Monday 2 May 2016

ცარიელი სამარხი


ჯერემი გონებრივად ჩამორჩენილი და ფიზიკური ნაკლის მქონე დაიბადა. თორმეტი წლის ასაკში ის კვლავ მეორე კლასში იყო, რადგანაც სწავლა ძალიან უჭირდა. მისი მასწავლებელი, დორის მილერი, ხშირად ბრაზდებოდა მასზე. ჯერემი ხან ვერ ისვენებდა სკამზე ჯდომისას, დორბლი გადმოსდიოდა და ხმაურობდა, მაგრამ ხან ისე გასაგებად და მკაფიოდ ლაპარაკობდა, თითქოს სინათლის სხივი აღწევდა ამ დროს მის გონებაში გამეფებულ სიბნელეში, თუმცა, უმეტესწილად, ჯერემის ქცევა ძალიან აღიზიანებდა მასწავლებელს.
ერთხელ მასწავლებელმა ჯერემის მშობლებს დაურეკა და შეხვედრა სთხოვა. ფორესტერები ცარიელ საკლასო ოთახში რომ შევიდნენ, დორისმა უთხრა მათ: „ჯერემის მისნაირი ბავშვებისთვის განკუთვნილ საგანგებო სკოლაში უნდა იაროს. უსამართლობაა, რომ ის თავისზე უმცროს ბავშვებთან ერთად სწავლობს, რომლებსაც სწავლასთან დაკავშირებული პრობლემები არ აქვთ. ხუთი წლით არის ის თანაკლასელებზე უფროსი.“
ქალბატონი ფორესტერი ჩუმად ტიროდა, როცა მისი მეუღლე მასწავლებელს ესაუბრებოდა: „მის მილერ,“ თქვა მან, „ასეთი სკოლა ახლომახლო არსად არ არის. საშინელი დარტყმა იქნება ჯერემისთვის, სხვა სკოლაში თუ გადავიყვანთ. ვიცით, რომ მას აქაურობა ძალიან მოსწონს.“
დორისი დიდხანს იჯდა ჩუმად მათი წასვლის შემდეგ და ფანჯრის მიღმა თოვლის ფიფქებს მისჩერებოდა. თოვლის სიცივე თითქოს სულზე ედებოდა.
დორისს უნდოდა თანაეგრძნო ფორესტერების ოჯახისთვის. ბოლოსდაბოლოს, მათი ერთადერთი ვაჟი სასიკვდილოდ იყო დაავადებული, მაგრამ უსამართლობა იყო მისი გაჩერება ამ კლასში. დორისს თვრამეტი სხვა, ჯერემიზე უმცროსი ბავშვები ჰყავდა კლასში, რომლებისთვისაც უნდა ესწავლებინა. ჯერემი კი მხოლოდ ხელს უშლიდა. უფრო მეტიც, ის წერა-კითხვას ვერასოდეს ისწავლიდა. რატომ უნდა გაეფლანგა დრო იმის მცდელობაში, რომ ამ ბიჭისთვის რამე ესწავლებინა?
მასწავლებელი ფიქრობდა და თან დანაშაულის გრძნობა აწუხებდა. „მე აქ ვზივარ და ვწუწუნებ, არადა ჩემი პრობლემები არაფერია ამ საცოდავი ოჯახის პრობლემებთან შედარებით“, ფიქრობდა იგი. „უფალო, გთხოვ, დამეხმარე, რომ მეტად მომთმენი ვიყო ჯერემის მიმართ.“ იმ დღიდან დორისი ცდილობდა ყურადღება აღარ მიექცია ჯერემის ხმაურისათვის.
ერთ დღეს ჯერემი მის მაგიდასთან მივიდა ძლივძლივობით და მთელი კლასის გასაგონად უთხრა: „მიყვარხართ, მის მილერ.“ მოწაფეებმა ჩაიცინეს. დორისი გაწითლდა.
დორისმა ძლივს ამოილუღლუღა: „ძძ-ძალიან სასიამოვნოა, ჯერემი. ა-ახლა, გთხოვ, შენს ადგილზე დაჯექი.“
დადგა გაზაფხული და ბავშვებმა მოახლოებულ აღდგომაზე დაიწყეს საუბარი. დორისმა მათ იესო ქრისტეს შესახებ უამბო და იმისათვის, რომ ახალი სიცოცხლის იდეაზე გაემახვილებინა ყურადღება, მან თითოეულ ბავშვს ცარიელი პლასტმასის კვერცხი მისცა და უთხრა: „ახლა, მინდა, რომ ეს კვერცხები სახლში წაიღოთ და ხვალ მოიტანოთ, ოღონდ შიგნით რაიმე ისეთი უნდა ჩადოთ, რაც ახალ სიცოცხლეს აღნიშნავს. გაიგეთ, ბავშვებო?“
„დიახ, მის მილერ,“ წამოიძახეს ბავშვებმა. მხოლოდ ჯერემი იყო ჩუმად. ის ყურადღებით უსმენდა მასწავლებელს და თვალს არ აშორებდა მას. არც ჩვეულებისამებრ ხმაურობდა. გაიგო მან, რასაც დორისი ამბობდა იესო ქრისტეს სიკვდილისა და აღდგომის შესახებ? გაიგო დავალება? იქნებ, ჯობდა, რომ მისი მშობლებისთვის დაერეკა და მათთვის აეხსნა ბავშვებისათვის მიცემული დავალების შესახებ.
იმ საღამოს დორისს ბევრი საქმე ჰქონდა და სულ დაავიწყდა ჯერემის მშობლებთან დარეკვა. მეორე დღეს, დილით ცხრამეტი ბავშვი მოვიდა სკოლაში. მათ პლასტმასის კვერცხებით სავსე კალათი მასწავლებლის მაგიდაზე დადეს.
მათემატიკის გაკვეთილის დასრულების შემდეგ დადგა კვერცხების გახსნის დროც. პირველ კვერცხში დორისმა ყვავილი იპოვა. „მართლაც, ყვავილი ახალი სიცოცხლის ნიშანია,“ თქვა მან.
მეორე კვერცხში პლასტმასის პეპელა იყო, მესამეში ხავსმოდებული ქვა. მეოთხე კვერცხი ცარიელი იყო.
დორისმა გაოცებით შეხედა ცარიელ კვერცხს. ეს ნამდვილად ჯერემის მოტანილი კვერცხი იყო. რასაკვირველია, მან ვერ გაიგო მასწავლებლის მითითება. ნეტავ, დაერეკა მისი მშობლებისათვის.
დორისს არ უნდოდა ჯერემი უხერხულ მდგომარეობაში ჩაეგდო და ამიტომაც ცარიელი კვერცხი გვერდით გადადო. უცებ ჯერემიმ თქვა: „მის მილერ, ჩემი სააღდგომო კვერცხის შესახებ არაფრის თქმას არ აპირებთ?“
დაბნეულმა დორისმა უპასუხა: „კი, მაგრამ, ჯერემი, შენ მიერ მოტანილი კვერცხი ცარიელია.“ ჯერემიმ მშვიდად შეხედა მას და რბილად თქვა: „დიახ, მაგრამ იესოს სამარხიც ხომ ცარიელი იყო.“
დრო თითქოს გაჩერდა.
და როცა დორისმა ხმის ამოღება ისევ შეძლო, ჰკითხა: „იცი, რატომ იყო იესოს სამარხი ცარიელი?“
„დიახ,“ მიუგო ჯერემიმ. „იესო მოკლეს და იქ დაასვენეს. შემდეგ კი მისმა მამამ აღადგინა იგი.“
ზარი დაირეკა. ბავშვები ეზოში გაიქცნენ. დორისს ცრემლები წასკდა. მის გულში არსებული სიცივე სადღაც გაქრა უკვალოდ.
სამი თვის შემდეგ ჯერემი გარდაიცვალა. მის დაკრძალვაზე მისულნი გაკვირვებულნი უყურებდნენ საკაცეზე დადებულ კალათს, რომელიც ცხრამეტი სააღდგომო კვერცხით იყო სავსე და ყველა მათგანი ცარიელი გახლდათ.


წყარო : -->> http://www.atimetolaugh.org/the-empty-egg.html#sthash.o5c56krw.7P1RrUo2.dpbs
 http://jesus.ge/?p=9388&utm_campaign=shareaholic&utm_medium=facebook&utm_source=socialnetwork

No comments:

Post a Comment

წიგნები

  მაია ენჯელოუ-ს "ვიცი რად გალობს გალიის,ჩიტი" ისეთი დიდი მოლოდინით და ინტერესით დავიწყე კითხვა მეგონა 2-3 დღეში დავასრულებდი.. სა...