჭამს. აბა, დაითვალეთ, რამდენ საათს ატარებთ მშიერი?! თუ 5 საათზე ივახშმებთ და მეორე დილის 8-9 საათამდე არაფერს შეჭამთ, დაიავადმყოფებთ კუჭს და გაიფუჭებთ განწყობას. გახდომით კი ვერ გახდებით.

გამოუძინებელი ხართ
ამერიკელმა სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ადამიანი, რომელსაც 6-8 საათი სძინავს და დასვენებისთვისაც გამოყოფს დროს, დიეტის გარეშეც 6 თვეში 5 კილოს დაიკლებს. ასე, რომ ძილი გახდომას ეხმარება და ეს ხუმრობა არაა.

ნუ ხართ სასწორზე დამოკიდებული
ზოგიერთი ადამიანი დღეში რამდენჯერმე იწონება, რაც საერთოდ დაუშვებელია. ადამიანის წონა დღის განმავლობაში რამდენჯერმე იცვლება. თუ დილით 2 კილოთი ნაკლები იყავით, საღამოს შეიძლება 4 კილო მოიმატოთ. ეს ორგანიზმისთვის ჩვეული მოვლენაა და ამის გამო პანიკაში ნუ ჩავარდებით. უმჯობესია, დღეში ერთხელ, უზმოზე, აიწონოთ ხოლმე.

შიმშილობის დღეები
მთელი დღე შიმშილით წონას ვერ დაიკლებთ, რადგან მშიერი დიდხანს ვერ გაძლებთ. მეორე დღეს კი აუცილებლად გაგექცევათ თვალი და ხელი რაიმე გემრიელისკენ და დამშეული ორგანიზმი ახალ ცხიმებსა და ნახშირწყლებს მომენტალურად შეიწოვს.

შუალედური ჭამა
საუზმეს, სადილსა და ვახშამს შორის წახემსება საუკეთესოა, მაგრამ გააჩნია, რას ჭამთ. გამორიცხეთ ჩიპსები, შოკოლადი, `სუხარიკები~. მათ ნაცვლად მიირთვით ხილი, თხილი (30 გრამამდე), ჩაი (შეგიძლიათ რძით) და რძის პროდუქტები.

პრობლემური ჩიყვი
დარღვეული ენდოკრინული სისტემა წონის მომატებას უწყობს ხელს. ამიტომ, აუცილებლად გაესინჯეთ ენდოკრინოლოგს და დიეტა მისი რჩევით შეარჩიეთ.

პასიური ცხოვრების წესი
აუცილებელი არაა ფიტნესკლუბში იყოთ ჩაწერილი ან ყოველ დილით სკვერში დარბოდეთ. ფეხით სიარული და ველოსიპედით სეირნობა საუკეთესო ვარჯიშია. მაგრამ თუ ესეც გეზარებათ და თქვენთვის დასვენება ტელევიზორის წინ წამოწოლაა, ერთ რჩევას მოგცემთ, რეკლამების დროს, ადექით, გაიარ-გამოიარეთ, რამდენიმე ბუქნი გააკეთეთ. მორიგეობით ასწეთ მოხრილი ფეხი ჯერ წინ, მერე გვერდით. არც ხელები დაგავიწყდეთ წრიულად დაატრიალეთ გაშლილი მლავები ჯერ ერთ მხარეს, მერე მეორე მხარეს. და მიხვდებით, რომ ნელ-ნელა თან გახალისდებით, თან სხეულზე პრობლემური ადგილებიც შეგიმცირდებათ

 
პ.ს. როგორც ჩანს მე ვერასოდეს დავიკლებ წონაში ამ მიზეზების უმრავლესობამე მეხება :((

წიგნები

  რუპი კაურის - "მზე და მისი ყვავილები" ამჯერად მინდა ამ ძალიან საინტერესო და უცნაური სტილის მწერლის ამ წიგნზე გიამბოთ  კვლავაც პო...