Friday, 5 May 2017

გეგა კობახიძის უკანასკნელი წამები -ისტორია “თვითმფრინავის ბიჭების” შესახებ

გეგა კობახიძე


სოციალურ ქსელ "#facebook-ში" ერთ-ერთი გვერდი (2015წ.) "#სიყვარულიუკვდავია" აქამდე უცნობ, საინტერესო ისტორიას აქვეყნებს "თვითმფრინავის ბიჭებზე”



მოქმედება ორთაჭალის (იმ დროის) სიკვდილმისჯილთა ციხეში ვითარდება.



"სიკვდილმისჯილთა საკნები იყო ორთაჭალის ციხის ჯურღმულებში,მიწისქვეშა გუბერსკის სულ ქვედა სართულზე,საიდანაც გაჰყავდათ კიდეც პატიმრები დასახვრეტად იმავე სართულზე არსებულ სპეციალურ ოთახებში.

თუმცა იმავე სართულზე არამხოლოდ სიკვდილმისჯილები ისხდნენ და ამიტომაც ციხემ იცოდა, ვინ სად იჯდა, ვინ გაჰყავდათ ან შემოჰყავდათ სართულზე და მით უმეტეს, კარგად იცოდნენ სიკვდილსმისჯილების შესახებ ყველაფერი ერთი სართულით ზემოთ არსებულ საკნებში.
სწორედ ზემოთ, სიკვდილმისჯილთა სართულის თავზე, ერთ–ერთ საკანში იხდიდა მაშინ სასჯელს ერთ–ერთი ცნობილი ავტორიტეტი, დიმა ლორთქიფანიძე, რომელიც პარიზში ქართველი პოლიტიკური ემიგრანტების ოჯახში იყო დაბადებული და მისი ანტისაბჭოური შეხედულებებიც სულ არ იყო შემთხვევითი.
მისი საკნის გვერდით კი მაშინ აღმოჩნდა რამდენიმე პატიმარი ქალი,რომლებიც ვაჭრობის გამო იყვნენ დაკავებულები და სანამ მიუსჯიდნენ და ქალთა ზონაში გადაიყვანდნენ, საღამოობით თურმე ღიღინებდნენ ხოლმე.
მათი ღიღინის შესახებ დილა ლორთქიფანიძემ შეიტყო ზედამხედველისგან, რომელმაც ერთხელ უბრალოდ დაიწუწუნა, ნეტა ამ ქალებს რა სიმღერა აუტყდათ, მერე შენიშვნას მე მაძლევს უფროსობაო და ლორთქიფანიძემ ზედამხედველს დაწვრილებით გამოჰკითხა ყველაფერი მოღიღინე პატიმრების შესახებ.
ზედამხედველმა მხრები აიჩეჩა, მაგ ქალებიდან ზოგი ბუღალტერია და ზოგიც მაღაზიის გამყიდველი და მეც ეგ მიკვირს, რო ეგრე კარგად მღერიანო.
მაშინ პატიმარმა დიმა ლორთქიფანიძემ ზედამხედველი უფრო ახლოს მოიხმო და უფრო ჩუმად უთხრა:
– მაგ ქალებმა რომ ხმამაღლა იმღერონ,ქვემოთ თუ გაიგონებენ?
– სად ქვემოთ?
– სიკვდილმისჯილებში.
– დაკეტილ საკნებში, აბა, როგორ გაიგებენ:
– დერეფნებში ხომ გაიგებენ?
– თუ ბოლო ხმაზე იმღერეს ამ ქალებმა, ქვემოთ დერეფანში ალბათ გაიგონებენ.
–ალბათ თუ ნაღდად?
–ალბათ.
–ახლა მომისმინე. შენი პატივისცემა ჩვენზეა,თუ პატარა თხოვნას შეასრულებ.
–სამსახურს ნუ დამაკარგვინებ და….
–სამსახური კი მართლა ისეთი გაქვს, რომ აფსუსი იქნება ამის დაკარგვა, მაგრამ მაინც კარგად მომისმინე.
–აბა გისმენ.
–ქვემოთ, სიკვდილმისჯილებში გეგა ზის, მსახიობი ბიჭია.
–ხო, ვიცი, თვითმფრინავის ამბავზეა, სხვებიც მანდ არიან.
–სხვებს ვერ დავეხმარებით,თანაც ეგ დახმარება გეგას ყველაზე მეტად სჭირდება, ოცდაორი თუ ოცდასამი წლისაა, პატარა ბიჭია.
–ჰო, ვიცი. კინოშიც მყავს ნანახი.
–კინოც გყვარებია და, აბა, ერთი ეგეც მითხარი,იმ გეგას რომ დასახვრეტად გაიყვანენ, რამდენ ხანში გაიგებ?
–ეგრევე გავიგებ,მაგ სართულზე ჩემი ბიძაშვილია ზედამხედველი.
–ნაღდი ბიძაშვილია თუ გარე?
–ალალი.
–მაშინ გაყვანას რომ დაუპირებენ, ეგრევე მეც უნდა ვიცოდე.
–სამსახურს ნუ დამაკარგვინებ, ორი პატარა შვილი მყავს და რომ ვიცოდე მაინც,რას აპირებთ.
–ისეთს არაფერს.
–მე ნუ დამღუპავთ.
–მაინც?
–გეგას რომ გაყვანას დაუპირებენ, ქალებს ვეტყვი, რომ სიმღერა დაიწყონ, რაც შეიძლება ხმამაღლა, ბოლო ხმაზე იმღერონ. ქალებს უთხარი,რომ ჩემი თხოვნაა გეგას გასამხნევებლად, ისიც უთხარი,რომ დასახვრეტად მიჰყავთ.

ზედამხედველი გაოგნებული იდგა და ამ უცანურ პატიმარს უსმენდა, რომლის მსგავსიც აქ არ ენახა, არც იმ სხვა ციხეებში,სადაც ადრე, მანამდე მუშაობდა…..
ისინი ყველანი ერთ დღეს დახვრიტეს, მაგრამ მაქსიმალურად შეეცადნენ, რომ ეს არ გახმაურებულიყო და სამ შემთხვევაში ეს გაცილებით ადვილად გამოუვიდათ, რადგან ბერი და ძმები სპეცილაურად დღისით გაიყვანეს საკნებიდან, რადგან დღისით ციხის ყურადღება უფრო მოდუნებულია და ბოლოს იმ საკნის კარიც გააღეს, რომელშიც გეგა იჯდა.
თუმცა გეგა ფეხზე იდგა და მაინც სჯეროდა, რომ ეს არ მოხდებოდა, მიუხედავად იმისა რომ არ იცოდა, სად მიჰყავდათ ; არ იცოდა, რომ დერეფნის ბოლოს იყო ოთახი, სადაც მას თავისი განაჩენი ელოდა.
იმ დერეფნის გავლისას კი გეგას სიმღერის ხმა შემოესმა სადღაც შორიდან, სადღაც ზევიდან, მაგრამ იფიქრა, რომ მოეჩვენა და ოდნავ, სულ ოდნავ გაეღიმა კიდეც.
ერთი სართულით ზევით კი პატიმარი ქალები მართლა მღეროდნენ, იდგნენ ძალიან ახლოს ჩაკეტილი საკნის სარკმელთან და ხმამაღლა, ტირილით მღეროდნენ.
მათი ხმა, გეგასაგან განსხვავებით, კარგად ესმოდა დიმა ლორთქიფანიძეს, რომელიც გამეტებით ურტყამდა თავისი საკნის კარს დასისხლიანებულ მუშტს და მთელი ციხის გასაგონად ყვიროდა.
დიმას ხმას მაშინვე მოჰყვა დანარჩენი პატიმრების რეაქცია, რადგან რამდენიმე წამში ორთაჭალის ციხის ყველა პატიმარმა იცოდა, რომ ქვემოთ,სარდაფში, ადამიანი დასახვრეტად მიჰყავდათ.
რამდენიმე წამში ციხის ყველა სართული ერთად, ხმის ჩახლეჩვამდე ღრიალებდა გეგას სახელს და როცა გეგა დერეფნის ბოლოს მიუახლოვდა, მთელი ციხე უკვე ისე გუგუნებდა, რომ გეგას გამცილებელმა ზედამხედველებმა საკმაოდ შეშფოთებულებმა გადახედეს ერთმანეთს.
შეიძლება აჩქარების ბრალი იყო ან საბჭოთა იმპერიაში, მართლაც რაღაც ლპეპოდა, რადგან იმ ოთახში შეყვანისთანავე, ჯალათმა , რომელიც გეგას ელოდებოდა, ინსტრუქციის თანახმად, უკნიდან ესროლა სიკვდილმისჯილს, მაგრამ ტყვია არ გავარდა.
პროფესიონალი მკვლელისთვის ეს ისეთი მოულოდნელობა იყო, რომ იგი დაიბნა და აღელდა კიდეც.
გეგა კი, საიდანღაც მოგონილი სიმშვიდით, ჯალათისკენ შემოტრიალდა მაშინვე ღიმილით უთხრა: – ადრე ხალხის დახოცვა მაინც შეგეძლოთ, ახლა ეგეც აღარ შეგიძლიათ.
მკვლელმა მეორედ გაისროლა და უცებ ყველაფერი დამთავრდა.

...
ტვინიდან იგივე აზრები, ფიქრები ნათელ მომავალზე... და რა, მხოლოდ გაურკვეველი წარსული და უფრო გაურკვეველი ხვალინდელი დღე... მაგრამ იმედი... იმედი, რომ ჩემს გვერდით არიან ადამიანები, რომლებიც გამიგებენ... ძეგლებს კი არ დამიდგავენ, კი არ გამამართლებენ... უბრალოდ გამიგებენ... გამიგებენ..."



P.S.#თვითფრინავისბიჭების ისტორია ალბათ ყველამ ვიცით და არ არის საჭირო მგონი შეხსენება ჰო?!... (იმ უსამართლო ქმედების შესახებ რაც მაშინდელმა ე.წ. მთავრობამ ჩაიდინა და უსამართლოდ გაწირა ეს ბიჭები...) - თუ მაინც ასეთები მოიძებნებით რომ არ იცით ეს ისტორია დ. ტურაშვილის “ჯინსების თაობა “ წაიკითხეთ!...

Saturday, 15 April 2017

სააღდგომო ეპისტოლე

              სააღდგომო ეპისტოლე 2017

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მამანო და დედანო, ძმანო და დანო, მკვიდრნო საქართველოისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო,

„შვილო, თუ უფალს მიეახლები სამსახურად,
განსაცდელისათვის გაამზადე თავი… ოქრო
ცეცხლში გამოიცდება, უფლის სათნონი
კი,- მორჩილების ქურაში“(ზირქ. 2,1,5.)
ქრისტე აღსდგა!
გვესმის ყოვლადწმინდა მარიამის, მარიამ მაგდალინელისა და სხვა მენელსაცხებელე დედათა გულანთებული, სულისშემძვრელი ძახილი:
ქრისტე აღსდგა!
სიხარულით აღვსილნი ადასტურებენ წმინდა მოციქულნი, – პეტრე და იოანე და სხვა მოწაფენი ქრისტესნი:
ქრისტე აღსდგა!
ხმობს ასობით სხვა თვითმხილველიც.
დღეს იშვებს ცანი და ქვეყანა, განსცხრების სიონი და ჩვენც, თანაზიარნი ამ ზეიმისა, ვისმენთ აღდგომილი მაცხოვრის დიად სიტყვებს:
,,გიხაროდეთ!“ (მთ.28;9), ,,მშვიდობა თქვენდა!“ (ინ.20;19), ,,ნუ გეშინინ, მე ვარ პირველი და უკანასკნელი მკვდარი ვიყავი და, აჰა, ცოცხალ ვარ უკუნითი უკუნისამდე. მიპყრია სიკვდილისა და ჯოჯოხეთის კლიტენი“ (გამოცხ.1, 17-18) და ,,მოცემული მაქვს მთელი ხელმწიფება ცაში და დედამიწაზე“ (მთ 28;18); ,,ვინც ჩემს სიტყვებს ისმენს და სწამს ჩემი მომავლინებელი, მას აქვს საუკუნო სიცოცხლე“ (ინ.5;24);
რა უნდა იყოს ჩვენთვის ამაზე უფრო ტკბილი და მნიშვნელოვანი მოსასმენად?! იხარეთ, ერნო!
აღდგა ქრისტე და მასთან ერთად ძველი აღთქმის მართალთა სულნიც; ქრისტეს აღდგომით თითოეულ ასევე ჩვენგანს მიეცა შესაძლებლობა სიკვდილის დაძლევისა და სამოთხის დამკვიდრებისა, რადგან მაცხოვრის კაცობრივი ბუნება მოიცავს ადამიანთა მოდგმის მთელ სისავსეს, ერთ კაცად ქმნილ კაცობრიობას და მასში ვართ ჩვენ ყველანი; მაგრამ მის ჰიპოსტასს ასევე აქვს სრული საღვთო ბუნებაც და ეს ორი ბუნება შეურევნელად, შეურწყმელად და განუყოფლად არის ურთიერთდამტევნელი.
დაუშვებელი რომ დავუშვათ და წარმოვიდგინოთ, რომ ძე კაცისას მხოლოდ ადამიანური ბუნება ჰქონოდა და მკვდრეთით აღდგომა შეეძლო, სიკვდილს ოდენ თავის თავთან მიმართებაში დასძლევდა და ისიც მხოლოდ დროებით, როგორც ეს მოხდა, მაგალითად, სინაგოგის მთავრის ქალიშვილის, ნაინელი ქვრივის ვაჟის, ან თუნდაც ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების შემთხვევაში (უფრო ადრე კი ელია წინასწარმეტყველისა და ელისეს მიერ აღსრულებულ სასწაულებში).
მაცხოვართან მიმართებით კი ჯოჯოხეთი მოტყუვდა!
იესოში ვერ შეიცნო ღმერთკაცი. განიზრახა მისი ადამიანური სულის სხვა ადამიანთა სულების მსგავსად შთანთქმა.
მაგრამ მოხდა წარმოუდგენელი და სრულიად საპირისპირო რამ!
იმის ნაცვლად, რომ ჯოჯოხეთს დაენთქა ჯვარცმული ,,მეუფე ჰურიათა,“ თვითონ დაინთქა და შეიმუსრა, რადგან ვერ დაიტია ქრისტე და მის საღვთო ძალას ვერ შეეწინააღმდეგა.
სიკვდილი შედეგია ცოდვისა და ისინი ერთმანეთის გარეშე არ არსებეობენ; ხოლო ვინაიდან მაცხოვარი უცოდველი იყო, მას ვერც სიკვდილი დაეუფლა და ვერც ჯოჯოხეთი; პირიქით, ორივე იძლია და განქარდა.
,,სადა არის სიკვდილო, საწერტელი შენი,
სად არს ,,ჯოჯოხეთო“ ძლევაი შენი“ (1 კორ. 15;55)!
იესო ქრისტე თავისკენ უხმობს ცხონების ყველა მსურველს, ახალშობას ანიჭებს მათ მარადიული სიცოცხლისათვის, და, ამასთან, ცასა და მიწას ახალ ცად და ახალ მიწად გარდაქმნის. ამიტომაც იგი „მეორე ადამად“ იწოდება. „როგორც ერთი კაცის ურჩობით ბევრი გახდა ცოდვილი, ასევე ერთის მორჩილებით ბევრი გახდება მართალი“ (რომ. 5,19), – ვკითხულობთ ახალ აღთქმაში.
უფალთან პირველი და უმთავრესი კავშირის დამყარება ნათლისღებით ხდება. ეს უდიდესი საიდუმლოა და ქრისტეს ჯვარცმას, დაფლვასა და აღდგომასთან თანაზიარებას ნიშნავს; ,,ვინც მოვინათლეთ ქრისტე იესოში, მის სიკვდილში მოვინათლეთ, … ხოლო თუ დავენერგეთ მას სიკვდილის მსგავსებაში, ასევე ვიქნებით მისი აღდგომისას, რადგან ვიცით, რომ მასთან ერთად ჯვარს ეცვა … ჩვენი ძველი კაცი, რათა გაუქმდეს ცოდვის სხეული და აღარ ვიყოთ ცოდვის შვილები”(რომ; 6, 3, 4, 6).
ასე რომ, წყალში სამგზის შთაფლვით ჯოჯოხეთში მაცხოვრის სამი დღით ყოფნას, შემდეგ კი მის ძლევასა და აღდგომას ვემოწმებით, ცოდვათაგან სრულიად ვთავისუფლდებით, ახალ ადამში, ქრისტეში, განახლებულ პიროვნებად ვიბადებით. მირონცხება კი გვანიჭებს სულიწმინდის ბეჭედს. ნათლისღებისა და მირონცხების საიდულმოს მადლმოსილებით იცვლება გული და გონება, ძლიერდება სიყვარული შემოდის სიმშვიდე, უცხო ხდება რისხვა, მძვინვარება, შური, თვალთმაქცობა, ყოველგვარი ბოროტება და უწმინდურება.
თუმცა ასეთი მდგომარეობა შეიძლება დიდხანს არ გაგრძელდეს. ხელმეორედ შობის (ნათლობის) შემდეგ ადამიანი, თავისი სუსტი ნებისყოფის გამო, ხშირად ეშმაკის მახეში კვლავ ებმევა და იწყება საკუთარ თავთან, ჩვენს მანკიერებებთან ჭიდილის პროცესი, რომელიც გარდაცვალებამდე გრძელდება.
გავიხსენოთ მოციქულის სიტყვები: „გონებით რჯულს ვემონები, საქმით კი ცოდვით რჯულს, არ ვაკეთებ კეთილს, რომელიც მსურს, არამედ ვაკეთებ ბოროტს, რომელიც არც მსურს. ჩემს ასოებში (სხეულის ნაწილებში) მე ვხედავ სხვა რჯულს, რომელიც წინააღმდეგობას უწევს ჩემი გონების რჯულს და მხდის ცოდვის რჯულის ტყვედ. უბადრუკი ადამიანი ვარ!“ (მთ.8, 19-24)
ჩვენ რაღა გვეთქმის? თითოეული ჩვენგანის გულიც ასპარეზია კეთილსა და ბოროტს შორის ბრძოლისა; ამასთან, უფრო სუსტი ბრძოლისა, რადგან წინააღმდეგობის გაწევის უნარი ჩვენ ნაკლებად გვაქვს.
რა თქმა უნდა, არიან ისეთი პიროვნებები, თავიდანვე მტკიცე ბარიერს რომ უქმნიან საცდურს; სხვანი უფრო ადვილად თმობენ პოზიციებს, ზოგიერთნი კი საერთოდ ვერ გრძნობენ ნათლობის მნიშვნელობას და მეორე დღესვე ცოდვილ ცხოვრებას უბრუნდებიან.
ეშმაკის საცდურთაგან თავდახსნას კეთილნი და თავმდაბალნი შეძლებენ, – წერენ წმინდა მამები.
წმ. ანტონი დიდი კი ბრძანებს: ვინც არ არის კეთილი, ვერც ვერასოდეს შეიმეცნებს უფალს და იგიც ასეთს თავისთან არ მიიღებს. ერთადერთი საშუალება ღმერთის შეცნობისა არის სიკეთისა და სიყვარულის გზა.
შევნიშნავთ იმასაც, რომ თუ კეთილი საქმე სხვათა დასანახად და დიდებისმოყვარეობისათვის აღესრულება, იგი ცოდვად გარდაიქცევა; ასევეა სიმართლის შემთხვევაშიც: სიმართლით ქედმაღლობა აცამტვერებს სიმართლეს (წმ. იოანე ოქროპირი).
საერთოდ, ცოდვა მომდინარეობს იქედან, რომ ადამიანი თავის თავს უფრო ბრძნად მიიჩნევს, ვიდრე ღვთის მცნებები და კანონებია. ასეთნი საკუთარ წესებსა და კანონებს გვთავაზობენ ან თავის ნააზრევს ღმერთს მიაწერენ. ამ მხრივ ყველაზე დიდი დანაშაული არის ეკლესიაში განხეთქილების ან მწვალებლობის შემოტანა. ამის ჩამდენნი მოწამეობრივი სიკვდილითაც რომ აღესრულონ, ცოდვას ვერ ჩამოიბანენ. ასევე უდიდესი ცოდვაა ქვეყნის მტრობა და მისი ერთიანობის დარღვევის მცდელობა.
ვნებათა შორის ყველაზე დაფარული და გავრცელებული პატივმოყვარეობაა. ასეთი კაცი ყოველთვის საკუთარ „მეს“ უკმევს გუნდრუკს, თუმცა ცდილობს, ეს დაფაროს და სხვათა თვალში კეთილმსახურად გამოჩნდეს.
ეგოისტური „მე“ – სგან განდგომა და საკუთარი თავის პირუთვნელი შეფასება უდიდესი ღირსება და აუცილებელი პირობაა ქრისტიანული ცხოვრებისა.
უპატიებელი ცოდვაა სასოწარკვეთა და სიცოცხლის თვითმკვლელობით დამთავრება. ვინც ამ ნაბიჯს შეგნებულად დგამს, რა თქმა უნდა, ვეღარ უძლებს თავისი ჯვრის სიმძიმეს და გამოსავლს ასეთ ქმედებაშიღა ხედავს. ამ ადამიანებს, სინამდვილეში არასწორი აზროვნება აქვთ. მათი მთავარი შეცდომა ის არის, რომ მარტო ცდილობენ შეეჭიდონ სიძნელეებს და მხოლოდ თავისი შესაძლებობებით სურთ, გაუმკლავდნენ სირთულეებს. ვერ ხვდებიან იმას, რომ ჯვარი იქამდეა მძიმე, ვიდრე მის ტვირთვას მხოლოდ შენს თავზე მინდობილი ცდილობ; როგორც კი ჩვენი პირადი ჯვარი ქრისტეს ჯვრად იქცევა, ანუ ჩვენი ცხოვრება ქრისტეს რწმენითა და მისი მცნებებით განიმსჭვალება, ყოველგვარი დაბრკოლება, ყოველგვარი საშიშროება სხვა განზომილებაში გადადის და აღმოვაჩენთ, რომ უმძიმესი განსაცდელიც კი ჩვენი სიკეთისათვის ყოფილა უფლისგან დაშვებული. ამის შეგნება ჩვენში სიმშვიდეს ასადგურებს და ღვთისადმი იმედით, მადლიერებითა და მორჩილებით განგვაწყობს.
ერთ-ერთი ფილოსოფოსი ადამიანური ურთიერთდამოკიდებულების ორ ძირითად სახეს ასე ახასიათებს: ეს არის კავშირი: ,,მე და შენ“ და ,,მე და ის.“
,,მე და ის“, – ამ ურთიერთობაში ,,მე“ დაშორებულია ,,ის“-ისაგან, ანუ მესამე პირისგან. ,,ის“ უცხოა, სხვაა, ზოგ შემთხვევაში მიუწვდომელიც. აქ ნდობას, ახლობლობას ადგილი არა აქვს. იგია დამოკიდებულება სუბიექტსა და ობიექტს შორის.
რაც შეეხება კავშირს „მე და შენ,“ აქ „შენ“ აღარ არის ობიექტი, არამედ იგიც სუბიექტია, „მე-ს“ თანასწორია და მათ შორის ურთიერთგაგება და სიყვარულია.
თუმცა ეს მდგომარეობა ხშირად იცვლება და ,,შენ“-ს ელის საშიშროება, იქცეს ობიექტად. ამის მიზეზი ცოდვით დაცემული ადამიანური ბუნებაა, ჩვენი ნაკლულევანებაა, ადრე თუ გვიან იმ რეალობის აღმოჩენაა, რომ ნებისმიერ ადამიანთან შეიძლება დამოკიდებულება შეიცვალოს.
ამიტომაც, თუ გვინდა, ამქვეყნად ვიცხოვროთ სწორად, გულგატეხილობისა და სასოწარკვეთილებისაგან დაცულად, ჩვენთვის ,,შენ“, უპირველესად, უნდა იყოს მარადიული, უცვალებელი ღმერთი, რომელიც ყოველთვის დაგვეხმარება დავძლიოთ ნებისმიერი გაუცხოება, ნებისმიერი სირთულე, ყოველი ადამიანური სისუსტე „მე და შენ“ ურთიერთობისა.
დიახ, ქრისტე განყენებული ღმერთი კი არ არის, თითოეულ ჩვენგანს პირად მეგობრობას გვთავაზობს; მისი შეცნობა და მასთან დაახლოება ეკლესიაში და ეკლესიური საიდუმლოებებით არის შესაძლებელი: ევქარისტიით თანაზიარნი ვხდებით მაცხოვრის ჭეშმარიტი ხორცისა და სისხლისა და ვიმსჭვალებით მისი ცხოველმყოფელი მადლით; ამასთან გვეუფლება საკუთარი უღირესების შეგრძნება და მიმტევებელნი ვხდებით. ღვთის დახმარების გარეშე კი ნებისმიერი ადამიანი, როგორც არ უნდა მოინდომოს მან ეს, უკეთესობისკენ ვერ შეიცვლება და ვერც ცოდვისაგან განიწმინდება.
და როგორც მაცხოვარმა საღვთო ძალით შემუსრა ჯოჯოხეთი და სიკვდილი, ჩვენც მხოლოდ ქრისტეს მადლითა და ძალით აღვსილთ ძალგვიძს მათი დამარცხება. ჩვენ ყველას ჩვენი გოლგოთა გველის და ყველა მართალს აღდგომა და ამაღლება.
შესაძლოა გაჩნდეს კითხვა: თუ მაცხოვარმა სიკვდილი დათრგუნა, რატომღა არსებობს იგი ჩვენს ყოველდღიურ ყოფაში?
შეგახსენებთ, რომ აღდგომილი ქრისტე იწოდება როგორც ,,მეორე ადამად,“ ისე ,,პირმშოდ შესვენებულთა“, რადგან გარადაცვლილთა შორის პირველმა მან შეიმოსა უხრწნელი სხეული, ანუ აღდგა იმ სახით, რაც ადამს, ღვთის მადლით, ჰქონდა ცოდვით დაცემამადე. ყველა ჩვენგანი კი მაცხოვრის მეორედ მოსვლისას აღვდგებით უხრწნელი სხეულით; მანამდე კი ხორციელი სიკვდილი იარსებებს, ვიდრე თუნდაც ერთი ადამიანი იქნება დედამიწაზე.
საყოველთაო განკითხვისას კი სიკვდილი საბოლოოდ განქარდება, რადაგან აღარც მატერიალური ცხოვრებაც დასრულდება და ყოველი ადამიანის სულიც, თავის უნივთო სხეულთან შეერთებული, საბოლოო ხვედრს განიკუთვნებს,- მართალნი, დამსახურებისამებრ, ზეციური იერუსალიმის სახდასხვა სავანეში, ცოდვილნი, – მარადიული სატანჯველის სხვადასხვა სამყოფელში.
ხოლო ვიდრე ეს ჟამი დამდგარა, ჯოჯოხეთში მყოფ გარდაცვლილთა მდგომარეობის შეცვლა, ღვთის მოწყალებით, კიდევ არის შესაძლებელი. მათ თავისი თავისთვის არაფრის გაკეთება არ ძალუძთ, მაგრამ ეკლესიის მეოხება, ახლობელთა მხურვალე ლოცვა და მათ სახელზე აღსრულებული ქველისსაქმენი, თვით ჯოჯოხეთიდანაც იხსნის იმ ადამიანთა სულებს, რომლებიც სინანულით აღესრულნენ, თუმც კი საქმით ვერ მოასწრეს ეჩვენებინათ ამის ნაყოფი. ასეთნი გამოხსნადნი არიან და ჩვენი ვალია, ვიზრუნოთ მათთვის.
რაც შეეხება ცხონებულთა მდგომარეობას, მართალია, ისინი ზეცად ნეტარებენ, მაგრამ თავისი რწმენისა და ღვაწლის სრულ საზღაურს ისინიც მაცხოვრის მეორედ მოსვლისას მიიღებენ.
ეს არის მართალმადიდებელი ეკლესიის სწავლება, რომელიც, რა თქმა უნდა, ბევრმა იცის, მაგარამ ბევრსაც სწორი წარმოდგენა არა აქვს, ამიტომაც ამ თემას შევეხეთ.
რაც შეეხება ამქვეყნად მყოფთ: ჩვენ ერთმანეთს ხანგრძლივ და ჯანმრთელ სიცოცხლეს ვუსურვებთ ხოლმე და ამისათვის მეტ-ნაკლებად ყველანი ვზრუნავთ, მაგრამ ყველა არ ზრუნავს იმისათვის, რომ სწორად, ღვთისნიერად იცხოვროს; არადა, სიცოცხლის ხანგრძლივობა უფლის ნებაზეა დამოკიდებული, სწორად ცხოვრება კი,- ჩვენზე. შევთხოვთ ღმერთს, ეს იქცეს ყოველი ადამიანის უმთავრეს მიზნად.
-რით დავიწყოთ?
-სინანულით, როგორც გვასწავლის წმინდა იოანე ნათლისმცემელი, როგორც გვასწავლის იესო ქრისტე.
იგია სასწაულთმოქმედი წამალი ჩვენი სულისა!
სინანული ზეციური ნიჭია და წყალობაა, რომელიც ღვთის მსჯავრსაც კი სცვლის; სცვლის პიროვნებისადმი როგორც შემოქმედის, ისე მოყვასის დამოკიდებულებას. მეძავიც, ქურდიც, ამპარტავანიც, მოშურნეც, ლოთიც, შეურაცხმყოფელიც და მოძალადეც… გულწრფელი სინანულით, აღსარებითა და ზიარებით მთელ ჭუჭყს იცილებს და ბოროტებას ასამარებს.
სინანული სინდისის განწმენდაა, ნათლისღების განახლებაა, ცოდვით მომკვდართა აღდგომა და ღმერთთან კავშირის განახლებაა, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ჩადენილი ცოდვის შესაბამისი იქნება.
უფლისათვის ცოდვის სიმძიმე იმდენად გამამწარებელი არ არის, რამდენადაც გამოსწორების სურვილის არქონა. ხოლო ცოდვით თავმოწონება ან საზოგადოებისთვის მისი თავსმოხვევა გაცილებით დიდი დანაშაულია.
უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ სინანული დროის ხანგრძლივობით არ განისაზღვრება, არამედ განცდის სიღრმით, რადგან სხვა არის სამართალი ღვთისა და სხვა ადამიანისა. ამასათან სულიერ კიბეზე ამაღლება ნებისმიერ პიროვნებას ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან შეუძლია და ამ წუთისოფელში არ არსებობს ბოროტება, არ არსებობს ისეთი დაცემული მდგომარეობა, საიდანაც უფლისაკენ მობრუნება იყოს შეუძლებელი, რადგან არ არსებობს ისეთი ცოდვა, რომელიც აღემატება ღვთის სიყვარულსა და მოწყალებას.
გავიხსენოთ ვნების კვირაში განვითარებული მოვლენები: გამცემელი იუდა, უფლის სამგზის უარმყოფელი, – გულმხურვალე მოციქული პეტრე, შეშინებული მოწაფეები, ერთგული იოანე და მენალსაცხებლე დედები, ფარული ქრისტიანები, პირადი კეთილდღეობისათვის უსამართლო მსჯავრის გამომტანი პილატე, ასევე უსამართლო სინედრიონი, მათ მინდობილი გულუბრყვილო ხალხი და სხვანი.
გავიხსენოთ ორი ავაზაკიც, ისინი ხომ ჯვარცმამდე, ფაქტიურად, მსგავისი ცხოვრებით ცხოვრობდენენ და ერთი ხვედრი ამიტომაც ერგოთ. სულ ბოლო მომენტში, კი, – ჯვარზე, – მათი გზები რადიკალურად გაიყო: ერთმა სინანულითა და ქრისტეს რწმენით სამოთხე დაიმკვიდრა, მეორემ კი, უტიფრობითა და უგულისხმობით, -ჯოჯოხეთი.
თითოეულ ჩვენგანს ჩვენი გზა და ჯვარი გვაქვს. როგორი იქნება იგი და სადამდე მიგვიყვანს?
ინებოს ღმერთმა, ჩვენც ჩვენი გულწრფელობითა და ცოდვის განცდით მაცხოვრის შეწყალების ღირსნი გავხდეთ და საყოველთაო აღდგომის დღეს ჩვენც განგვეცხადოს მისი სიტყვები: ,,მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ სამყაროს შექმნიდან თქვენთვის განმზადებული სასუფეველი“ (მთ.25,34).
გიხაროდეთ, ქართველნო, აფხაზნო, ოსნო, უდინნო, ქურთნო, იეზიდნო, ბერძენნო, რუსნო, უკრაინელნო, აზერბაიჯანელნო, სომეხნო, ებრაელნო, ქისტნო, ჩეჩენნო, ლეკნო და ყოველნო შვილნო ივერიისა, ჩვენს სამშობლოში მკვიდრნო და ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო,
სიკვდილი შეიმუსრა!

ქრისტე აღსდგა!
უფალი მეფობს!

სიყვარულით თქვენთვის მლოცველი ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი
თბილისი,
აღდგომა ქრისტესი
16.04. 2017.

Saturday, 7 January 2017

საშობაო ეპისტოლე

                        საშობაო ეპისტოლე 2017

"იშვა ყრმა მოგვეცა ძე და სახელი მისი ღმერთი ძლიერი, ხელმწიფე, მთავარი მშვიდობისა, მამა მერმეთა მათ საუკუნეთა..." 


ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, საერო დასნო, საყვარელნო დანო და ძმანო, მკვიდრნო საქართველოჲსა და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო!

დღეს ბეთლემი „ცათა მობაძავ იქმნა, ვარსკვლავთა წილ ანგელოზნი ჰქონან მაქებელად და სამყაროს ეფინება საოცარი საგალობელი: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება.“

ყოველნო ერნო, „ აღიპყრენნით ხელნი თქვენნი და ღაღადებდით ღმრთისა მიმართ ხმითა სიხარულისაჲთა, რამეთუ ქრისტე იშვა და ევა მწუხარებისაგან იხსნა;
ქრისტე იშვა და ქუეყანაჲ აღეშენა;
ქრისტე იშვა და ერი განმხიარულდა.” 

ღვთის განკაცების ამ დიად დღეს გავიხსენოთ კაცობრიობის თავდაპირველი ისტორიაც.
ჩვენს წინაპრებს, ადამს და ევას, ედემში ღმერთთან უშუალო კავშირი ჰქონდათ და უფლისმიერი მადლით კიდევ უფრო წარემატებოდნენ. შემოქმედისაგან ისინი განმსჭვალულნი იყვნენ საოცარი სიყვარულით და ამ სიყვარულს თვითონაც გასცემდნენ, რაც თანხობასა და ნეტარებაში მათ მკვიდრობას განაპირობებდა.

აკრძალული ნაყოფის მიღებამ არსებული სრულყოფილი ჰარმონიის რღვევა გამოიწვია რადგან, ეს არ იყო უბრალო ქმედება; იგი იყო გამოვლინება იმისა, რომ რეალურად ადამმა და ევამ უარი თქვეს საღვთო წესრიგზე, ბოროტი ძალისაგან შთაგონებულ ამპარტავნებას, პატივმოყვარეობასა და შურს დაემონნენ და კეთილისაგან უკეთურისაკენ მიიდრიკნენ. ასე შემოვიდა ცოდვა და ცოდვასთან ერთად სიკვდილი. ასე დაეცა ადამიანური ბუნება. ადამთან ერთად დაეცა მისი განმგებლობისა და პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფი მთელი ხილული სამყარო. სულიწმინდის მადლი პირველმშობლებს განეშორა, რადგან აღარ ჰქონდათ მისი დატევნის უნარი; შედეგად კი დადგა ხორციელი და, რაც მთავარია, სულიერი სიკვდილი.

მადლისაგან განძარცვულ პირველმშობელთა ბუნება ხრწნას დაექვემდებარა, ამასთან, მათ დაეკარგათ ჭეშმარიტი თავისუფლების განცდა და დაუმახნიჯდათ როგორც გარემოს, ისე ღმერთის აღქმა. გაუკუღმართებული აზროვნების გამო კი მათში გაბატონდა ხორციელი ცნობიერება.
სიკეთის მოკლებით გაჩენილ ცოდვათა ერთობლიობა არის ადამიანის ბუნების დაცემული მდგომარეობა, რომელსაც შედეგად მოჰყვა სიკვდილი. ყოველივე ეს კი ათასწლეულების მანძილზე იმემკვიდრა კაცთა მოდგმამ.

მხოლოდშობილი ძე ღვთისა ოცი საუკუნის წინ მოევლინა სამყაროს.
უჟამო იგი ჟამიერ იქმნა, დაუსაბამო დასაბამიერი გახდა, უხილავი ღმერთი ბაგაში მწოლ ჩვილ ყრმად წარუდგა სოფელს, რათა მარადიული სიკვდილისათვის განწირული ადამის მოდგმა თავისი თავის მსხვერპლად გაღებით გამოეხსნა და ცოდვათა აღხოცვით ჩვენთვის დაკარგული მადლისმიერი ძეობა დაებრუნებინა.

„ეჰა, დიდებული და საკვირველი საიდუმლო,
ეჰა, შესაძრწუნებელი სალხინებელი!” (შობის საგალობელი).

იესო ქრისტემ დაცემული კაცობრივი ბუნება თავის ღვთაებრივ პიროვნებაში შეურევნელად შეიერთა, განაახლა, სამების წიაღში ზეცად აიყვანა და საღრმთო დიდებით განაბრწყინა.

თუ პირველ მშობელთაგან მემკვიდრეობით მივიღეთ ხრწნილება და სიკვდილი, ახალ ადამში, ქრისტეში, ყოველმა ადამიანმა ცოდვისგან სრული გათავისუფლების მადლი მიიღო.

ამისთვის კი, პირველ რიგში, აუცილებელია, ყოვლადწმინდა სამებისადმი ჭეშმარიტი რწმენით ნათლობა, აღმსარებლობა იმისა, რომ იესო ქრისტე არის ბუნებითი ღმერთი, ყოვლადწმინდა სამების მეორე ჰიპოსტასი, მხსნელი და მაცხოვარი სულთა ჩვენთა.

ნათლობა არის მეორე ადამის, ქრისტეს, წიაღში ჩვენი სულიერი შობა, რომლის დროსაც გვენიჭება სულიწმინდის ბეჭედი, ის ცხოველმყოფელი მადლი, რაც დავკარგეთ სამოთხეში და, ამასთან, გვენიჭება უნარი მარადიული ნეტარი ცხოვრების მოპოვებისა.

ახალი ადამის შობით კაცობრიობა ერთმანეთისაგან არსებითად განსხვავებულ ორ ნაწილად გაიყო და დაიწყო სრულიად ახალი ერა.

თუ პირველმა ადამმა და მისმა მოდგმამ ჩადენილი ცოდვის გამო, დიდი სინანულის მიუხედავად, ვერ შეძლო დანაშაულის გამოსყიდვა, ახალი ადამის განხორციელების შედეგად, მრავალჯერადი შეცოდების შემთხვევაშიც, ქრისტიანს, ვიდრე ხორციელ აღსასრულამდე, ჭეშმარიტი სინანულით, აღსარებითა და ზიარებით ყოველთვის შეუძლია ნათლობით მიღებულ მადლთან და სულიერ მდგომარეობასთან დაბრუნება.

უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ ნათლობა არის მხოლოდ დასაწყისი ჩვენი განღმრთობისა. შემდგომი წინსვლა კი ჩვენი პირადი ღვაწლითა და ეკლესიური ცხოვრებით უნდა განხორციელდეს.
ქრისტეს შობა კაცობრიობისთვის უდიდესი დღესასწაულია, რასაც სრულად ვეზიარებით, როდესაც ნათლისღების გზით ახლად ვიშვებით ქრისტეში. ამიტომაც არის, რომ შობის დღესასწაულს უშუალოდ მოჰყვება ნათლისღების დღესასწაული, რომელიც განუყოფლად არის მასთან დაკავშირებული.

ნათლობით მიღებული მადლი არის უდიდესი საბოძვარი, რომელსაც სრულად ვერც ვაცნობიერებთ. ეს განსაკუთრებით ითქმის ძველი ადამიდან ახალი ადამის წიაღში მოქცეულებზე, რომლებიც პირველ ნაბიჯებს დგამენ რწმენის გზაზე და მათზეც, რომელნიც დიდი ხნის წინ მოინათლნენ, მაგრამ ცოდვის მრავალგვარობას ხშირად ვერ აცნობიერებენ, რამეთუ მხოლოდ პირადი შეხედულებებითა და ამქვეყნიური კანონებით განსჯიან.

აუცილებელი კი არის წმიდა წერილში გაცხადებული მცნებებისა და სწავლებების გათავისება, რათა სულიერი თვალი აგვეხილოს და ავის და კარგის, ცოდვის და მადლის გარჩევა ვისწავლოთ.
საღვთო ზნეობა იმდენად მაღალია, რომ მას თვით ყველაზე დახვეწილი და რაციონალური სახელმწიფო კანონებიც კი ვერ შეედრება.

სახელმწიფო კანონით დანაშაულად არ მიიჩნევა, მაგალითად, პატივმოყვარეობა, დიდებისმოყვარება, განკითხვა, მრისხანება, შური, ამპარტავნება, ეგოიზმი, შიში, მტრობა, სიძულვილი … ვიდრე მათი გამოვლინებები სერიოზულად არ დააზარალებს სხვას.

უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ კი განგვიცხადა, რომ ცოდვად ითვლება არა მარტო არასწორი საქციელი, არამედ მოყვასის მიმართ სიყვარულისა და კეთილგანწყობის არქონა, უკეთური ფიქრიც და ბოროტი გულისთქმაც და მოგვიწოდა, რომ ნებისმიერი ცოდვა დასაწყისშივე, ანუ გონებასა და გულში გაჩენისთანავე, აღმოვფხვრათ, რათა იგი ქმედებად არ იქცეს და მისგან თავის დაღწევა არ გაგვიძნელდეს.

როგორც საღვთო, ისე სახელმწიფო კანონები რა თქმა უნდა, ზრუნავს ადამიანზე, მაგრამ მათში განსხვავებულობას წარმოშობს პიროვნების აღქმა და მასთან დაკავშირებული ხედვის პერსპექტივები.
ეს განსაკუთრებით ითქმის ისეთ ქვეყნებზე, სადაც ზოგიერთი სახელმწიფო კანონი ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს და მცდელობები აქვთ, ცოდვა ოფიციალურად ნებადართული გახადონ. პარალელურად ხდება ისიც, რომ ტელევიზია, მასმედია, სოციალური ქსელები… ამა თუ იმ უწესობას ხშირად მიმზიდველად და საინტერესოდ გვისახავენ და ხელს უწყობენ მათ პროპაგანდას.
სამოთხეში დაწყებული ისტორია ცოდვის კეთილად წარმოჩენისა და შეთავაზებისა, გრძელდება; აკრძალული ნაყოფი ადამიანს კვლავაც მიმზიდველად ეჩვენება, ისევე, როგორც სამოთხეში: „იყო საჭმელად ის ხე თვალწარმტაცი და საამური სანახავად” (დაბ. 3,6).

რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია, რომ მაშინ, როდესაც ამდენი ხანია ქრისტე ჩვენს განსაკურნებლად მოვიდა, დღესაც მსოფლიოს მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ ურწმუნოების ცოდვაშია; ეს გასაკვირი არც არის, რადგან ჭეშმარიტ სარწმუნოებას ყოველ დროში მხოლოდ ჭეშმარიტი ღვთის ნების აღმსრულებელი ადამიანები ინარჩუნებდნენ.

ეს რჩეული სამწყსო არის პიროვნულ მაღალ ღირებულებათა მაღიარებელი კრებული, იმ პირთა ერთობა, რომელთათვისაც ღმერთი მარტო ძალა კი არ არის, რომელიც ძველ აღთქმაში ზოგჯერ ცეცხლის, გრიგალის, ღრუბლის, მგრგვინავი ხმის სახით… ეცხადებოდა, არამედ ბეთლემს შობილი ემანუელი (რაც ნიშნავს: „ჩვენთან არს ღმერთი”), მეორე პირი ყოვლადწმინდა სამებისა, რომელმაც წინ სწორედ პიროვნული ღირსებები წამოსწია, დაგვანახა რა, რომ ნებისმიერი ჩვენგანი უნიკალურია, განუმეორებელია, ხატია უფლისა და სული წმინდის მადლით ღვთის მადლისმიერი ძეობის აღდგენა ძალუძს.

პიროვნება ასეთ სიმაღლეზე არასოდეს არავის აუყვანია!
მაცხოვარმა ჩვენმა ყველა ადამიანური ტკივილი, თვით ჯვარცმით სიკვდილიც, კაცობრივი ბუნებით ჭეშმარიტად განიცადა, რათა, მწუხარებაში მყოფ ნებისმიერ ჩვენგანს, ჰყავდეს მისი სალმობის თანამოზიარე უფალი, რომელიც ღვთაებრივი სიყვარულითა და სიხარულით აღავსებს ყველას.
დღეს ამ უჩვეულო სიხარულის დღეა; დღეს განსაკუთრებით ხარობენ ბავშვები, რადგან უფალი მათ მსგავსად ჩვილად მოევლინა სამყაროს; დღეს ხარობენ დედები, რადგან დედამ, – ახალმა ევამ, ახალი ადამი, – ღმერთი შვა.

მიუხედავად მრავალსაუკუნოვანი განსაცდელისა და ათასგვარი ჭირ-ვარამისა, უფლის შეწევნითა და ღვთისმშობლის მეოხებით საქართველო კვლავაც ქრისტეს გზას ერთგულად მისდევს და შობის მახარობელია.

ერთსულოვნებით განვძლიერდეთ ქართველნო, ოსნო, აფხაზნო, ბერძენნო, რუსნო, უკრაინელნო, ებრაელნო, ასირიელნო, უდინნო, სომეხნო, აზერბაიჯანელნო, ქურთნო, ქისტნო, ლეკნო, ჩერქეზნო და ღვთივკურთხეული ჩვენი მიწის ყოველნო მკვიდრნო, უფალი ჩვენთან არის!
რა თქმა უნდა, მე ვიცი, როგორ უჭირს ჩვენს ხალხს, რამდენი განსაცდელითა და ტკივილითაა სავსე ეს წუთისოფელი, მაგრამ მწამს ისიც, რომ მიუხედავად მრავალი სიმძიმისა და დაბრკოლებისა, ჩვენი ერი ღირსეულად გაივლის გოლგოთის გზას და უფალთან ერთად აღდგება და გაიხარებს.
მამანო და დედანო, დანო და ძმანო, უხუცესნო და ყრმანო, უძლურნო და სნეულნო, საპყრობილესა და საავადმყოფოში მყოფნო, _ ქრისტე იშვა!

მწყემსნი და მოგვნი ღამის წყვდიადში ვარსკვლავის შუქზე მიიჩქარიან ბეთლემის გამოქვაბულისაკენ. დაე, ჩვენც, ანთებული სანთლებით, მათთან ერთად რწმენით მივეახლოთ ახლადშობილ ყრმას და ოქროს, გუნდრუკისა და მურის ნაცვლად მივართვათ მონანული, მოსიყვარულე და მადლიერებით სავსე გული, რათა ჩვენშიც იშვას ყრმა ახალი, პირველსაუკუნეთა ღმერთი!


ღმერთი წყალობისა და მოწყალებისა, ღმერთი სიყვარულისა და მშვიდობისა იყოს თქვენთან, ამინ!

სიყვარულით თქვენთვის მლოცველი
ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

შობა ქრისტესი,
თბილისი,  2016/2017წ.
7 იანვარი 2017წ.

წიგნები

  რუპი კაურის - "მზე და მისი ყვავილები" ამჯერად მინდა ამ ძალიან საინტერესო და უცნაური სტილის მწერლის ამ წიგნზე გიამბოთ  კვლავაც პო...