Saturday, 21 December 2013

სასარგებლო დიეტა ხერხემლისთვის

მოსინჯეთ ეს რეცეპტი და თქვენ ვერ იცნობთ თქვენ ხერხემალს!

ყოველ საღამოს ძილის წინ 1, 5 თვის განმავლობაში თქვენ უნდა ჭამოთ:

1 გამხმარი ლეღვის ნაყოფი. (ჩირი)
5 გამხმარი გარგარი(კურაგა ჩირი).
1გამხმარი შავი ქლიავი. (ჩირი)

ისინი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც იწვევს მალთაშუა დისკების ქსოვილების აღდგენას, ანიჭებს მათ მეტ ელასტიურობას და ხერხემლის მალები თავის პირვანდელ ფორმას უბრუნდება, ყოველგვარი დამხმარე მანიპულაციის გარეშე.მოსინჯეთ თუ ხერხემლის პრობლემა გაწუხებთ და თქვენ მალე ვეღარ იცნობთ თქვენს ხერხემალს.
ჩამოთვლილი ელემენტები შედის თითოეულ ნაყოფში ცალ-ცალკე, ერთად შერევით კი მიიღება საუკეთესო წამალი.ძალიან სასარგებლოა როგორც მამაკაცებისთვის, ასევე ქალებისთვისაც.ეს რეცეპტი გვაჩუქეს ოლიმპიურმა სპორტსმენებმა, რომლებიც მძიმე ფიზიკური დატვირთვის შემდეგ ამ მეთოდით აღიდგენდნენ ხერხემალს.

Wednesday, 18 December 2013

გლინტვეინი (მერიკო გუბელაძის რეცეპტებით)

წითელი ღვინით!


1 ბოთლი წითელ ნახევრად ტკბილი
ღვინო,

ვაშლი,   ფორთოხალი, მიხაკი,  დარიჩინი,
კონიაკი ან ბრენდი,

მომზადების წესი:  წითელ ნახევრად ტკბილ ღვინოში ჩავყაროთ დაჭრილი ვაშლი, ფორთოხალი, ცოტა მიხაკი, დარიჩინი, თუ გსურთ შეგიძლიათ ჩაასხათ ცოტა კონიაკი ან ბრენდი, გავათბოთ და მივირთვათ....



თეთრი ღვინით! 


1 ბოთლი თეთრი ღვინო ნახევრად მშრალი (შეიძლება მშრალიც)
 ფორთოხლის კანი, 1ც ანუ 1 ჭ, ფორთოხლის წვენი, გახეხილი ჯინჯერი
შაქრის სეროფი, მიხაკი... 

 მომზადების წესი:  ფორთოხლის კანებს ამ კანს  მიხაკის ჩხირებს გავუკეთებთ და დავასხათ ფორთოხლის წვენს,ჩავყრით გახეხილ ჯინჯერსდა შაქრის სეროფი, მოვშუაშავთ  შემდეგ დავასხათ ღვინო... (მარტივად კი გავაკეთოდ ასე: ღვინოში ჩავყაროთ ფორთოხლის კანები, ჯინჯერი, ფორთოხლის წვენი, სეროფი გემოვნებით და მიხაკი და მოვადუღოთ) 

P.S. თუ არ გვსურს რომ ალკოჰოლი არ ქონდეს გლინტვეინს მაშინ ავადუღოთ ხოლო თუ გვსურს რომ პირიქით ალკოჰოლი დარჩეს მაშინ  (მხოლოდ გავაცხელოდ) მივიყვანოთ ადუღებამდე! 


Friday, 23 August 2013

რატომ ყვირიან ადამიანები კამათის დროს?

რატომ ყვირიან ადამიანები კამათის დროს?
კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორმა ჰკითხა თვის სტუდენტებს,
-რატომ ხდება, რომ ადამიანები როცა კამათობენ ერთმანეთს უყვირიან?
-იმიტომ რომ ისინი სიმშვიდეს კარგავენ, თქვა ერთმა
-მაგრამ რატომა ყვირილი საჭირო როცა ის ადამიანი რომელსაც ეკამათები დგას შენთან ახლოს? იკითხა პროფესორმა
-არ შეიძლება რომ ხმადაბლა ვისაუბროთ, რა საჭიროა ყვირილი?
სტუდენტებმა პროფესორს მრავალი პასუხი შესთავაზეს, მაგრამ მას არცერთი არ მოეწონა, ამიტომ პროფესორმა ბოლოს ახსნა
დაიწყო
-როდესაც ადამიანები ერთმანეთით უკმაყოფილები არიან და ჩხუბობენ, მათი გულები შორდება ერთმანეთს ეს მანძილი კი რომ დაიფაროს ისინი იწყებენ ყვირილს რაც უფრო ყვირიან მით მეტად ბრაზდებიან და შორდებიან ერთმანეთს.
- რა ხდება მაშინ როცა ერთმანეთი უყვარდებათ? ისინი არ ყვირიან, პირიქით ხმადაბლა საუბრობენ, იმიტომ რომ მათი გულები ერთმანეთთან ახლოსაა, რაც უფრო მეტად უყვარდებათ რა ხდება ამ დროს? ისინი აღარც კი ლაპარაკობენ, უბრალოდ ჩურჩულებენ, ბოლოს კი ჩურჩულიც ზედმეტი ხდება, ისინი უბრალოდ უყურებენ ერთმანეთს და უთქმელად ესმით ერთმანეთის, ასეთი რამ მაშინ ხდება როცა გვერდით მოსიყვარულე ადამიანი გყავთ.
ასე, რომ როცა კამათობთ, არ მისცეთ თქვენს გულებს დაშორების უფლება, არ თქვათ ისეთი რამ რაც ხელს შეუწყობს ერთმანეთთან მანძილის გაზრდას, გაუფრთხილდით ერთმანეთს, იმიტომ რომ შეიძლება დადგეს ისეთი დღე, რომ მანძილი თქვენს შორის ისე გაიზარდოს, უკან დასაბრუნებელი გზა ვეღრ მოძებნოთ...

გმირი

ოდესმე თუ გვიფიქრია,რა არის სიცოცხლე, რატომ მოვევლინეთ ამ ქვეყანას და როდის გარდავიცვლებით... საოცარია დავდივართ ამ ცოდვილ მიწაზე გაჭიმულები, ისე თითქოს ყველაფერი ჩვენი იყოს. უფალმა მოგვცა უფლება გვეცხოვრა, შეგვეგრძნო რა არის ადამიანი,  რა არის სიყვარული, მზით გათბობა, გაზაფხულის სურნელი, გამოგვეცადა ის გრრძნობები, რაც ადამინურია და მერე...
ღმერთო რა ძნელია სიკვდილი იგი ყველაფერს წაგვართმევს და თავის შავ სამოსელში გაგვხვევს, ნუთუ იმისთვის ვიბადებით , რომ მერე დავიხოცოთ. მიკვირს, როგორ ახერხებს ადამიანი ამ აზრით ცხოვრებას.
მინდა უკვდავი ვიყო!!! ვიცხოვრო მაშინაც კი, როცა დედამიწაზე გარდავიცვლები, მინდა ისე განვვლო წუთისოფელი, რომ სიკვდილიც საამო იყოს და მაღლა უფალმა მიიღოს ჩემი ცოდვილი სული...


ლეიტენანტი: მუხრამ შუკვანი  31.01.1984წ. - 5.09.2010წ


მესამე ქვეითი ბრიგადის 31 ბატალიონის  მეთაური... დაიღუპა სნაიპერის ტყვიით, 2010 წლილს 10 სექტემბერს.  ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში.
სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით!... 

ფიცჯერალდი

ქირურგი მოვიდა საავადმყოფოში, რადგან დაურეკეს, რომ პაციენტს ესაჭიროებოდა გადაუდებელი ოპერაცია. პალატასთან იცდიდა პაციენტის მშობელი, რომელიც ყვირილით მიეჭრა ექიმს: -"ამდენი ხანი სად იყავით? არ იცით რომ ჩემი შვილი საფრთხეშია? პასუხისმგებლობის გრძნობა საერთოდ არ გაქვთ?" - "როგორც კი დამირეკეს, მაშინვე გამოვეშურე თქვენი შვილის დასახმარებლად. ვეცადე სწარაფად მოვსულიყავი. გირჩევთ დამშვიდდეთ და მომცეთ საშუალება გავაკეთო ჩემი საქმე"-უპასუხა ქირურგმა. -"დავმშვიდდე? თქვენი შვილი, რომ იყოს ჩემი შვილის ადგილზე, თქვენი შვილი, რომ კვდებოდეს თქვენ დამშვიდდებოდით?" ექიმმა გაიღიმა და უპასუხა: - საღვთო წიგნში წერია " მიწა ხარ და მიწად იქეცი." ექიმებს არ შეუძლიათ პაციენტებისთვის უკვდავების ჩუქება. ილოცეთ თქვენი შვილისთვის! - "აბა რა, რჩევების მიცემა, როცა საქმე თქვენ არ გეხებათ იოლია" - ჩაილაპარაკა მამამ. რამდენიმე საათის შემდეგ ქირურგი გამოვიდა საოპერაციო პალატიდან და მამას მიულოცა: "გილოცავთ, თქვენი შვილი გადარჩა. თუ გექნებათ შეკითხვები ექთანს მიმართეთ"- თქვა მან და ისე რომ არც დალოდებია მამის პასუხს სწრაფი ნაბიჯებით დატოვა შენობა. როცა ექთანი გამოჩნდა პაციენტის მშობელმა მაშინვე გააკეთა ქირურგის მოულოდნელ გაუჩინარებაზე კომენტარი: "რატომ არის ასეთი ამპარტავანი ეს ქირურგი? არც კი დაიცადა, რომ ჩემი შვილის მდგომარეობის შესახებ მეკითხა მისთვის." თვალცრემლიანი ექთნის პასუხი: - " მისი შვილი დაიღუპა ავტოავარიით. დაკრძალვაზე იყო როცა დავურეკეთ სასწრაფოდ მოსულიყო და ოპერაცია გაეკეთებინა თქვენი შვილისთვის. გადაარჩინა თქვენი ვაჟი და მალე წავიდა, რომ დაესწროს შვილის დაკრძალვას." მორალი: არასდროს განსაჯოთ ადამიანები, რადგან თქვენ არ იცით რა ხდება მათ ცხოვრებაში " სანამ სხვის გაკიცხვას დაიწყებ, გაიხსენე, რომ შენ სხვებივით არ გიცხოვრია" ფიცჯერალდი

Saturday, 4 May 2013

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე 2013



ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო სულიერნო შვილნო საქართველოს სამოციქულო ეკლესიისა, ღვთივკურთხეული ივერიის მკვიდრნო და ჩვენი სამშობლოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო!


,,აღდეგინ ღმერთი და განიბნინენ ყოველნი მტერნი მისნი" (ზატიკი)
ქრისტე აღდგა!
ზეიმობს ანგელოზთა დასი.
ქრისტე აღდგა!
გუგუნებენ ეკლესიის ზარები.
და ჩვენც, მოციქულთა მსგავსად, სიხარულით აღვსილნი ვხმობთ:
ქრისტე აღდგა!
ჭეშმარიტად აღდგა!
,,სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაი შენი? სადა არს, სიკვდილო, საწერტელი შენი?!" (Iკორ.15,55).
მაცხოვარმა სიკვდილითა სიკვდილი დასთრგუნა და ადამი და მისი მოდგმა სატანჯველისაგან იხსნა, ცოდვათაგან დარღვეული ჩვენი სული აღადგინა და კაცთა მრავალათასწლოვანი ნატვრა აღასრულა.
ადამიანის შექმნის მიზანი იმთავითვე იყო ღმერთთან მუდმივი მყოფობა, მის განგებულებაში თანამონაწილეობა.
მარადიული სიცოცხლისა და უკვდავების წყარომ ასეთივე სიკეთით დააჯილდოვა კაციც, მაგრამ შემოქმედისადმი ურჩობითა და მისგან განდგომით ჩვენმა პირველმშობლებმა მაცხოვნებელი მადლი დაკარგეს.
მადლი ღვთისაგან მომდინარეობს და მსჭვალავს მთელ სამყაროს; იგი ,,ყოველგან არს და ყოველივეს აღავსებს," მისით მოძრაობენ პლანეტები და სულდგმულობს ყოველი ცოცხალი, მაგრამ სხვა არის მაცხოვნებელი მადლი, რომელიც უხვად მოედინება ყოვლადწმიდა სამების წიაღიდან და ქრისტეს მისტიური სხეულიდან, ეკლესიიდან, და განეფინება ადამის მოდგმას; სინერგიის აღსრულება კი ინდივიდუალურია და პიროვნების ნებაზეა დამოკიდებული:
ზოგიერთნი კმაყოფილდებიან ნათლობით მიღებული მადლით და აღარ ზრუნავენ მის გამრავლებაზე, სხვანი თავისუფალი ნებით ირჩევენ განვითარების საპირისპირო გზას და ბოროტის მსახურნი ხდებიან.
როგორც ერთი, ისე მეორე მდგომარეობა არ მისცემს საშუალებას ადამიანს, შეიცნოს ღმერთი. ამაზეა ნათქვამი ,,სმენით მოისმენთ, მაგრამ ვერ მიხვდებით, ხილვით იხილავთ, მაგრამ ვერ დაინახავთ." (მათე 13,14). ისინი უქმ-ყოფენ თავის ნიჭსა და შესაძლებლობებს და მარადიული ტანჯვისთვის წირავენ სულს.
ღვთის მსგავსება ნებისმიერ პიროვნებაში განაპირობებს სრულყოფილებისაკენ მის სწრაფვას. სრულქმნა კი არის ყოველი ქრისტიანის მოწოდებაც და ვალდებულებაც.
იესო ქრისტე არის მაგალითიც ჭეშმარიტი ადამიანისა და, აქედან გამომდინარე, დადასტურება იმისა, თუ რა საოცარი შესაძლებლობებისაა ჩვენი შინაგანი სამყარო.
მაცხოვნებელი მადლი გვანიჭებს უნარს სნეულთა განკურნებისა, სხვადასხვა ენაზე მეტყველებისა, მრავალ სასწაულთა აღსრულებისა და, რაც მთავარია, მკვდრეთით აღდგომისა, ამაღლებისა და განღმრთობისა.
უნდა ითქვას ისიც, რომ მართალია, იესო ქრისტე ყველა დროის უდიდესი მაგალითია, რომელსაც ვერასოდეს ვერავინ შეედრება, მაგრამ ცალკეულ ეპოქას თავისი ავტორიტეტები, თავისი გამორჩეული პიროვნებები მაინც სჭირდება, რომლებიც ჭეშმარიტი რწმენისა და მამულისათვის თავდადებით ხალხს განამტკიცებენ და სწორი გზის მაჩვენებელნი არიან.
მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის მოციქულნი და მოწამენი, ღმეთშემოსილნი და ღირსნი მამანი და დედანი, ჩვენი დიდებული მეფენი და დედოფალნი, სასულიერო პირნი, თავადაზნაურთა და დაბალი ფენის წარმომადგენელნი საუკუნეთა მანძილზე განამტკიცებდნენ საზოგადოებას.
ათეისტურ პერიოდში ისინი შეცვალა ინტელიგენციის, მუშათა კლასისა და სამხედრო პირების (განსაკუთრებით სამამულო ომის დროს) მაშინდელმა რჩეულმა ნაწილმა (რომ აღარაფერი ვთქვათ ბელადებზე), რომელიც ქვეყნის ერთგვარ ზნეობრივ სახეს ქმნიდა.
ჩვენს დროში კი, თითო-ოროლა გამონაკლისის გარდა, ესეც მოისპო და, შეიძლება ითქვას, უღირსთა ზეობის დრო დადგა.
ეს მდგომარეობა აუცილებლად უნდა შეიცვალოს, თუ გვსურს, სწორი ნაბიჯები გადავდგათ და სათანადო ორიენტირები თავიდანვე განვსაზღვროთ.
საერთოდ, პიროვნება და საზოგადოება ერთმანეთს ასაზრდოებენ. ცალკეული ადამიანის ჩამოყალიბება, მისი მსოფლმხედველობის განსაზღვრა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საზოგადოებაში არსებულ ღირებულებათა სისტემაზე, რომელსაც ხელისუფლებასთან ერთად სარწმუნოებაც განაპირობებს.
როდესაც ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის სირთულეები ჩნდება, აქტიურდება პიროვნებების როლი და მათი ჯანსაღი, მტკიცე პოზიცია დიდ როლს ასრულებს მდგომარეობის გამოსწორებაში.
პრობლემის სათავე უღმერთობა ანუ უმადლობაა. მადლის ნაკლებობა ჩვენ, ქრისტიანებსაც, გვახასიათებს, რადგან ხშირად მხოლოდ სიტყვით ვაღიარებთ უფალს, გულით და საქმით კი შორს ვართ მისგან; ამასთან, ვემსგავსებით სახარებისეულ მართას, რომელიც ცდილობს, მაცხოვარს მიწიერი საქმეებით აამოს და "ზრუნავს მრავალთათვის." უფალი კი გვეუბნება, - "აქა ერთი არს სახმარ."
ანუ, უპირველეს ყოვლისა, საკეთებელია სულიერი საქმეები და შემდეგ მიწიერი, რომელიც მხოლოდ დამხმარე საშუალებაა გადარჩენისთვის.
ვინც ხორციელ ვნებებსა და გულისთქმებს ღვთის მადლით, დასთრგუნავს და თავის სულში ახალ ადამს ააღორძინებს, განთავისუფლდება ცოდვის ხრწნილებისაგან, სიკვდილის მონობისა და შიშისაგან.
წმინდა წერლიდან ვიცით, რომ პირველქმნილ ცოდვას მოჰყვა მისი შედეგი, _ სიკვდილი, სიკვდილს კი, _ ჯოჯოხეთი და ეშმაკის მეუფების ტყვეობაში გარდაცვლილთა სულების დამკვიდრება.
ასე გახდა სიკვდილი და ხრწნილება ადამიანის და მის დაქვემდებარებაში მყოფი ხილული სამყაროს ხვედრი.
სიკვდილი ორგვარია _ ხორციელი და სულიერი.
ხორციელი სიკვდილი გულისხმობს სხეულის გაყრას უკვდავ სულთან. ამას ვერავინ გადაურჩება.
სულიერი სიკვდილი კი დგება გარდაცვალების შემდეგ, თუ სული ამქვეყნად არ იყო დაკავშირებული ღვთაებრივ მადლთან.
უნდა აღინიშნოს, რომ ცოდვასთან ერთად ადამიანის სულში შემოდის შიში. ეს ჯერ კიდევ სამოთხეში მოხდა: ადამმა დარღვია რა მცნება, სურდა დამალვოდა უფალს და მერეღა აღიარა, რომ ასე შიშის გამო მოიქცა.
მანამდე მან არ იცოდა, რა იყო ეს გრძნობა.
შიში განუყოფელია დანაშაულისა და ცოდვისაგან; ამიტომაც იგი ჩვენი ცხოვრების თანმდევია; ამქვეყნიურ საზრუნავში დანთქმულ ადამიანს ეშინია სხვისი და საკუთარი თავის, ხვალინდელი დღის, უცხო გარემოსი, მტრების; ეშინია სნეულების, შიმშილის, უსახსრობის და ა.შ. მაგრამ განსაკუთრებით გაურბის სიკვდილზე ფიქრს, რადგანაც ყველაზე მეტად ეს აძრწუნებს.
როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს პიროვნება, თუ მას არა აქვს ღვთის ჭეშმარიტი რწმენა და მთელი არსებით არ არის მინდობილი უფალს, ადვილად დაკარგავს მხნეობას.
გავიხსენოთ პეტრე მოციქული, რომელიც უდიდეს ერთგულებასა და თავდადებას იჩენდა მაცხოვრისადმი, მაგრამ როგორც კი საკუთარ თავს მიენდო და არა უფლის შემწეობას, მაშინვე გაცხადდა მისი ადამიანური ბუნების სისუსტე და უძლურება და განსაცდელში მყოფმა, სასჯელის შიშით, სამგზის უარყო ქრისტე.
შემდეგ კი, როდესაც ჭეშმარიტი სინანულითა და ღვთის მოწყალებით სიმტკიცის კლდედ აღდგა რწმენაში, მისთვის სიკვდილის შიში დაიძლია და პირიქით, ითხოვდა მძიმე ხვედრს, _ თავდაღმა ჯვარცმას, _ ოღონდ უფალს შეერთებოდა და მასთან ერთად ყოფილიყო განუშორებლად.
ვისაც სულიერი თვალი აეხილება, ხორციელ სიკვდილში შეიცნობს მარადიულ სიცოცხლეს და მიწიერ ყოფაში, _ მარადიული სიკვდილის საშიშროებას. ამიტომაც მისთვის გადამრჩენელი ხდება შიში ღვთისა, რათა ცოდვა მოიძულოს, სიკეთეში განმტკიცდეს და სინანულის მადლით განიწმინდოს.
,,უფლის შიში სიცოცხლის წყაროა, სიკვდილის საფრთხისაგან გამომხსნელი"(იგავ.14,27), _ ბრძანებს წმინდა წერილი. ამიტომაც ქრისტიანს
აღარ აშინებს სულისა და ხორცის გაყრა, არამედ გარდაცვალებაში ხედავს მიწიერი ცხოვრების გამოცდის დასრულებას და ღმერთთან მყოფობის დასაწყისს.
ღვთის შიში ქრება სულიერების მაღალ საფეხურზე და იგი იცვლება სიყვარულითა და ქრისტესთან ერთობით გამოწვეული ნეტარებით, ანუ იმ მდგომარეობით, რაც ჰქონდა ადამს ცოდვით დაცემამდე.
ასეთი ადამიანი მოყვასს აღიქვამს როგორც საკუთარ თავს და საკუთარ თავს კი ჩრდილში აყენებს. იგი კეთილგანწყობილია ახლობელთა და შორებელთა, ნაცნობთა და უცნობთა, მდიდართა და ღარიბთა, მოკეთეთა და მოძულეთა მიმართ.
ღირსეულნი და სათნონი, რა თქმა უნდა, მათი თვისებების გამო უყვარს, ცოდვილნი კი იმიტომ, რომ არასწორი ქცევით თვითონვე სჯიან საკუთარ თავს და სულს ჯოჯოხეთისთვის იმეტებენ. ამიტომაც შესაბრალისნი არიან და ლოცვით შეწევნას საჭიროებენ.
თავისი ქცევის მიუხედავად ყოველი ადამიანი ხილული სამყაროს გვირგვინია. ამიტომაც, გაიღო ასეთი მსხვერპლი მაცხოვარმა, _ განკაცდა, რათა ჩვენთვის ღვთის შვილობის მადლი მოენიჭებინა და ახალ ადამიანად, ცოდვებისაგან თავისუფალ პიროვნებად ყოფნის საშუალება მოეცა.
უფლის ამქვეყნიური ცხოვრებაც ნათელი დადასტურებაა ადამიანისადმი მისი განსაკუთრებული სიყვარულისა: როგორ წყალობს იგი უძლურებს, დავრდომილებს, დამცირებულებს, როგორია მისი დამოკიდებულება ბავშვებთან, მოწაფეებთან, ახლობლებთან მიმართებაში, ასევე ავაზაკის, ზოგადად ცოდვილების და მტრების მიმართ; ყოველივე ამით მან ადამიანის მნიშვნელობა და ღირსება წარმოაჩინა.
,,რაი სარგებელ ეყოს კაცსა, უკუეთუ სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თვისი იზღვიოს? ანუ რაი მისცეს კაცმან ნაცვალად სულისა თვისისა? (მათე,16,26), _ ბრძანებს უფალი.
ჩვენ კი, რა თქმა უნდა, პასუხი არ გვაქვს და არც არასწორ ცხოვრებას ვცვლით.
თუნდაც ჯანმრთელობის შესახებ ჩვენი დამოკიდებულება სწორ მიდგომას საჭიროებს. რა თქმა უნდა, სხეულის სიმრთელე ყველასთვის სასურველია, თუმცა დიდი შეცდომაა, როცა დიდ დროს ვუთმობთ მასზე ზრუნვას და საერთოდ არ ვფიქრობთ სულიერ სიჯანსაღეზე. თითქოს ჩვენი უკვდავი სული, ჩვენი მარადიული არსებობისათვის განმსაზღვრელი არ იყოს.
ბევრმა ისიც არ იცის, რომ ხშირად ავადმყოფობა ცოდვისგან მომდინარეობს და როგორც კი ადამიანი იწყებს სწორ სულიერ ცხოვრებას, _ მოძღვრის წინაშე ამბობს გულწრფელ აღსარებას, ეზიარება და ცოდვათაგან თავისუფლდება, _ ძალიან მძიმე სნეულებისაგანაც კი იკურნება. ამასთან, ამ წმინდა საიდუმლოს ხშირად მიღებით ფიზიკურ გამოჯანმრთელობასთან ერთად, მისი აზროვნება და შინაგანი სამყაროც იწმინდება და განახლებას განიცდის.
ამიტომაც ეწოდება აღსარებასა და ზიარებას საკურნებელი სულისა და ხორცისა.
საერთოდ, აღსარებისა და ზიარების გარეშე ადამიანის სულიერი გადარჩენა შეუძლებელია. ვინც ამ მადლისაგან დღემდე გაუცხოებულია, ყველას, _ ბავშვს, ახალგაზრდას თუ ხანდაზმულს, _ გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, აუცილებლად მიიღოთ ეს უდიდესი სიწმინდე და ცხოვრების წესად აქციოთ ლოცვა და თქვენს სულზე ზრუნვა, რათა საკუთარი თავიც იხსნათ მარადიული ხრწნილებისაგან და შთამომავლობასაც თქვენი ცოდვები სიმძიმედ არ დაუტოვოთ (ცოდვა დაუსჯელი არ რჩება, ღვთის წინაშე კი ყველა მხოლოდ თავის დანაშაულზე აგებს პასუხს).
უდიდესი დანაშაული, რომელიც თითქმის ყველა ოჯახში ხდება, არის მუცლადღებულ ყრმათა მკველელობა, – აბორტი.
მე ადრეც შევეხე ამ თემას, მაგრამ კვლავ მინდა მასზე ყურადღების გამახვილება.
ბოროტმოქმედის სიკვილით დასჯა მრავალ ქვეყანაში, და მათ შორის საქართველოშიც, აკრძალულია და ეს კარგია, რათა ადამიანს მიეცეს ცოდვის გამოსყიდვის შესაძლებლობა. (მათ მიმართ ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს მკაცრი აღმკვეთი ღონისძიებები, რომელიც მიმართული იქნება პიროვნების გამოსწორებისათვის).
აბორტი კი არის მშობლების გადაწყვეტილებითა და მონდომებით სრულიად უსუსური, უდანაშაულო არსების საზარელი მკვლელობა. ამ მკვლელობის უშუალო თანამონაწილეა ექიმიც.
დღემდე დაუბრკოლებლად ხორციელდება ჩვილების ეს უმოწყალო ხოცვა და მათ აქტიური დამცველი არავინ ჰყავთ, _ არც სახელმწიფო და არც საზოგადოება.
აბორტს და მუცლის მოშლის გამომწვევ საშუალებებს კრძალავდნენ ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში (ჰიპოკრატეს ფიცი), ისევე როგორც რომის იმპერიაშიც;
მითუმეტეს, ქრისტეს ეკლესია მას განიხილავდა და განიხილავს როგორც უმძიმეს მომაკვდინებელ ცოდვას.
მსოფლიოში პირველად ბოლშევიკური მმართველობის პერიოდში ათეისტურმა ხელისუფლებამ აბორტი ნებადართულად გამოაცხადა 1920 წელს. 1936 წლიდან 1955 წლამდე იგი ისევ აიკრძალა, მაგრამ დღეს, როგორც პოსტსაბჭოთა სივრცეში, ისე ევროპასა და მსოფლიოს სხვა მრავალ ქვეყანაში, იგი კვლავ ნებადართულია და მასმედიის საშუალებითა და ლიბერალური იდეოლოგიის გავლენით, წახალისებულიც.
ბოროტმოქმედი რომ დაემუქროს დედას, შენი შვილები დახოცე, თორემ მოგკლავო, იგი ხომ თავის სიკვდილს ამჯობინებს და ეს ბუნებრივიცაა. მაშ, როგორ თანხმდება იგი მუცლადმყოფი შვილის წამებით სიკვდილს?! მით უმეტეს, ყველამ უკვე იცის, რომ რამდენი დღისაც არ უნდა იყოს ნაყოფი, მას ისეთივე განცდა აქვს ტკივილისა, როგორიც ზრდასრულს.
გაუგებარია ისიც, რომ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ხანაში, როდესაც ყველამ იხილა ფილმი ,,ჩუმი ძახილი," როგორღა დგამს ამ ნაბიჯს მშობელი, ან როგორ აკეთებს ამას ექიმი-გინეკოლოგი?
ამ ცოდვის სიმძიმე იმითაც ვლინდება, რომ ხშირად აბორტი იწვევს უნაყოფობას, ნაადრევ მშობიარობებს, ჯანმრთელობის გაუარესებას, ფსიქიკის დაზიანებას, აბორტის შემდეგ დაბადებულ ბავშვებში კი - ნერვიულ გამოვლინებებს.
ამიტომაც არის ამდენი დანგრეული ოჯახი დღეს საქართველოში, ამდენი მკვდრადშობილი ნაყოფი და ჩვილთა შორის გახშირებული სიკვდილიანობა. ყოველივე ეს კი როგორც ცალკეულ ოჯახებს, ისე მთელ სახელმწიფოს უდიდეს დანაშაულად აწვება.
ვისაც ეკონომიური პრობლემების გამო შვილის გაჩენა არ სურს, ან სხვა რაიმე მიზეზით მუცლადღებული ნაყოფი მისთვის მიუღებელია, გთხოვთ, ნუ ჩაიდენთ ამ საშინელ ცოდვას, თუ თქვენ ვერ ახერხებთ მის გაზრდას, ეკლესია უპატრონებს მათ.
როგორც ცნობილია, ოფიციალური მონაცემებით, ყოველწლიურად საქართველოში 36 000 აბორტი კეთდება, (რეალურად კი გაცილებით მეტი შემთხვევაა), მკვდრადშობილ ჩვილთა რაოდენობა კი 1400-მდე აღწევს.
დღეს, როდესაც ასეთი მძიმე მდგომარეობაა დემოგრაფიული თვალსაზრისით, ვფიქრობთ, სახელმწიფომ უნდა მიიღოს სათანადო კანონი აბორტის აკრძალვისათვის. (რა თქმა უნდა, გამონაკლისი შემთხვევებიც უნდა იყოს გათვალისწინებული).
მანამდე კი, მასმედიის საშუალებებს შეუძლიათ უდიდესი დადებითი როლი შეასრულონ და დიდი მადლიც მოიპოვონ, თუ შექმნიან სათანადო განწყობას მრავალშვილიანობის წასახალისებლად და აბორტის საწინააღმდეგო განწყობის შესაქმნელად.
მთავარი სწორედ განწყობის შექმნაა.
განწყობის თეორია კარგად უნდა შევისწავლოთ და დავნერგოთ ჩვენს ცხოვრებაში. ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის აღმშენებლობისათვის.
განწყობა უნდა შეიქმნას, მაგალითად, სოფლის აღორძინებისათვის, ასევე საზღვრისპირა და მთის რეგიონების განაშენიანებისათვის. რა თქმა უნდა, სათანადო ინვესტიციების მოძიებაც აუცილებელია, მაგრამ მონდომებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
განწყობა უნდა შეიქმნას განათლების სისტემის აღორძინებისათვის, ახალგაზრდებში წიგნის კითხვის მოთხოვნილების გაძლიერებისთვის, ღრმა აზროვნების დანერგვისათვის, მეცნიერების წინსვლისათვის, სამართალდამცავი სტრუქტურებისა და ჯარის განმტკიცებისათვის, ქვეყნის ინტერესებისა და ეროვნული იდეოლოგიის დაცვისათვის.…………
ამ სოფლად ჩვენთვის მოცემულ სივრცესა და დროში უნდა მოვასწროთ ზეცად ამყვანაბელ კიბეზე აღსვლა.
როგორ მივხვდეთ, ვართ თუ არა ღირსეული ქრისტიანენი და დავიწყეთ თუ არა ზესვლა?
ეს ძნელი არ არის.
მატერიალური აზროვნების მქონე პიროვნება ბედნიერებას მხოლოდ მომხვეჭელობაში ჰპოვებს, ჭეშმარიტი მორწმუნე კი, _ მოწყალების გაცემაში.
გამიწიერებული ადამიანი საკუთარი თავის და თავისი შესასძლებლობების მოიმედეა, სულიერი კი, _ მხოლოდ ღმერთის.
მაცხოვნებელ რწმენას მოკლებული კაცი წუთისოფლის პატივსა და დიდებას ესწრაფვის, ჭეშმარიტი ქრისტიანი კი - ქველის საქმეებით სიმდიდრეს.
არაეკლესიური ცნობიერების მქონე სხვებზე მბრძანებლობს, მორწმუნე კი _ თავის ვნებებზე.
ჩვენო საყვარელო სულიერო შვილებო, _ ქართველნო, აფხაზნო, ბერძენნო, რუსნო, ასირიელნო, იეზიდნო, ქურთნო, სომეხნო, აზერბაიჯანელნო, უკრაინელნო და უდინნო რწმენით მივეახლოთ ჩვენი უფლის ბრწყინვალე აღდგომის მაცოცხლებელ მადლს და შევიმოსოთ სიმართლის საჭურველი, რათა ,,ვითარცა-იგი აღდგა ქრისტე მკვდრეთით დიდებითა მამისაითა, ეგრეთცა ჩუენ განახლებითა ცხოვრებისაითა ვიდოდით~ (რომ.6. 20,8).
მაშინ გავემიჯნებით საყოველთაოდ გაბატონებულ ეგოცენტრიზმს, _ თავისმოყვარეობას, _ და აღმოვაჩენთ, რომ ჩვენი მთავარი მტერი სწორედ ეგოიზმია, სხვისთვის სიყვარულით აღსრულებული მსახურება კი - ჩვენი გადამრჩენელი. აღმოვაჩენთ, რომ ღმერთის სიყვარული განუყოფელია მოყვასის სიყვარულისგან და ერთი მეორეს განაპირობებს.
და თუ ყოველივე ამას ჩვენს ცხოვრებაში რწმენით აღვასრულებთ, შევიმოსავთ ქრისტეს და ზეციურ სასუფეველს დავიმკვიდრებთ. "დაითესება ჩვენი სხეული მშვინვიერი და აღდგება სხეული სულიერი …... დაითესება ხრწნილებაში, აღდგება უხრწნელებაში, დაეთესება დამცირებაში, აღდგება დიდებაში" (Iკორ.15,42-44).
მაშ, "ნუ იქნება ცოდვის სუფევა თქვენს მოკვდავ სხეულში, არამედ როგორც მკვდრეთით აღმდგარმა, უძღვენით თავი ღმერთს!" (რომ. 6, 12).
ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!
სიყვარულით თქვენთვის მლოცველი
ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,
მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა
და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი.
აღდგომა ქრისტესი!
5 მაისი 2013 წელი.


 

Monday, 7 January 2013

პატრიარქის საშობაო ეპისტოლე-2013


"ათასწლოვანი მოლოდინი კაცთა მოდგმის ხსნისა დასრულდა. აღსრულდა მრვალ თაობათა ნატვრა, - იშვა იესო.

ოცი საუკუნის წინ აღმობრწყინვებული ბეთლემის ვარსკვლავი დღეს კვლავ ამცნობს სამყაროს ენით მიუწვდომელ საიდუმლოს ღვთის განხორციელებისა; სასწაულს, რომელსაც ვერასოდეს ჩასწვდება ადამიანური გონება. საოცრებას, რომელსაც ვერასოდეს წარმოიდგენდა თვით ანგელოზთა დასიც.

თითქმის არ არის არც ერთი ქვეყანა, არც ერთი ქრისტიანული ოჯახი, რომ არ ხარობდეს ამ დღის დადგომით, მაგრამ ფაქტია, რომ ბევრისთვის უცნობია ასეთი განწყობის ნამდვილი მიზეზი და ისიც, თუ რას ავალდებულებს ეს დღე ყოველ ადამიანს.

უმრავლესობა ვერ გვიპასუხებს, მაინც რა მიზნით მიიღო კაცობრივი ბუნება უფალმა? რა საჭირო იყო ეს? რა შეიცვალა მისი მოსვლით დედამიწაზე?

ამის გაგება ზოგიერთს არც კი აინტერესებს, მათთვის ისიც საკმარისია, რომ კარგი განწყობისა და მხიარულების რაღაც მიზეზი აქვთ. დაე, იყოს ეს ქრისტეს შობა, _ არსობრივ მნიშვნელობას ამას არც ანიჭებენ. მათ კი, რომელნიც ნაკლებად გათვითცნობიერებულნი არიან სარწმუნოებაში, მაგრამ ცოდნის შეძენის სურვილი აქვთ, კიდევ ერთხელ შევახსენებ წმინდა წერილს:

ადამი შემოქმედმა ხატად და მსგავსად თვისსა შექმნა და სამოთხეში ნეტარი ცხოვრება უბოძა, მაგრამ სამყაროს გვირგვინად და განმგებლად დადგენილი კაცი თავისი ნებით, ამპარტავნებითა და უპასუხისმგებლო ქცევით ღმერთს განუდგა და მაცდურის მონობაში აღმოჩნდა. მასთან ერთად დაეცა მიწიერი სამყაროც, რომელიც მას ექვემდებარებოდა. ღვთის მადლით აღვსილი ჰარმონია, წმ. მაქსიმე აღმსარებელის სიტყვებით რომ ვთქვათ, ეშმაკის ტირანიით განმსჭვალულმა სიძულვილმა და ურთიერთ დაპირისპირებამ შეცვალა; ეს მდგომარეობა აისახა როგორც ადამიანთა შორის ურთიერთობებში, ისე ცხოველთა, მცენარეთა და საერთოდ, მთელი ბუნების არსებობის წესში: ყველაფერი დაექვემდებარა პრინციპს, _ ბრძოლა არსებობისათვის.

ასე რომ, ღმერთსა და ადამიანს შორის გადაულახავი უფსკრული გაჩნდა; ადამმა და ევამ და მათმა შთამომავლებმა დაკარგეს სულიწმიდის მადლი, რითაც შემოქმედთან კავშირი ხორციელდებოდა და რაც ღმერთთან მათი მსგავსების განმაპირობებელი უმთავრესი ფაქტორი იყო; ამ მადლს მოკლებულნი, მოაკლდნენ სწორ აზროვნებასა და ქმედებასაც. ცოდვას ცოდვა შესძინეს და საკუთარ თავს მარადიული სიკვდილი განუმზადეს.

ამ რეალობის შეცვლის შესაძლებლობა კი აღარ არსებობდა, რადგან კაცთა ხსნა მხოლოდ ისეთ ადამიანს შეეძლო, რომელიც უცოდველი იყო და ხელეწიფებოდა სხვათა სიმძიმე ეტვირთა. ასეთი კი, ამქვეყნად არ იპოვებოდა, რადგან პირველქმნილი ცოდვა ყველას მემკვიდრეობით გადაეცემოდა და ამას კიდევ ცალკეული ადამიანის პირადი ცოდვებიც ემატებოდა.

ყოველივე ხილულისა და უხილავის შემოქმედმა და განმგებელმა ცანი მოდრიკნა, ადამიანური ბუნება მიიღო და ჩვენი ხსნისათვის დავითის ქალაქში, ბეთლემში, იშვა.

აქ, ბაგაში, სიცივესა და სიმწირეში დაიბადა ახალი ადამი, _ იესო, რათა ამპარტავნებით დაცემული ძველი ადამის ცოდვა გამოესყიდა, მართალთა სულები ჯოჯოხეთიდან ეხსნა და ღმერთთან კავშირი აღედგინა. აი, ეს არის ჩვენი დიდი სიხარულის მიზეზი, სათავე ენით გამოუთქმელი ბედნიერებისა.

სხვა რა უნდა შევადაროთ ამ დღის სიდიადეს?! როგორ ხორციელდება პირველქმნილ ჰარმონიასთან ჩვენი დაბრუნება?

პირველ რიგში ქრისტიანული ნათლისღებით. "ბეჭედი მონიჭებულ არს სულისა მიერ წმიდისა, ამინ!" _ ამბობს საიდუმლოს აღსრულებისას მოძღვარი და შვიდჯერ სცხებს მირონს მას, ვინც ინათლება, რითაც ადამიანს ენიჭება სულიწმინდის მადლი და ეძლევა განღმრთობისა და ნეტარი მარადიულობის დამკვიდრების შესაძლებლობა.

ამ მიუწვდომელი წყალობის გამო წმინდა მამები, დავით წინასწარმეტყველის მსგავსად, საუკუნეთა მანძილზე გულწრფელად გაოცებულნი კითხულობდნენ: "რაი არს კაცი, რამეთუ მოიხსენე მისი, ანუ ძე კაცისაი, რამეთუ მოხედავ მას?" (ფს. 8:4).

ჩვენი ხსნისათვის მაცხოვრის თავგანწირვა, უდიდეს პასუხისმგებლობას გვაკისრებს და ამ ეპისტოლეში სწორედ აღნიშნულ გრძნობაზე მინდა, განსაკუთრებით გავამახვილო ყურადღება.

ეს თვისება ადამიანში ასაკთან ერთად ვითარდება; ამასთან, რამდენადაც მაღალ სულიერ საფეხურზე იმყოფება ესა თუ ის პიროვნება, მით მეტად არის მასში ეს განცდა.

პავლე მოციქული ამბობს: `როდესაც ვიყავი ყრმა ვიტყოდი, როგორც ყრმა, ვფიქრობდი, როგორც ყრმა, ვმსჯელობდი, როგორც ყრმა; ხოლო როდესაც დავკაცდი, ზურგი ვაქციე ყოველივე ყრმობის დროინდელს (I კორ. 13:11).

ჩვენც გვმართებს ყრმობიდან გამოსვლა ანუ სულიერი გაზრდა და გაცნობიერება ჩვენი პასუხისმგებლობისა უპირველეს ყოვლისა შემომქმედის – უფლის, სამშობლოს და მოყვასის წინაშე; პასუხისმგებლობისა როგორც ცოცხლების, ისე გარდაცვლილების მიმართ, რაც გულისხმობს ჩვენს ვალდებულებებს მშობლებთან, ოჯახთან, მეგობრებთან, ნათესავებთან, მეზობლებთან მიმართებაში, ასევე სამსახურებრივ პასუხისმგებლობას.

ჩვენი წინაპრები თავიანთ შვილებს ბავშვობიდან უღვივებდნენ ამ გრძნობას. ამიტომაც იყო ჩვენი ერი ძლიერი. მიუხედავად განუწყვეტელი ომებისა, იგი იბრძოდა კიდეც და ამასთან, დაუღალავად შრომობდა და ქმნიდა.

რწმენისა და მამულის დასაცავად საჭიროების შემთხვევაში ქუდზე კაცი გამოდიოდა. საერთოდ კი ოჯახში, სოფელსა თუ თემში ყველას თავისი პასუხისმგებლობა ჰქონდა: მეფე ზრუნავდა მთელს ერზე, თავად-აზნაურობა პატრონობდა და ხმლით იცავდა თავის ტერიტორიაზე მცხოვრებთ; ეკლესია ანათლებდა და სულიერად ამტკიცებდა ერს - სამწყსოს; გლეხები ქმნიდნენ დოვლათს; ყველანი ერთად კი შეადგენდნენ ჩვენი ქვეყნის ერთიან, მთლიან ცოცხალ ორგანიზმს, სადაც თითოეული თავისი შესაძლებლობის ფარგლებში ემსახურებოდა ღმერთს და ქვეყანას. რომელიმე მათგანის დაძაბუნება იწვევდა ყველას დასუსტებას, რადგან არცერთი მათგანის ფუნქცია არ იყო უმნიშვნელო; თუმცა, რაც უფრო მაღალი იყო წოდება და თანამდებობა, მით მეტი იყო პასუხისმგებლობაც. ეს კი ხშირად სიცოცხლის გაწირვას მოითხოვდა. ზოგჯერ მეფის ან სასულიერო პირის თავდადება იყო საკმარისი, მაგ. წმ. დემეტრე თავდადებული, წმ. ევდემოზ კათოლიკოსი, ზოგჯერ კი მთელი ერის, - მაგ. 100000 მოწამის.

თავისუფლება და პასუხისმგებლობა ურთიერთდაკავშირებული ცნებებია. ვინც თავისუფლებას კარგავს, მონურ მდგომარეობაში ვარდება და პასუხისმგებლობის განცდაც უქვეითდება.

გავიხსენოთ, რა მოხდა დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ საქართველოში: მთელი ეს ჰარმონიული სისტემა მოიშალა, მეფის ხელისუფლება და ეკლესიის დამოუკიდებლობა გაუქმდა, ძალაუფლება უცხო ძალის ხელში გადავიდა, რის შედეგადაც თავად-აზნაურობა უგულო ბატონად იქცა, ყოველივე ეს კი მთელი სიმწვავით გლეხკაცობაზე აისახა.

ქართველმა კაცმა მისთვის დამახასიათებელი ცხოვრების წესი ძირფესვიანად შეცვალა. საქვეყნო საზრუნავის ადგილი პირადულმა დაიკავა. სამშობლოზე ფიქრის ნაცვლად მისი გონება მხოლოდ საკუთარ კარ-მიდამოსა და ოჯახზე ზრუნვამ მოიცვა.

დიდმა ილიამ ეს პრობლემა ცნობილი ლექსით, -"ბედნიერი ერი" _ ნათლად დაგვანახა.

ერის უპასუხისმგებლო მდგომარეობამ მიგვიყვანა იქამდე, რომ 1918 წელს წმინდა ილია მართლის ეროვნული გზის ნაცვლად ხალხმა უცხო ქვეყნის ათეისტური პარტია აირჩია. შემდეგ კი კიდევ უფრო სამწუხარო შედეგმაც არ დააყოვნა და მოკლე ხანში ქვეყანა კომუნისტური იმპერიის ნაწილი გახდა.

უფალი, მართალია, სამართლიანია, მაგრამ, ამავე დროს მოწყალეც, რომელიც არა ცოდვათა ჩვენთაებრ მოგვაგებს, არამედ ჩვენი გამოსწორებისათვის გვწვრთნის იმის გათვალისწინებით, თუ რამდენის დატევნა შეგვიძლია. ამიტომაც რა მდგომარეობაშიც არ უნდა ვიყოთ, გაცილებით უკეთესად ვართ, ვიდრე ვიმსახურებთ და მრავალჭირგამოვლილი წმ. იოანე ოქროპირის მსგავსად მუდამ მადლობას უნდა ვწირავდეთ ღმერთს ყველაფრისათვის. და თუ გვსურს, მდგომარეობის გამოსწორება, უნდა ვიტვირთოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და უფლის წყალობა ამით მოვიპოვოთ. ეს არის ყველაზე მთავარი. ჩვენით კი ვერაფერს გავხდებით. მხოლოდ საკუთარ შესაძლებლობებზე დაყრდნობა დამღუპველი იყო და იქნება ყოველთვის.

სამწუხაროდ, თითოეულ ჩვენგანს დღესაც გვაკლია პასუხისმგებლობის გრძნობა. ჩვენ გულგრილი ქრისტიანები ვართ, ნელ-თბილნი და ამიტომაც დიდ შეცდომებს ვუშვებთ. ჩვენში მძლავრობს ეგოისტური ზრახვები და `მეს~ პრინციპი, რაც ჭეშმარიტ ღირებულებათა დამანგრეველია.

ჩვენი სულიერი სისუსტის გამოვლინებაა თუნდაც ის, რომ დღესასწაულებს ფაქტობრივად მიწიერი გრძნობებით ვეგებებით და რეალური განცდა ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობისა, არა გვაქვს. რომ ჩვენს გარშემო ვამჩნევთ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც გვიყვარს ან გვძულს, სხვა უბრალო ადამიანები კი ყურადღების მიღმა გვრჩება. ღვთის წინაშე კი დიდი და მცირე არ არსებობს. რომ ცოდვა აღარ გვაწუხებს და მისი სიმძიმის განცდაც აღარ გვაქვს. რომ თითქმის გაწყვეტილი გვაქვს კავშირი ბუნებასთან, მისდამი მხოლოდ მომხმარებლურ დამოკიდებულებას ვიჩენთ და ჩვენი უპასუხისმგებლო ქცევით ვანადგურებთ მის სიკეთეთ.

ჩვენი დანაშაულია ისიც, რომ რომ კარგად არ ვიცნობთ ჩვენს წარსულს, ჩვენს ისტორიას; არადა მისი ცოდნა გვეხმარება, რომ არ მოვწყდეთ ჩვენს ფესვებს, საკუთარი თავი შევიცნოთ და სიცოცხლის აზრიც ნათლად გავაცნობიეროთ.

არაერთხელ მითქვამს ისიც, რომ დღეს ინფორმაციული ომის ჟამი დგას, კალმით ანუ სიტყვით ბრძოლის დრო. მასთან შეჭიდება კი გონიერმა, მცოდნე და ამასთან ღვთისმოყვარე ადამიანებმა უნდა იტვირთონ. უნდა შევძლოთ, ყალბი იდეალების ბატონობის ჩვენს ხანაში გავხდეთ სულიერად უფრო მტკიცენი და ძლიერნი, რათა გავიმარჯვოთ.

განსაკუთრებით მინდა, მივმართო ახალგაზრდებს და ვთხოვო: გაუძელით ინფორმაციულ შემოტევას, რომელიც ნიაღვარივით მოედინება მასმედიიდან და ცდილობს, ცრუ ღირებულებების გავლენის ქვეშ მოგაქციოთ, არ გახდეთ თანაზიარნი ფსევდოკულტურისა, რომელიც ამახინჯებს ფსიქიკას, აუხეშებს გრძნობებს და აცარიელებს შინაგან სამყაროს. შეიყვარეთ წიგნი, ისწავლეთ ღრმა აზროვნება, ისწავლეთ ღმერთის შიში და სიყვარული, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანის ერთგული მეციხოვნენი გახდეთ.

დრო მცირე გვაქვს და არ უნდა აღმოვჩნდეთ იმ ხუთი ქალწულის მდგომარეობაში, რომელთა კანდელსაც უფლის მოსვლისას საკმარისი ზეთი არ აღმოაჩნდა და მიუხედავად იმისა, რომ იყვნენ მორწმუნენი და უფლის მომლოდინენი, ვერ შევიდნენ ღვთის საუფლოში.

ბოროტის გავლენისაგან თავის დაღწევა დიდ ძალისხმევას მოითხოვს და ეს მხოლოდ ძლიერ პიროვნებებს შეუძლიათ, ანუ მათ, რომელნიც საკუთარ ნებას გააზრებულად უმორჩილებენ ღვთის ნებას და ამქვეყნიურ საცდურთა წინააღმდეგ ბრძოლას არ უშინდებიან.

ყოველი ადამიანი  უპირველეს ყოვლისა, სწორედ ასეთი პიროვნება უნდა იყოს, _ ჭეშმარიტად თავისუფალი და სულიერად ძლიერი, რათა ერს ხერხემლად ექცეს. ასეთი ადამიანების აღზრდის საქმეში ეკლესიას დიდი როლი აკისრია.

საერთოდ, ეკლესია ხელს უწყობს საზოგადოების განვითარებას; იგი ის მაცხოვნებელი წიაღია, რომელიც ინარჩუნებს საუკეთესო ტრადიციებს და აქვს რა უცვალებელი რჯული და მოძღვრება, ყველა ეპოქაში მოწმობს ჭეშმარიტების შესახებ.

გავიხსენოთ თუნდაც ის ფაქტი, რომ საერთაშორისო საზოგადოება მხოლოდ მე-20 საუკუნის ბოლოს მიუახლოვდა ადამიანთა თანასწორობის შესახებ ღირებულებათა იმ სტანდარტებს და ფასეულობებს, რასაც ეკლესია ოცი საუკუნის წინ ქადაგებდა. მონათმფლობელობის და ფეოდალიზმის პერიოდში, ძალმომრეობისა და დაუნდობლობის ხანაში, ქრისტეს სახარება მოუწოდებდა ხალხს თანასწორობისაკენ.

ყოველი ქრისტიანის ცხოვრება აბსოლუტურად თავისუფალია და ეკლესიის წევრობაც მხოლოდ მის თავისუფალ ნებაზეა დაფუძნებული. თითოეული მრევლის წევრი მხოლოდ საკუთარი სინდისით არის დაკავშირებული მოძღვართან და ერთ-ერთი უმთავრესი საიდუმლოც სინანულისა მხოლოდ მის პირად პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული, _ ადამიანი დამოუკიდებლად წყვეტს, რას იტყვის აღსარებაში და იმასაც, რამდენად იქნება ეს ნათქვამი სინანულით გაჯერებული.

სრული თავისუფლებით მომქმედი და ამავე დროს, ჭეშმარიტი სინანულით განმსჭვალული პიროვნება იღებს სულიწმინდის მადლს, რომელიც ცვლის მის სულიერ და ყოფით სამყაროს და მას ღვთის სათნო შვილად აქცევს; შედეგ კი უკვე იგი თვითონ ხდება გზის მაჩვენებელი სხვათათვის; ამაზე წერდა წმინდა სერაფიმე საროველი: მოიხვეჭე სულიწმიდის მადლი და შენს გარშემო ათასები ცხონდებიანო.

თითოეული ჩვენგანი ვალდებულია, მოიპოვოს სულის სიღრმეში დამალული უფლისგან ბოძებული ეს საჩუქარი, ვალდებულია, ააღორძინოს იგი, რათა ღირსეულად აღასრულოს თავისი ვალი ამ წუთისოფელში და შემდეგ ჩვენს დიდებულ წინაპართა მსგავსად ზეცის მოქალაქეობა მოიპოვოს.

შორეული ქვეყნებიდან ახლადშობილი იესო ქრისტეს თაყვანისსაცემად მიდიან აღმოსავლელნი მოგვნი, მიდიან მწყემსნიც თავისი გულწრფელობით, ანგელოზთა გალობის მსმენნი. მაშ, წავიდეთ ჩვენც, რათა ვიხილოთ ბაგასა მწოლი იესოს დიდებულება და აღარასოდეს განვშორდეთ, რადგან საუკუნო სიცოცხლის სიტყვები მასა აქვს მხოლოდ. (ინ. 6:68).

"ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა!"

ჩემო სულიერო შვილები, ჩემო ნათლულებო, ყოველნო ქართველნო, აფხაზნო, ოსნო, ბერძენნო, რუსნო, ასირიელნო, იეზიდნო და ქურთნო, სომეხნო, აზერბაიჯანელნო, უკრაინელნო და უდინნო... ყველას გილოცავთ ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. უფალმა მოგანიჭოთ მადლი სულისა წმიდისა, რათა იხაროთ ორსავ სოფელსა შინა, ამინ!"

  07.01.2013წ

წიგნები

  რუპი კაურის - "მზე და მისი ყვავილები" ამჯერად მინდა ამ ძალიან საინტერესო და უცნაური სტილის მწერლის ამ წიგნზე გიამბოთ  კვლავაც პო...