ურსულა კ. ლე გუინი – "ვინც ომელასიდან მიდის"
ზარების გუგუნით, მერცხლები რომ ცაში ატყორცნა, ქალაქ ომელასში ზაფხულის ფესტივალი შემოვიდა, ზღვის ბრწყინვალება თავს ჯიღასავით რომ დადგომოდა. ნავსადგურის გემსართავები დროშებით აჭრელებულიყო. ქუჩებში წითელსახურავებიან სახლებსა და კედლებს შორის, ხავსმოკიდებულ ბაღებსა და ხეივნებში, შესანიშნავი პარკებისა და საერთო საცხოვრებლების მიღმა პროცესია მიემართებოდა. ბევრი რიგიანად გამოიყურებოდა: ხანდაზმულებს გრძელი იისფერი თუ ნაცრისფერი უხეში მანტიები ეცვათ, იყვნენ დარბაისელი გამოცდილი ოსტატებიც, მშვიდ, მხიარულ ქალებს, ჩვილები წამოეყვანათ და გზადაგზა მუსაიფობდნენ. სხვა ქუჩებში მუსიკა უფრო მძლავრად ისმოდა. გუგუნებდა გონგი, ჟღერდა დაირა, ხალხი ცეკვა-ცეკვით მიდიოდა; ბავშვები აქეთ-იქით დაძვრებოდნენ. მათი ხმამაღალი შეძახილები მერცხლების ჯვარედინი სრიალის მსგავსად ზემოთ ადიოდა, მუსიკას და სიმღერას ლამის ფარავდა. მთელი პროცესია ქალაქის ჩრდილოეთისაკენ მიემართებოდა, სადაც უზარმაზარ სარწყავ მდელოებზე, გრინ ფილდებს რომ უწოდებდნენ, გოგო-ბიჭები გამჭვირვალე ჰაერში ტიტვლებივით ჩანდნენ. ბიჭებს ფეხები ტალახში ამოსვროდათ. გრძელი, მოქნილი მკლავებით თავიანთ შეუკაზმავ ოჩან ცხენებს ავარჯიშებდნენ დოღისათვის. ცხენებს მხოლოდ აღვირი ეკეთათ, ისიც ლაგამის გარეშე. ფაფრებში ვერცხლისფერი, ოქროსფერი და მწვანე ლენტები ჰქონდათ ჩაწნული. ნესტოებათრთოლებულნი და ძალზე აღგზნებულნი ყალყზე დგებოდნენ ერთმანეთისთვის თავმოსაწონად. ცხენი ერთადერთი ცხოველია,
ჩვენი ცერემონიები რომ საკუთარივით შეითვისა. შორს, ჩრდილოეთით თუ დასავლეთით წამომართული მთები ნახევრად გარშემორტყმოდნენ ომელასს. დილის ჰაერი ისეთი კამკამა იყო, რომ „თვრამეტი მწვერვალის“ თოვლის ჯიღა მზით გაჩახჩახებულ კარგა დიდ მანძილზე კვლავაც თეთრი და ოქროსფერი ცეცხლით იწვოდა ლურჯი ცის ქვეშ. ქარი ისეთი ძალით ჰქროდა, რომ იპოდრომის გარშემო დამაგრებულ დროშებს დროდადრო ტკაცან-ტკაცანით აფრიალებდა ამ ვრცელ მწვანე მდელოებზე, სიჩუმეს რომ მოეცვა. შიგადაშიგ, ხან შორიდან, ხან ახლოდან მოისმოდა მუსიკის ხმა, ხოლო ჰაერის ნაზი მაცოცხლებელი სურნელი ერთ ადგილზე დაგუბებული, ზარების დიდებულ მხიარულ რეკვაში ინთქმებოდა. მხიარულსაო?! თუმცა რა უნდა თქვას ადამიანმა მხიარულებაზე? როგორ უნდა დავახასიათოთ ომელასის მკვიდრები? ისე კი მათ უბრალო ადამიანები არ ეთქმოდათ, თუმცა, იცით, მიუხედავად ამისა, მაინც ბედნიერები იყვნენ. მაგრამ მათ წასახალისებელ სიტყვებს მეტად აღარ ვიტყვით, ყველანაირი ღიმილი მოძველდა. ასეთი დახასიათების შემდეგ ადამიანს უნებურად მეფე მოაგონდება, რომელიც ჩინებულ ულაყზე ამხედრებული და კეთილშობილი რაინდებით გარშემორტყმული, ან ოქროს ტახტრევანში მიბრძანებული, ძლიერკუნთება ქონები რომ დაატარებენ. თუმცა არავითარი მეფე იქ არ იყო, ისინი არც ხმლებს იქნევდნენ და არც მონები ჰყავდათ, ბარბაროსები სულაც არ გახლდნენ. მათი საზოგადოების წესები არ ვიცი, მაგრამ, ვეჭვობ, რომ მეტისმეტად ცოტანი იყვნენ, რადგან მონარქიისა და მონობის გარეშეც იოლად ახერხებდნენ ცხოვრებას. ახლაც ასევე ცხოვრობენ სააქციო ბირჟის, რეკლამის, საიდუმლო პოლიციისა და ბომბების გარეშე. და მაინც, ვიმეორებ, ისინი უბრალო ადამიანები არ იყვნენ, არც ყურთასმენის დამატკბობელი მწყემსები, კეთილშობილი ველურები ან ირონიული უტოპისტები. სირთულით ჩვენ არ ჩამოგვივარდებოდნენ. უბედურება ის არის, რომ ცუდი ჩვევა გვაქვს, როცა პედანტებისა და სოფისტების მიერ წაქეზებულნი ბედნიერებას დიდ სისულელედ მივიჩნევთ. მხოლოდ ტკივილია ინტელექტუალური, მხოლოდ ბოროტებაა საინტერესო. ხელოვანის ღალატია უარის თქმა ბოროტების ბანალობის აღიარებასა და ტკივილის საშინელ უსასრულობაზე. თუ იოლად ვერ დასძლევ მათ, მაშინ აჰყევი, თუ გტკივა, არა უშავს რა, დაე კვლავაც გეტკინოს, მაგრამ სასოწარკვეთის ქება სიამოვნების დადანაშაულებაა. ძალმომრეობასთან დაახლოება ყველა სხვა დანარჩენის ხელიდან გაშვებას ნიშნავს. ჩვენ ხომ თითქმის დავკარგეთ შენარჩუნების უნარი, ხელიდან გავუშვით ყველაფერი. ჩვენ მეტად ვეღარ აღვწერთ ბედნიერ ადამიანს და ვერც სიხარულს ვიზეიმებთ. აბა რა გითხრათ ომელასებზე? ისინი მიამიტი და ბედნიერი ბავშვები არ იყვნენ, თუმცა მათ ბავშვებს სინამდვილეში ბედნიერები ეთქმოდათ. ისინი მოწიფული, საზრიანი, გულფიცხი ზრდასრული ადამიანები გახლდნენ, რომელთაც საცოდავი ცხოვრება არ ჰქონდათ, რა საოცარიც არ უნდა იყოს, მაგრამ ნეტა შემეძლოს უკეთ აღვწერო ეს. ნეტა შემეძლოს თქვენი დარწმუნება. ომელასი ჩემი ნაამბობიდან რომელიღაც ზღაპრულ ქალაქს წააგავს, ოდესღაც ძალიან შორს რომ არსებობდა. იქნებ უმჯობესი ყოფილიყო, თუ მას ისე წარმოიდგენდით, როგორც თქვენი ფანტაზია ინებებდა, იმ ვარაუდით, რომ შესაფერის ადგილს დაიკავებდა.
რასაკვირველია, ყველას ვერ გასიამოვნებთ. მაგალითად, რა აზრის ხართ ტექნიკაზე? ეს რომ არა, არ იქნებოდა მანქანები ქუჩებში ან ვერტმფრენები ქუჩების თავზე; ამ ფაქტიდან გამომდინარე ომელასის ხალხი ბედნიერი ხალხია. მათი ბედნიერება კი ემყარება სწორ არჩევანს. იმის თაობაზე, თუ რა არის აუცილებელი ან არა აუცილებელი, რა უვნებელი, და რა მავნებელი. მიუხედავად ამისა, რაც შეეხება შუა კატეგორიას, კომფორტს, ფუფუნებას, სიმდიდრეს და ა. შ. სავსებით შესაძლებელია, რომ ამ ხალხს არ აკლია არც ცენტრალური გათბობა, მეტრო, სარეცხი მანქანები და არც რიგი სხვა შესანიშნავი მოწყობილობებისა, რაც აქ ჯერ არც კი გამოუგონებიათ: მცურავი შუქურის წყაროები, ელექტროენერგია საწვავის გარეშე, მკურნალი ჩვეულებრივი სიცივისა. შესაძლოა ამათგან არც არაფერი ჰქონდეთ: ამას არა აქვს მნიშვნელობა. მე კი ვფიქრობ, რომ ფესტივალის წინ ბოლო დღეების განმავლობაში ხალხი ომელასში სანაპიროს ყველა ქალაქიდან ძალზე სწრაფმავალი პატარა მატარებლებით და ორსართულიანი ტრამვაებით ჩამოდის და რომ ომელასის რკინიგზის სადგური სინამდვილეში ყველაზე კოხტა შენობაა ქალაქში, თუმცა იმაზე ჩვეულებრივი, ვიდრე გასაოცარი ფარ-მერზ მარკეტი, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მატარებლებითაც დავაჯილდოვეთ, ვშიშობ, რომ ზოგიერთ თქვენგანს ალბათ ჰგონია, რომ ომელასი თვალთმაქცობაა - ათასობით ღიმილი, ზარები, აღლუმები, ცხენები და ა. შ. თუ ასეა, გეთაყვა, უყოყმანოდ დაუმატეთ ორგიები, თუ ორგიები უშველის ამ ამბავს, ამის მიუხედავად უარი ვთქვათ იმ ტაძრებზე, საიდანაც ლამაზი შიშველი მღვდლები და არაქრისტიანი მონაზვნები გამოდიან თითქმის უკვე მზადმყოფნი შესაწყვილებლად ნებისმიერ კაცსა თუ ქალთან, შეყვარებულსა თუ უცხოსთან, თუკი ვინმეს სურს, გადაეშვას აღვირახსნილობის მორევში. პირველად სწორედაც ამ აზრის ვიყავი. ისე კი ნამდვილად უკეთესი იქნებოდა, ტაძრები რომ არ გვქონდეს ომელასში, ან თუნდაც ისეთი ტაძრები მაინც, სადაც ადამიანები არიან. დიახ, გვინდა რელიგია, სამღვდელოება კი არა, რასაკვირველია, ტიტველ ლამაზმანებს შეუძლიათ ქუჩებში იბორიალონ და ღვთაებრივი სუფლესავით შესთავაზონ საკუთარი თავი შიმშილით შეჭირვებულთ და ვნებით აღტყინებულთ. დაე, შეუერთდნენ ისინი პროცესიას. დაე, დაირები დაუკრან შეწყვილებულთა თავზე და სურვილის სადიდებლად აახმიანონ გონგები და არცთუ უმნიშვნელო საკითხი -დაე, ამ მომხიბვლელი რიტუალების ნაყოფი ყველას უყვარდეს და იზრუნონ მათზე. ერთ რამეში კი დარწმუნებული ვარ - ომელასში არაფერი ითვლება ცოდვად თუ დანაშაულად. მაშ მეტი რაღა გინდათ? პირველად გავიფიქრე, რომ ნარკოტიკები აქ არ იქნებამეთქი, მაგრამ ეს ხომ პურიტანობაა. მათთვის, ვისაც ეს მოსწონს, შესაძლოა თრიაქის შეუწყვეტელი სიტკბოება ქალაქის გზებზე მოედინება, თრიაქის, რომელსაც პირველად დიდზე დიდი სიმსუბუქე და აღმაფრენა მოაქვს გონებისა და კიდურებისათვის, შემდეგ რამდენიმე საათი უაზრო მიბნედილობა და ბოლოს სამყაროს ნამდვილი მისტერიული და ფარული საიდუმლოებების გასაოცარი ხილვები, ისევე როგორც სექსუალური აღტყინება. და ეს არ არის მავნე ჩვევის განმავითარებელი. მათთვის, ვისაც უფრო მოკრძალებული გემოვნება აქვს, ვფიქრობ, ლუდიცაა აუცილებელი. კიდევ რა, კიდევ რა მიეკუთვნება მხიარულ ქალაქს? რა თქმა უნდა, გამარჯვების შეგრძნება და ვაჟკაცობის ზეიმი, რადგან ჩვენ სამღვდელოების გარეშე გავახერხეთ ცხოვრება. მოდით, ჯარისკაცებსაც ავუაროთ გვერდი. ხოცვაჟლეტაზე აგებული სიხარული სიხარულის მართებული ფორმა როდია. ეს შემაძრწუნებელია და ბანალური, უსაზღვრო კმაყოფილების, გამარჯვების გრძნობა, განცდილი არა ვინმე გარეშე მტრის წინააღმდეგ, არამედ დედამიწაზე ყველაზე შესანიშნავ და უმშვენიერეს არსებასთან ურთიერთობაში, დიდმშვენიერებაა სამყაროს ზაფხულისა. აი, ომელასის ხალხს რა უვსებს სიამაყით გულებს. დიახ, გამარჯვება, რომელსაც ისინი ზეიმობენ, არის სიცოცხლის გამარჯვება. ვფიქრობ, რომ ბევრ მათგანს თრიაქის მიღება სულაც არ სჭირდება.
აი, პროცესიების უმრავლესობამ უკვე მიაღწია გრინ ფილდებს. სურსათ-სანოვაგის მომმარაგებელთა წითელი და ლურჯი კარვებიდან კერძის მადისაღმძვრელი სუნი მოედინება. გოგო-ბიჭებს სახე ტკბილით აქვთ გაწეპილი. ერთ კაცს ჭაღარა წვერში ღვეზელის ორიოდე ნამცეცი გასჩენია. ქალ-ვაჟნი თავ-თავიანთ ცხენებზე შემსხდარნი სტარტის ხაზთან იწყებენ დაჯგუფებას, პატარა, მსუქანი მოხუცი ქალი იცინის, ყვავილებს აძრობს კალათიდან. წერწეტა ყმაწვილ კაცებს მისი ყვავილები პრიალა თმაში აქვთ გარჭობილი. ცხრა თუ ათი წლის ბიჭი განზე მარტო ზის და ხის ფლეიტაზე უკრავს. მოსასმენად გაჩერებული ადამიანები უხმოდ იღიმებიან და უხმოდ მიჩერებიან ბიჭს, მაგრამ ის დაკვრას არ წყვეტს და ვერც ხედავს მათ. მისი მუქი თვალები მელოდიის ტკბილ, ნაზ ჯადოს დაუბინდავს. და როცა დაამთავრა დაკვრა, ნელ-ნელა დაუშვა ძირს ხელები, ფლეიტა რომ ეჭირა.
თითქოს ეს მცირე ხნით ჩამოვარდნილი სიჩუმე იყო ნიშანი - სტარტის ხაზთან ახლოს მდებარე პავილიონიდან საყვირის ხმა მოისმა, მბრძანებლური, ყურთასმენის წამღები და სულისშემძვრელი. ცხენები ყალყზე დგებიან ჩამოქნილი კოხტა ფეხებით, ზოგი პასუხად ჭიხვინებს კიდეც. ყმაწვილი მხედრები ცხენებს კისრებზე ხელს დინჯად უთათუნებენ და ჩუმი ხმით აშოშმინებენ: „წყნარად, წყნარად, არაფერია, ჩემო ლამაზო, ჩემო იმედო...“
ისინი სტარტის ხაზთან მწკრივდებიან. იპოდრომის გასწვრივ ბრბო აყვავებულ მინდორს ჰგავს ქარში. ზაფხულის ფესტივალი დაიწყო.
გჯერათ? ფესტივალის, ქალაქის და მხიარულების მიმართ დადებითად ხართ განწყობილი? არა? მაშინ ნება მიბოძეთ კიდევ ერთი რამე აგიწეროთ.
ნახევარსარდაფში, ომელასის ერთ-ერთი შესანიშნავი საერთო საცხოვრებელი სახლის ქვეშ ან იქნებ მისი ერთ-ერთი დიდი კერძო სახლის სარდაფში არის ოთახი. მას ერთი დაკეტილი კარი აქვს, სარკმელები კი არა. სარდაფის მეორე მხარეს, ობობას ქსელმოდებული სარკმლიდან ოდნავ აღწევს ნაცრისფერი სინათლე ბზარებს შორის, პატარა ოთახის ერთ კუთხეში წყვილი გრძელი ჯაგრისი ჭუჭყისაგან გახეშეშებული აყროლებული ჯაგრისით დაჟანგულ ვედროსთან ახლოს დგას. იატაკი მიწისაა, ოდნავ ნესტიანი შეხებისას, როგორც სარდაფის ტალახია ხოლმე ჩვეულებრივ. ოთახი სამი ნაბიჯის სიგრძისაა, ორი ნაბიჯის სიგანის, როგორც ცოცხისა თუ გამოუსადეგარი სამუშაო იარაღების სათავსო. ოთახში ბავშვი ზის. ეს შეიძლება ბიჭი ან გოგო იყოს. ექვსი წლისას ჰგავს, მაგრამ სინამდვილეში ათისაა. გონნაკლულია, შესაძლოა ასეთიც დაიბადა, ან შესაძლოა შიშის, შიმშილის ან უპატრონობის გამოა გონნაკლული. იგი ცხვირს იჩიჩქნის და დროდადრო ხელს უაზროდ კიდებს ფეხის თითებს თუ სასქესო ორგანოებს, მოკუზული ზის ვედროსა და წყვილი ჯაგრისიდან ყველაზე შორ კუთხეში. მას ჯაგრისების ეშინია. ისინი თავზარსა სცემენ. თვალებს ხუჭავს, მაგრამ იცის, რომ ჯაგრისები მაინც იქ არიან, კარი კი დაკეტილია და არავინ არ მოვა. კარი მუდამ დაკეტილია და არავინ არასოდეს მოდის. თუმცა ბავშვს არა აქვს დროის შეგრძნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ზოგჯერ კარი საშინელი ჭრიალით იღება და ერთი ან რამდენიმე ადამიანი ჩნდება, რომელიმე შეიძლება შემოვიდეს კიდეც და წიხლი ჰკრას ბავშვს, ადგომა რომ აიძულოს. სხვები არასოდეს არ მიდიან ახლოს, შეშინებული და ზიზღიანი თვალებით აცქერდებიან, საჭმლის თასი და წყლის დოქი საჩქაროდ ივსება, კარი ისევ იკეტება, თვალები უჩინარდება, ხალხი კართან არასოდეს არაფერს ამბობს, მაგრამ ბავშვი, ვინც ამ სამუშაო იარაღების სარდაფში ყოველთვის არ ცხოვრობდა და ვისაც შეიძლება კიდევ ახსოვს მზის სხივი და დედის ხმა, ზოგჯერ ლაპარაკს იწყებს. „კარგად მოვიქცევი, - ამბობს ხოლმე, - ოღონდ გარეთ გამიშვით, გეხვეწებით, კარგად მოვიქცევი!“ ისინი კი არასოდეს არ პასუხობენ. ადრე ღამღამობით ბავშვი შველას ითხოვდა და ძალიან ბევრს ტიროდა, მაგრამ ახლა მხოლოდ წკმუტუნით იძახის: „ეააა, ეააა“. თანდათან უფრო და უფრო უკლო ლაპარაკს, გაჩხინკულს ფეხებზე კუნთები საერთოდ არც უჩანს, მუცელი გამობერია, დღეში ნახევარ თას ცხიმიან ხორბლის საჭმელზე ცოცხლობს. შიშველია, დუნდულები და ბარძაყები ჩირქიანი იარებით აქვს დაფარული, რადგან გამუდმებით თავის საკუთარ განავალში ზის.
ომელასში ყველამ იცის, რომ იგი იქ არის. ზოგი იყო კიდეც სანახავად, სხვები მხოლოდ იმის ცოდნითაც კმაყოფილდებიან, რომ იგი იქ არის, და ისიც იციან, რომ იქ უნდა იყოს. ზოგ მათგანს ესმის, თუ რატომ, ზოგს არა, მაგრამ ყველამ იცის, რომ მათი ბედნიერება, მათი ქალაქის სილამაზე, მათი მეგობრობის სინაზე, მათი შვილების ჯანმრთელობა, მათი სწავლულების სიბრძნე, მათ შემოქმედთა ოსტატობა, მათი მოსავლის სიუხვე და ციურ ამინდთა სიკეთეც მთლიანად დამოკიდებულია ამ ბავშვის შემზარავ ტანჯვაზე.
ჩვეულებრივ ასე უხსნიან ხოლმე ბავშვებს, როდესაც ისინი რვა თუ თორმეტისა ხდებიან და მიხვედრის უნარს იძენენ. ბავშვის სანახავად უმეტესად ახალგზრდობა მოდის, თუმცა საკმაოდ ხშირად დიდებიც კი, ზოგი ხელმეორედაც. იმის მიუხედავად, თუ რამდენად კარგად იყო ვითარება მათთვის გახსნილი, ეს ახალგაზრდა მაყურებლები ყოველთვის შეცბუნებულნი ჩერდებიან კართან ამ სურათით გულარეულნი. მათ იტანთ ზიზღი, ბრაზი, რისხვა, უძლურება. მათ ხომ თავი მასზე უკეთესები ჰგონიათ, უნდათ, რაღაც გაუკეთონ ბავშვს, მაგრამ უძლურნი არიან. ბავშვი იმ ბილწი ადგილიდან მზის სინათლეზე რომ გამოეყვანათ, დაებანათ, გამოეძღოთ და ნუგეში ეცათ, ეს კარგი იქნებოდა, მაგრამ ეს რომ მომხდარიყო, ომელასის ყოველგვარი კეთილდღეობა, სილამაზე და სიამოვნება იმ დღესვე და იმ საათშივე გაქრებოდა. ასე იყო საჭირო, ასეთი იყო მოთხოვნები. თითოეული სიცოცხლის სიკეთე რომ შეეწიროს მელასში იმ ერთადერთ ცვლილებას, ათასობით ადამიანის ბედნიერება ერთი ადამიანის ბედნიერებას რომ ენაცვალოს, ეს ქალაქისთვის ნამდვილად დანაშაულის დაშვება იქნებოდა. პირობები მკაცრი და უდაო იყო. ერთ კეთილ სიტყვასაც კი ვერ ეტყოდი ბავშვს.
ბავშვის ნახვისა და ამ საშინელი პარადოქსის წინაშე დადგომის შემდეგ ახალგაზრდები სახლში ხშირად აცრემლებულნი ან უცრემლო სიშმაგით ატანილნი მიდიოდნენ. მათ შესაძლოა კვირეების ან წლების განმავლობაში ეფიქრათ ამაზე. მაგრამ დრო რომ გადიოდა, უკვე იმის გაანალიზებას იწყებდნენ, ბავშვი კიდეც რომ გაეშვათ, თავისუფლება ვერაფერს მისცემდა, დიდ ხეირს მაინც ვერ დააყრიდა მარტო სითბოთი და საჭმლით ცოტაოდენი სიამოვნებისა, თუმცაღა ის მეტისმეტად დეგრადირებული და გონებასუსტი იყო იმისათვის, რომ რაიმე ჭეშმარიტი სიამოვნება განეცადა. იგი ისე დიდხანს იყო დაშინებული, რომ შიშისაგან არასოდეს განთავისუფლდებოდა. მისი მოქმედებები იმდენად ტლანქი და მოუქნელი, ადამიანურ მოპყრობას რომ ემოქმედა და შეეცვალა, ამდენი ხნის შემდეგ მართლაც საცოდაობა იქნებოდა ამ კედლების გარეშე დარჩენილიყო, მას რომ იცავდა, ამ სიბნელის გარეშე, მისი განავალის გარეშე, რომელშიც იჯდა, ყველას ცრემლი აშრებოდა ამ მწარე უსამართლობაზე, სინამდვილის საზარელი სამართლიანობის შეცნობაზე, მის აღიარებაზე. მათი ცრემლი და ბრაზი, მათი კეთილშობილების გამოცდა და მათივე უმწეობის შეგრძნება შესაძლოა მათი სიცოცხლის დიდებულების ჭეშმარიტი წყაროა. მათი ბედნიერება არ არის მოსაწყენი და უპასუხისმგებლო ბედნიერესა, მათ იციან, რომ ისინი იმ ბავშვის მსგავსად თავისუფლები არ არიან. მათ იციან სიბრალული, სწორედ ბავშვის არსებობა და იმის ცოდნა, რომ ის არსებობს, შესაძლებელს ხდის მათი არქიტექტურის კეთილშობილებას, მათი მუსიკის სიმძაფრეს, მათი მეცნიერების სიღრმეს. ამ ბავშვის გამოა, რომ ისინი ასეთი სინაზით ეკიდებიან სხვა ბავშვებს. მათ იციან, ის უბედური რომ არ სლუკუნებდეს იქ სიბნელეში, ფლეიტაზე დამკვრელი მეორე ბავშვი ვერ შეძლებდა მხიარული მუსიკის შექმნას იმ დროისათვის, როდესაც მოხდენილი ახალგაზრდა მხედრები ზაფხულის პირველი დილის მზის შუქზე მწკრივდებიან დოღისათვის.
იდევ გწამთ ომელასელების? მაგრამ კიდევ არის ერთი რამ სათქმელი და ეს სავსებით დაუჯერებელია.
დროდადრო რომელიმე ქალიშვილი ან ვაჟი, ვინც ბავშვის სანახავად მიდის, სახლში აღარ ბრუნდება სატირლად ან ბრაზის გამოსახატავად. ზოგჯერ უფრო ხნიერი კაცი ან ქალი ერთი ან ორი დღით დადუმდება ხოლმე და შემდეგ ტოვებს სახლს.
ისინი ქუჩაზე ფეხით მარტო მიდიან, აგრძელებენ სვლას გზის გადაუხვევად ლამაზი ჭიშკრების გავლით, გადაივლიან ომელასის დახნულ მიწებზე. თითოეული მათგანი მარტო მიდის, ქალიშვილი თუ ვაჟი, კაცი თუ ქალი. თანდათან ღამდება. მგზავრმა უნდა გაიაროს სოფლის შუკები ყვითლად განათებულ სახლებს შორის, გაიაროს გაღმა, ბნელ მინდვრებზე სიბნელეში. თითოეული მარტო მიდის დასავლეთით თუ ჩრდილოეთით მთების მიმართულებით. ისინი ტოვებენ ომელასს, მიიწევიან სიბნელეში და უკან აღარ ბრუნდებიან. ადგილი, საითკენაც ისინი მიემართებიან, ჩვენი უმრავლესობისათვის კიდევ უფრო წარმოუდგენელია, ვიდრე ბედნიერების ქალაქი. მისი აღწერა მე საერთოდ არ შემიძლია. შესაძლოა, რომ ის არც არსებობს, მაგრამ მათ თითქოს იციან, სადაც მიდიან, მათ, ვინც ომელასიდან მიდის.
ინგლისურიდან თარგმნა: -მარიკა აბაშიძე