Wednesday, 25 May 2016

50 წლიანი დიალოგი უცნაურ სიყვარულზე (“-სიყვარული თამაშია, სადაც ერთს უყვარს მეორე კი უფლებას აძლევს უყვარდეს.. “)

სინანულით სავსე დღიური

 

 


-მენატრებოდითქო, რომ გითხრა დაიჯერებ?
-რატომაც არა..
-შეცვლილი ხარ!
-მართლა? როგორ?
- წლების წინ მხოლოდ თვალები იყავი, ახლა კი ყველაფერი ხარ თვალების გარდა...
-ახლა თვალებს მუქი სათვალის უკან ვმალავ
-წლების წინ მხოლოდ სიყვარული შეგეძლო, ახლა კი ყველაფერი შეგიძლია სიყვარულის გარდა...
-სიყვარული? სასაცილოა!
-წლების წინ მხოლოდ ოცნებები გქონდა, ახლა კი ბევრი რამ გაქვს, მაგრამ ოცნებები აღარ...
- მაშინ ღრუბლებში დავფრინავდი ახლა კი მიწაზე ვდგევარ.. მიწაზე კი გეგმების ქონა უფრო ამართლებს, ვიდრე ოცნებების
-ნუთუ არაფერი შემოგრჩა იმ ადამიანისგან მე, რომ ვიცნობდი
-არ ვიცი, შენ რომელს მიცნობდი
-ქალაქის ქუჩებში სეირნობა და წვიმა, რომ უყვარდა იმას
-აღარ მიყვარს
-ნაყინი ზამთარში?
-აღარც ზაფხულში
-ზღვა?
-მზე თავს მატკიებს, ზღვა კი უმზეოდ მოსაწყენია
-შექსპირი?
-ახლა ბეგბედერი მირჩევნია
-ის ხომ ცინიკოსია
-რეალისტიც
-ინვალიდი მეზობელი, რომ გყავდა ისევ დადიხარ მასთან ნარდის სათამაშოდ?
-აღარ მცალია
-როცა ხელფასი მექნება 10%-ს მათხოვრებს დავურიგებო, მახსოვს ასე ამბობდი სტუდენტობის დროს..
-მართლა ვამბობდი მაგას?!
-წლების წინ მართლა სხვა, რომ იყავი ხვდები?
-ვხვდები
-წლებითქო ვამბობ, მაგრამ ნუთუ 10 წელი ბევრია? ასე სწრაფად როგორ მოასწარი საკუთარ თავში საკუთარი თავის ჩაკვლა?
- სიკვდილს წლები კი არა წამი სჭირდება
-როდის დადგა შენთან ეგ წამი?
-მაშინ!
-ყველაზე ცუდი ალბათ ისაა, რომ შენ შენი დღევანდელი სახე უფრო მოგწონს, შენი ჩაკეტილი სული და გაყინული გული გეამაყება.. გგონია, რომ სუსტი აღარ ხარ და გიხარია, მე კი ახლა ყველაზე სუსტი მგონიხარ ვიდრე ოდესმე..
-...
-სად არის ის ვინც, სადღაც მიყრუებული სოფლის ქოხშიც კი იცხოვრებდა სიყვარულთან ერთად... რატომ იწყება დღეს შენი ბედნიერება ძვირადღირებული „ჟეშტით“ და რატომ გახდა ქაღალდის კუპიურები შენი ცხოვრების ხერხემალი?
-ფულით იმ ბედნიერებას ვყიდულობ, რომელიც შენმა სიყვარულმა ვერ მომიტანა
-მთელი ეს წლები იმდენს ვოცნებობდი, შენს ნახვაზე... ახლა კი, გიყურებ და ვხედავ, რომ აქ არ ხარ, აქ კი არა არსად არ ხარ, შენ საკუთარი თავი მოკალი და ახლა ახალგაზრდა გვამი ხარ...
- და შენ ეს გულს გტკენს?
-რათქმაუნდა
-მეც მეტკინა მაშინ...

*************************************************************
კიდევ 5 წლის შემდეგ...
-როგორ ხარ?
-კარგად
-შეცვლილი ხარ, დაღლილი სახე გაქვს
-ხო, ბევრს ვმუშაობ
-მედიდურიც
-ჩემს შრომას შედეგი მოაქვს
-ხო, ხშირად მესმის შენი სახელი, ამასწინათ გაზეთშიც ვნახე შენი ფოტო... გულის სიღრმეში მეამაყები
-გმადლობ
-შენს თვალებში რაღაც ახალი გაჩნდა
-ალბათ, ჩემი შვილი
-სიყვარულის უნარიც დაგიბრუნდა?
-უბრალო კი არა ზებუნებრივი სიყვარულის
-ოცნებაც დაიწყე?
-კი, მის ნათელ და ბედნიერ მომავალზე ვოცნებობ
-გამიკვირდა აქ შენი ნახვა, სეირნობა ხომ აღარ გიყვარდა
-ჩემს პატარასთან ერთად მოვდივარ ხოლმე აქ, აი ხედავ იმ ანგელოზს წითელი ბურთით ხელში? ჩემი შვილია
-მეუღლე?
-მზრუნველია, მოსიყვარულე, ჩემზე უზომოდ შეყვარებული, მოკლედ ისეთი როგორიც შენ ვერასოდეს იქნებოდი
-გიყვარს?
-სიყვარული თამაშია, სადაც ერთს უყვარს მეორე კი უფლებას აძლევს უყვარდეს..
-მე და შენ, ხომ გვიყვარდა ერთმანეთი?
-გვიყვარდა, ოღონდ სხვადასხვა დროს


**************************************
კიდევ 5 წლის შემდეგ:
-გავიგე შენი ამბავი და არ შემეძლო არ მოვსულიყავი
-უნდა დამცინო? თუ გიხარია სულ ტყუილად ზეიმობ, მე თავს უბედურად არ ვგრძნობ
-არა, რას ამბობ მე ხომ...
-კარგი მაპატიე, ნერვებს ავყევი
-რატომ დაშორდით?
-დაიღალა ჩემი სიყვარულით და ჩემი უსიყვარულობით
-საბოლოოდ დაშორდით?
-კი
-მართლა კარგად ხარ?
-მე კი, მაგრამ ბავშვზე ვნერვიულობ მხოლოდ. მას ხომ დედაც სჭირდება და მამაც
-მე შემიძლია რაიმეთი დაგეხმარო?
-მაგრად ჩამეხუტე
-...
-...
-...
-ახლა კი წადი, ბევრი საქმე მაქვს, დაგირეკავ, როცა მოვიცლი.

****************************************
კიდევ 30 წლის შემდეგ:
-რატომ მოხვედი?
-არ შემეძლო არ მოვსულიყავი
-ეგ შენი მედიდური სახე ახლა მაინც დაგეტოვებინა კართან
-გძულვარ?
-არც შენ გიყვარვარ!
-აბა აქ რატომ ვარ ახლა?
-დასამშვიდობებლად მოხვედი ალბათ
-მე და შენ ვერასოდეს დავემშვიდობებით ერთმანეთს, იმიტომ, რომ ყოველთვის ერთი მთლიანობა ვიყავით... გაგირბოდი, მაგრამ მაინც შენთან ვიყავი მუდამ
-რატომ არ დამირეკე მაშინ?
-ხომ გითხარი გაგირბოდითქო
-რატომ გარბოდი?
-გსჯიდი, ხან შენ გსჯიდი და ხანაც საკუთარ თავს
-რისთვის?
-რომ მიყვარდი იმისთვის... სიყვარული სისუსტეა, ეს სამყარო კი სისუსტეებს არ პატიობს ადამიანს
-მე შენი სისუსტე მიყვარდა, გჯერა?
-ჩემი სისუსტის ფონზე შენ ძლიერი ჩანდი, სინამდვილეში კი ყოველთვის სუსტი იყავი და მე მძულდა ჩემი თავი შენისთანა სუსტის სიყვარულისთვის
-მე დამღუპა ჩემმა სისუსტემ, მაგრამ არც შენ აუშენებიხარ შენს სიძლიერეს
-ცდები!
-არ ვცდები, შენ შენი ცხოვრება ფულის, სახელისა და ძალაუფლების მოპოვებას შეალიე, მაგრამ ამ ყველაფერმა ვერ მოგცა ის რისი მოცემაც მე შემეძლო. მთელი ცხოვრება სხვაგან ეძებდი იმას რაც ჩემთან გელოდა
-ცდები მეთქი
-აბა რატომ მოხვედი ახლა? რატომ გაღრმავდა შენს სახეზე ნაოჭები? რატომ აივსო შენი თვალები ტკივილით? ცრემლებს არ მაჩვენებ, მაგრამ ვიცი მთელი შენი არსება ტირის ახლა... ტირის რადგან მე შენ ისევ გტოვებ, გტოვებ ზუსტად ისე, როგოც წლების წინ... მე მიხარია, რომ ვკვდები, მიხარია, რომ პირველი მივდივარ და გტოვებ... ეს ჩემი შურისძიებაა, სამაგიეროს გიხდი, სიჯიუტისთვის, შენს ლოდინში გატარებული წლებისთვის, შენს გარეშე გასული ყოველი წამისთვის გსჯი... მიხარია, რომ ვკვდები, რადგან შენ ახლა იმაზე მეტად გტკივა გული ვიდრე მე მტკიოდა მთელი ამ წლების მანძილზე
-სიყვარული თამაშია, სადაც ერთს უყვარს მეორე კი უფლებას აძლევს უყვარდეს.. ჩვენ კი ეს თამაში არ ვითამაშეთ... ჩვენს სიყვარულში ხან ერთს უყვარდა, ხან მეორეს... ჩვენს სიყვარულში ხან ერთი არ აძლევდა სიყვარულის უფლებას, ხან მეორე...
-თუ სიყვარული თამაშია, სადაც ერთს უყვარს მეორე კი უფლებას აძლევს უყვარდეს, მაშინ ჩვენი სიყვარული სიყვარულზე მეტი იყო, რადგან ჩვენ ერთმანეთის ცალმხრივი სიყვარულისგან დაცვა გვინდოდა...


 წყარო: -->> http://droni.ge/?m=5&AID=10790


Friday, 20 May 2016

40 ეფექტური რჩევა კულინარებს, ჯეიმი ოლივერისგან!


1. კატლეტების კეთებისას მუდმივად დაისველეთ ხელი ცივი წყლით, რომ უმი ხორცი ხელისგულზე არ მიგეკრათ.

2. თუ რეცეპტით გათვალისწინებულ რომელიმე ინგრედიენტს ვერ პოულობთ, შეცვალეთ ის! კერძი მაინც უგემრიელესი გამოვა…

3. ანჩოუსის გემო პასტაში არ იგრძნობა.

4. ბროწეულის გასაწმენდად, გაჭერით ის შუაზე და ძლიერად დაარტყით ქერქზე.

5. ლაიმს თუ გავათბობთ მისგან მეტი წვენის გამოწურვას შევძლებთ.,~

6. იმისთვის, რომ სპაგეტი მშრალი და წებოვანი არ გამოვიდეს, ყოველთვის ჩატოვეთ ქვაბში ცოტაოდენი წყალი.

7. თუ თევზს მომზადებისას ზემოდან ცხიმიან, შებოლილ ბეკონს დაადებთ, მას სასიამოვნო არომატი ექნება.

8. კარტოფილის მზადებისას, ნესტისა და წყლისგან თავდასაცავად, გადააფარეთ ტაფას გაზეთი ან სამზარეულოს ტილო.

9. ბეკონი ქათამს შებოლილი ხორცის გემოს აძლევს.

10. ლაიმისგან რომ უფრო მეტი წვენის გამოწუროთ, ოდნავ დააჭირეთ ხელი და მაგიდაზე გააგორ-გამოაგორეთ. მხოლოდ ამის შემდეგ
გაჭერით და გაწურეთ.

11. თუ გინდათ რომ ბევრი ზეთისხილი ერთდროულად გაწმინდოთ კურკისგან, დაყარეთ ისინი მაგიდის ზედაპირზე და მძიმე ჯამით ან ქვაბით ოდნავ გაჭყლიტეთ.

12. იმისთვის, რომ მწვანილს უფრო მძაფრი გემო ჰქონდეს, ჩაჭყლიტეთ ის ქვასანაყით და მოასხით ზეითუნის ზეთი.

13. იმისთვის, რომ პილპილმა ტკბილი გემო მიიღოს, ის უნდა შეწვათ მანამ, სანამ არ გახდება შავი შეფერილობის.

14. გარგარის კურკის ნაყოფი სალათებს ამარეტოს გემოს მისცემს.

15. სოკოს მხოლოდ მომზადების შემდეგ მოაყარეთ მარილი.

16. ეცადეთ კერძში თხლად ათლილი ლიმონის ცედრა გამოიყენოთ და სუბკორტიკალურ (თეთრ) ფენას თავი აარიდოთ.

17. პასტა ადვილად დატყდება თუ მას ტილოში გაახვევთ.

18. თუ კერძში ზედმეტი ცხიმი გინდათ გაანეიტრალოთ, დაუმატეთ მას ანანასი.,

19. მომზადებამდე ყაბაყი კარგად უნდა დაიზილოს.

20. იმისთვის, რომ შოკოლადის სოუსი გემრიელი გამოვიდეს, დაუმატეთ მას ფორთოხალი.

21. გარგარი ძლიერ უხდება ცხიმიან ხორცს.

22. ბადრიჯანი უნდა მომზადდეს ორთქლზე, სულ რამოდენიმე წუთით.

23. ქაღალდი ძალიან კარგად იწოვს ზედმეტ ცხიმს ქათმის ხორცისგან.

24. ახალი ჭარხალი მარილიან წყალში უნდა მოიხარშოს.

25. არ არის სავალდებულო დაგრილვისას ბევრი ნახშირი გამოვიყენოთ, უბრალოდ მოაქციეთ ისინი ერთ, კონკრეტულ მხარეს და პროდუქტები მასზე გადაატარეთ.

26. თუ კარტოფილს სალათის მოსამზადებლად იყენებთ, ის აუცილებლად ცხლად უნდა დაჭრათ.

27. მოაყარეთ ხორცს შეწვისას 1 ს. კ ფქვილი რომ ხრაშუნა ზედაპირი ჰქონდეს.

28. თევზის შეწვისას არაა აუცილებელი ტაფა ზეთით დაამუშავოთ – სანაცვლოდ, ჯობს თევზი დაამუშავოთ ზეთით.

29. პასტას თუ კიბორჩხალას ხორცსა და გრეიფრუტის წვენს დაუმატებთ, უგემრიელეს კერძს მიიღებთ.

30. რძისგან ხაჭოს დამზადება ლიმონის ცედრის გამოყენებითაც შეიძლება.

31. კარტოფილს მწვანილი მხოლოდ მირთმევამდე მოაყარეთ და არავითარ შემთხვევაში მანამდე!

32. უმჯობესია, თუ კერძებში დაჭყლეტილ, დაჭრილ და შემდეგ მარილმოყრილ ნიორს გამოიყენებთ, ასე ნიორი გემოს შეინარჩუნებს.

33. მარტივი დრესინგის მოსამზადებლად უბრალოდ შეურიეთ მჟაუნა და კამა ლიმონის წვენს.

34. თუ რეცეპტში კვერცხის, შაქრისა და რაიმე წვენის ათქვეფა დაგჭირდათ, გაითვალისწინეთ, რომ ეს მხოლოდ მდუღარე წყლის დახმარებით კეთდება.

35. ლიმონის ცედრა ძალიან უხდება შოკოლადს.

36. თუ სხვადასხვა ინგრედიენტებთან ერთად პიტნაც უნდა მოთუშოთ, ჯობს პიტნით დაიწყოთ.

37. იმისთვის, რომ ჩილი წიწაკას სიცხარე დააკარგვინოთ, საკმარისია დიდი რაოდენობით წყალში გარეცხოთ და თესლი გამოაცალოთ.

38. თუ ხახვის თუშვის შედეგად გამოწვეული, უსიამოვნო სუნის თავიდან არიდება გსურთ, მოთუშეთ ხახვი მარილთან ერთად, დაბალ ცეცხლზე.

39. თევზი რომ გრილზე არ მიეკროს, მომზადებამდე ის აუცილებლად უნდა დაამუშავოთ მარილით.

40. ვერმუტი (დასპირტული ღვინო) რიზოტოს ბრინჯს უჩვეულო გემოს აძლევს.

წყარო-->> http://aww.ge/kulinariumi123jeimi-oliveris-rchevebi-kulianrebs/

Monday, 2 May 2016

ცარიელი სამარხი


ჯერემი გონებრივად ჩამორჩენილი და ფიზიკური ნაკლის მქონე დაიბადა. თორმეტი წლის ასაკში ის კვლავ მეორე კლასში იყო, რადგანაც სწავლა ძალიან უჭირდა. მისი მასწავლებელი, დორის მილერი, ხშირად ბრაზდებოდა მასზე. ჯერემი ხან ვერ ისვენებდა სკამზე ჯდომისას, დორბლი გადმოსდიოდა და ხმაურობდა, მაგრამ ხან ისე გასაგებად და მკაფიოდ ლაპარაკობდა, თითქოს სინათლის სხივი აღწევდა ამ დროს მის გონებაში გამეფებულ სიბნელეში, თუმცა, უმეტესწილად, ჯერემის ქცევა ძალიან აღიზიანებდა მასწავლებელს.
ერთხელ მასწავლებელმა ჯერემის მშობლებს დაურეკა და შეხვედრა სთხოვა. ფორესტერები ცარიელ საკლასო ოთახში რომ შევიდნენ, დორისმა უთხრა მათ: „ჯერემის მისნაირი ბავშვებისთვის განკუთვნილ საგანგებო სკოლაში უნდა იაროს. უსამართლობაა, რომ ის თავისზე უმცროს ბავშვებთან ერთად სწავლობს, რომლებსაც სწავლასთან დაკავშირებული პრობლემები არ აქვთ. ხუთი წლით არის ის თანაკლასელებზე უფროსი.“
ქალბატონი ფორესტერი ჩუმად ტიროდა, როცა მისი მეუღლე მასწავლებელს ესაუბრებოდა: „მის მილერ,“ თქვა მან, „ასეთი სკოლა ახლომახლო არსად არ არის. საშინელი დარტყმა იქნება ჯერემისთვის, სხვა სკოლაში თუ გადავიყვანთ. ვიცით, რომ მას აქაურობა ძალიან მოსწონს.“
დორისი დიდხანს იჯდა ჩუმად მათი წასვლის შემდეგ და ფანჯრის მიღმა თოვლის ფიფქებს მისჩერებოდა. თოვლის სიცივე თითქოს სულზე ედებოდა.
დორისს უნდოდა თანაეგრძნო ფორესტერების ოჯახისთვის. ბოლოსდაბოლოს, მათი ერთადერთი ვაჟი სასიკვდილოდ იყო დაავადებული, მაგრამ უსამართლობა იყო მისი გაჩერება ამ კლასში. დორისს თვრამეტი სხვა, ჯერემიზე უმცროსი ბავშვები ჰყავდა კლასში, რომლებისთვისაც უნდა ესწავლებინა. ჯერემი კი მხოლოდ ხელს უშლიდა. უფრო მეტიც, ის წერა-კითხვას ვერასოდეს ისწავლიდა. რატომ უნდა გაეფლანგა დრო იმის მცდელობაში, რომ ამ ბიჭისთვის რამე ესწავლებინა?
მასწავლებელი ფიქრობდა და თან დანაშაულის გრძნობა აწუხებდა. „მე აქ ვზივარ და ვწუწუნებ, არადა ჩემი პრობლემები არაფერია ამ საცოდავი ოჯახის პრობლემებთან შედარებით“, ფიქრობდა იგი. „უფალო, გთხოვ, დამეხმარე, რომ მეტად მომთმენი ვიყო ჯერემის მიმართ.“ იმ დღიდან დორისი ცდილობდა ყურადღება აღარ მიექცია ჯერემის ხმაურისათვის.
ერთ დღეს ჯერემი მის მაგიდასთან მივიდა ძლივძლივობით და მთელი კლასის გასაგონად უთხრა: „მიყვარხართ, მის მილერ.“ მოწაფეებმა ჩაიცინეს. დორისი გაწითლდა.
დორისმა ძლივს ამოილუღლუღა: „ძძ-ძალიან სასიამოვნოა, ჯერემი. ა-ახლა, გთხოვ, შენს ადგილზე დაჯექი.“
დადგა გაზაფხული და ბავშვებმა მოახლოებულ აღდგომაზე დაიწყეს საუბარი. დორისმა მათ იესო ქრისტეს შესახებ უამბო და იმისათვის, რომ ახალი სიცოცხლის იდეაზე გაემახვილებინა ყურადღება, მან თითოეულ ბავშვს ცარიელი პლასტმასის კვერცხი მისცა და უთხრა: „ახლა, მინდა, რომ ეს კვერცხები სახლში წაიღოთ და ხვალ მოიტანოთ, ოღონდ შიგნით რაიმე ისეთი უნდა ჩადოთ, რაც ახალ სიცოცხლეს აღნიშნავს. გაიგეთ, ბავშვებო?“
„დიახ, მის მილერ,“ წამოიძახეს ბავშვებმა. მხოლოდ ჯერემი იყო ჩუმად. ის ყურადღებით უსმენდა მასწავლებელს და თვალს არ აშორებდა მას. არც ჩვეულებისამებრ ხმაურობდა. გაიგო მან, რასაც დორისი ამბობდა იესო ქრისტეს სიკვდილისა და აღდგომის შესახებ? გაიგო დავალება? იქნებ, ჯობდა, რომ მისი მშობლებისთვის დაერეკა და მათთვის აეხსნა ბავშვებისათვის მიცემული დავალების შესახებ.
იმ საღამოს დორისს ბევრი საქმე ჰქონდა და სულ დაავიწყდა ჯერემის მშობლებთან დარეკვა. მეორე დღეს, დილით ცხრამეტი ბავშვი მოვიდა სკოლაში. მათ პლასტმასის კვერცხებით სავსე კალათი მასწავლებლის მაგიდაზე დადეს.
მათემატიკის გაკვეთილის დასრულების შემდეგ დადგა კვერცხების გახსნის დროც. პირველ კვერცხში დორისმა ყვავილი იპოვა. „მართლაც, ყვავილი ახალი სიცოცხლის ნიშანია,“ თქვა მან.
მეორე კვერცხში პლასტმასის პეპელა იყო, მესამეში ხავსმოდებული ქვა. მეოთხე კვერცხი ცარიელი იყო.
დორისმა გაოცებით შეხედა ცარიელ კვერცხს. ეს ნამდვილად ჯერემის მოტანილი კვერცხი იყო. რასაკვირველია, მან ვერ გაიგო მასწავლებლის მითითება. ნეტავ, დაერეკა მისი მშობლებისათვის.
დორისს არ უნდოდა ჯერემი უხერხულ მდგომარეობაში ჩაეგდო და ამიტომაც ცარიელი კვერცხი გვერდით გადადო. უცებ ჯერემიმ თქვა: „მის მილერ, ჩემი სააღდგომო კვერცხის შესახებ არაფრის თქმას არ აპირებთ?“
დაბნეულმა დორისმა უპასუხა: „კი, მაგრამ, ჯერემი, შენ მიერ მოტანილი კვერცხი ცარიელია.“ ჯერემიმ მშვიდად შეხედა მას და რბილად თქვა: „დიახ, მაგრამ იესოს სამარხიც ხომ ცარიელი იყო.“
დრო თითქოს გაჩერდა.
და როცა დორისმა ხმის ამოღება ისევ შეძლო, ჰკითხა: „იცი, რატომ იყო იესოს სამარხი ცარიელი?“
„დიახ,“ მიუგო ჯერემიმ. „იესო მოკლეს და იქ დაასვენეს. შემდეგ კი მისმა მამამ აღადგინა იგი.“
ზარი დაირეკა. ბავშვები ეზოში გაიქცნენ. დორისს ცრემლები წასკდა. მის გულში არსებული სიცივე სადღაც გაქრა უკვალოდ.
სამი თვის შემდეგ ჯერემი გარდაიცვალა. მის დაკრძალვაზე მისულნი გაკვირვებულნი უყურებდნენ საკაცეზე დადებულ კალათს, რომელიც ცხრამეტი სააღდგომო კვერცხით იყო სავსე და ყველა მათგანი ცარიელი გახლდათ.


წყარო : -->> http://www.atimetolaugh.org/the-empty-egg.html#sthash.o5c56krw.7P1RrUo2.dpbs
 http://jesus.ge/?p=9388&utm_campaign=shareaholic&utm_medium=facebook&utm_source=socialnetwork

Saturday, 30 April 2016

სააღდგომო ეპისტოლე


სააღდგომო ეპისტოლე უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისა
,,დამიხსნის მე უფალი ყოველი ბოროტი საქმისაგან
და მაცხონებს მე თავის ზეციურ სასუფეველში” (II ტიმ. 4,18)

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, საერო დასნო, საყვარელნო დანო და ძმანო!
ქრისტე აღდგა!
ქრისტე აღდგა! – გუგუნებენ ეკლესიის ზარები,
ქრისტე აღდგა! დღესასწაულობს ცა და ქვეყანა
ქრისტე აღდგა! – სიხარულით ვღაღადებთ ჩვენც და არამიწიერი გრძნობით აღვსილნი ბოროტების ბატონობის დასრულებას ვზეიმობთ.
,,სადა არს, სიკვდილო, საწერტელი შენი?
სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაი შენი?” (I კორ. 15,55).
დღეს ყველა ბედნიერია, – მდიდარი თუ ღარიბი, მოხუცი თუ ახალგაზრდა, ჯანმრთელი თუ სნეული… ურწმუნო ადამიანიც კი სხვა გრძნობითაა განმსჭვალული.
– რატომ არის ასეთი ყოვლისმომცველი ეს ზეიმი?
– იმიტომ, რომ მაცხოვარმა აღდგომით ზეცის კარიბჭენი გახსნა ყველასთვის და ადამის მთელი მოდგმა ადამის ცოდვის გამომსყიდველს შეჰხარის.
– მაგრამ რის ფასად მოგვენიჭა ეს ბედნიერება?
,,შენთვის ღმერთი შენი ვიქმენ ძედ შენდა; შენთვის უმაღლესი ზესკნელთა გარდამოვხედ ქუეყანად და ქვეყანით შთავხედ ქუეშე ქუეყანისა, რათა ხრწნილებისაგან აღგადგინო,” – ვკითხულობთ დიდი შაბათის საკითხავში.
დიახ `ცოდვის არმცოდნე (უფალი) ცოდვის მსხვერპლი გახდა ჩვენი გულისთვის, რათა მასში ღმერთის სიმართლედ ვქცეულიყავით” (II კორ. 5.21).
ამ მოვლენის არსი რომ ნაწილობრივ მაინც გავაცნობიეროთ, ჯერ სულიერად გოლგოთას უნდა მივეახლოთ, სადაც ჯვარცმულ მაცხოვართან ერთად ორი დამნაშავეა გაკრული ძელზე.
ორივე ავაზაკი ცოდვებით და უკეთურებებით იყო სავსე, მაგრამ სულიერად სრულიად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან.
ერთი შეურაცხყოფდა უფალს და დასცინოდა მას, მეორე კი თავის ხვედრს სამართლიანად მიიჩნევდა და სთხოვდა იესოს შეწყალებას.
დიადი რწმენა! – ასე ახასიათებენ წმინდა მამები მეორე ავაზაკის ამ მდგომარეობას. სააღდგომო ერთერთ ჰომილიაში ვკითხულობთ: თვით მოციქულებიც, რომლებიც ხედავდნენ უკვე მკვდრეთით აღმდგარ იესოს, კიდევ მერყეობდნენ და დამამტკიცებელ საბუთებს ეძიებდნენ, ჯვარცმულმა ავაზაკმა კი ყველაზე დამამცირებელი სასჯელით დასჯილი ქრისტე იწამა და შესთხოვა: ,,მომიხსენე მე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა”(ლუკა, 23,42); პასუხად კი მიიღო: ,,ამინ, გეტყვი შენ: დღეს ჩემთანა იყო სამოთხესა”(ლუკა 23,43).
თავმდაბლობამ, საკუთარ ცოდვათა გაცნობიერებამ და სინანულმა ავაზაკს სულიერი თვალი აუხილა, ჯვარცმულ იესოში მაცხოვარი დაანახა, რაც გახდა მიზეზი ჯვრიდან ზეცაში მისი მსწრაფლ აღყვანებისა.
აქვე მინდა შეგახსენოთ ,,ქართლის ცხოვრებაში” დაცული შემდეგი ისტორია: იერუსალიმიდან მოსული მოწვევის თანახმად, დღესასწაულში მონაწილეობის მისაღებად და, ამასთან, მაცხოვრის ჯვარცმაზე დასასწრებად წასვლა საქართველოში მცხოვრები ებრაელებიდან, ლონგინოზთან ერთად, მოუწია წმინდა სიდონიას ძმას, ელიოზს;
მათი დედა დიდად წუხდა იმის გამო, რაც შეიძლება წმინდა ქალაქში განვითარებულიყო, რადგან გრძნობდა, უსამართლო განსჯა ხდებოდა მართლისა; ამიტომაც შვილი დაარიგა, არ მიეღო მონაწილეობა მაცხოვრის დასჯაში, რაც ელიოზმა აღასრულა და მცხეთაში მაცხოვრის კვართი სწორედ მან და ლონგინოზმა ჩამოაბრძანეს.
მანამადე კი, პარასკევ დღეს, როცა პასანიკმა (ჯალათმა) კვერი (იგივე ურო) დაარტყა იესოს ჯვარზე მისაჭედებლად, ელიოზის და წმინდა სიდონიას დედა იმდენად თანაეზიარა ვნებებს უფლისას, რომ დაჭედების ხმა მას გოლგოთიდან მცხეთას მოესმა, სამსჭვალმა თითქოს გულში გაუარა, ტკივილისაგან სულშეძრულმა ,,იკრჩხიალა მწარედ” აღმოთქვა რა: ,,მშვიდობით, მეფობაო ჰურიათაო, რამეთუ მოჰკალთ თავისა მაცხოვარი და მხსნელი” და სული განუტევა.
ეს არის იესო ქრისტეს, როგორც ჭეშმარიტი ღმერთის, სრული აღიარება და ამასთან, მისთვის პირველი მარტვილობის მაგალითი კაცობრიობის ისტორიაში.
ასე რომ, მაცხოვრის ჯვარცმისას მარადიული ნეტარების ღირსი ორი პიროვნება აღესრულა ქრისტეს რწმენით, – იერუსალიმში ავაზაკი და მცხეთას წმინდა სიდონიას და ელიოზის დედა. წმ.სიდონიას დედა წმინდანად ახლახანს იქნა კანონიზებული საქართველოს ეკლესიის მიერ.
აღვნიშნავთ იმასაც, რომ კეთილგონიერი ავაზაკი ამავე დროს, არის მონანული ქრისტიანის სიმბოლო, რადგან ჩვენ ყველანი ცოდვილნი ვართ ღვთის წინაშე. მართალია, უფლის ნათლისღებით ნათელვიღეთ და განვიბანეთ სულისა და ხორცის ბიწისაგან, მაგრამ ჩვენი დაცემული ბუნების გამო ნათლობის შემდეგაც არ ვიშლით ავ ზნეს და ვნებათა მონა ვხდებით ყოველდღიურად, რაც საუკუნო დაღუპვას გვიქადის.
_ როგორ მოვიქცეთ?
_ ღმერთს უნდა მივუახლოვდეთ.
_ და რა გავაკეთოთ ამისათვის?
_ უნდა ვისწავლოთ საკუთარ თავზე დაკვირვება, თითოეული ჩვენი ქმედების სწორი შეფასება, უნდა ვისწავლოთ ანალიტიკური აზროვნება, თეთრისა და შავის გარჩევა, რაც საშუალებას მოგვცემს ბოროტს განვეშოროთ და სიკეთეს ვემსახუროთ.
სამწუხაროდ, თუნდაც მორწმუნე, მაგრამ არაეკლესიური ადამიანების უმრავლესობასაც თავდაპირველად ჰგონია, რომ მათ, თითქოს, ცოდვა არა აქვთ, რომ კარგი თვისებებისანი არიან და არაფერი აქვთ სააღსარებო და მოსანანიებელი; მაშინ, როდესაც, მართლაც, წმინდად მცხოვრებნი გულწრფელად მიიჩნევენ, რომ უღირსნია და მათზე ცოდვილი სხვა არავინაა.
_ ასე რატომ ხდება?
_ შეგახსენებთ აბბა დოროთეს საუბარს ქალაქ ღაზას ერთ წარჩინებულ და ფრიად გავლენიან მოქალაქესთან:
_ როგორად მიგაჩნია შენი თავი ამ ქალაქში? _ ჰკითხა მას წმინდანმა.
_ ფაქტია, ყველა მიცნობს და მაფასებს, – იყო პასუხი.
_ თუ კესარიაში წახვალ, იქ როგორად მიიჩნევ შენს თავს?
_ იქაურ დიდებულთა შორის უმცირესად.
_ ანტიოქიაში თუ იქნებოდი?
_ ჩვეულებრივ მოქალაქედ.
_ და თუ კონსტანტინეპოლში მეფის კარზე მოხვდებოდი?
_ გლახაკად და არაფრისმქონედ.
ასე არის ნებისმიერი ადამიანიც, – უთხრა აბბა დოროთემ, – რაც უფრო უახლოვდება ღმერთს, მით მეტად ხედავს თავის არარაობას და უღირსობას.
ხოლო ვინც მისგან შორს არის, თავსი ცხოვრებით თავმომწონეობს.
ჩვენ უნდა დავიწყოთ ჩვენი თავის შეცნობა და ჩვენი სისუსტეებისა და ნაკლოვანებების გაცნობიერება.
როგორც წმინდა მამები აღნიშნავენ, მომაკვდინებელ ვნებები შემდეგია:
გემოთმოყვარება, სიძვა, ვერცხლისმოყვარება, მრისხანება, მოწყინება, უიმედობა, დიდებისმოყვარეობა და ამპარტავნება. სხვა ყველაფერი მათგან მომდინარეობს.
ამა თუ იმ ცოდვამ ადამიანში თუ ღრმად გაიდგა ფესვი, მას დამღუპველი ზემოქმედება აქვს.
ამიტომაც, ნუ იფიქრებ, რომ თუ შენ, მაგალითად, კეთილი ხარ, მაგრამ ლოთი, ეს ცოდვა მძიმედ არ იმოქმედებს შენს მომავალ ცხოვრებაზე. ან, თუ გონიერი ხარ, მაგრამ შურით სავსე, ეს ხელს არ შეგიშლის ცხონებაში.
,,ვინც თქვა არ იმრუშო, ისიც თქვა: არა კაც ჰკლა. ამიტომ, თუ არ იმრუშებ, მაგრამ კაცს მოკლავ, რჯულის დამრღვევი ხარ.” (II ტიმ. 2, 10-11).
ამასთან, ვნებებს შორის უხილავი, მტკიცე მიზეზ-შედეგობრივი კავშირია და თუ ადამიანი ერთ-ერთმა მათგანმა ჩაითრია, ის ერთი სხვა ვნებებსაც მოიზიდავს.
თუმცა, როგორც ერთი ცოდვა შობს მეორეს, ასეთივე თვისებისაა ქრისტიანული სიკეთენიც. იცოდე, ერთ ღვთისსათნო საქმეში თუ განმტკიცდები, სხვა სათნოებებსაც შედარებით ადვილად მოიპოვებ.
მოწაფის კითხვაზე: რა გავაკეთო, რომ ღმერთს სათნო ვეყო?, – ცნობილმა ბერმა უპასუხა: განა ყველა კეთილი საქმე კეთილი არ არის? აბრაამი იყო სტუმართმოყვარე და ღმერთი იყო მასთან. დავით მეფე იყო მშვიდი და ღმერთი იყო მასთან, შენც დაუკვირდი, რომელი ქველი საქმისკენ ისწრაფვის შენი სული, აკეთე იგი ღვთის სადიდებელად და სხვა მადლიც განმრავლდება შენში. ოღონდ, უპირველეს ყოვლისა, მოიპოვე სინანული და თავმდაბლობა, რაც არის ქრისტიანული ცხოვრების საფუძველი.
,,შეინანეთ”! _ ქადაგებდა წმ. იოანე ნათლისმცემელი.
,,შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა” (მთ.4.17) _ მოუწოდებდა და მოუწოდებს მაცხოვარი და ამასთან გვაფრთხილებს:
,,ყავთ ნაყოფი ღირსი სინანულისა,” – რაც ნიშნავს იმას, რომ სინანული ჩადენილი ცოდვის ტოლფასი უნდა იყოს, ანდა ჭარბობდეს მას, თუ გვინდა, რომ აღიხოცოს იგი ჩვენი სულიდან.
გავიხსენოთ მეზვერე ზაქე წმინდა სახარებიდან.
უფალთან შეხვედრამ იგი ისე შეცვალა, რომ უფალს აღუთქვა მებაჟეობისას ხალხისგან უსამართლოდ წართმეულ ზედმეტს ოთხწილად დაუბრუნებდა უკან ყველას, რადგან იგრძნო თავისი დანაშაულის სიმძიმე.
ღმერთს უყვარს გულწრფელად მონანული ასეთი ადამიანი; უყვარს იმდენად, რომ მისი მოწყალება ფარავს ყველაზე დიდ და მძიმე ცოდვებსაც.
_ როგორ მივხვდეთ, ცოდვის ტოლფასია თუ არა ჩვენი სინანული?
¬_ თუ შედეგად ჩვენში ხდება ცოდვასთან სრული განშორება და აზროვნების და ცხოვრების წესის შეცვლა, _ მიზნისთვის მიგვიღწევია.
ასეთი სინანული არის სინდისის განმწმენდელი და აღმადგინებელი ძალა, სულიერი სიმშვიდის მომნიჭებელი და სასწაულთმოქმედების უნარის მქონე მადლი, ღვთის მოწყალების გამღები ერთადერთი კარი.
სულიერი თვალის ახელა ზოგიერთ პიროვნებაში ნელ-ნელა ხდება, ზოგიერთში კი – ერთბაშად, თუმცა ორივე შემთხვევაში სიწმინდის შენარჩუნება სერიოზულ ძალისხმევას მოითხოვს.
ამ ბრძოლაში დიდ შეცდომას დავუშვებთ, თუ მხოლოდ ჩვენს თავს დავეყრდნობით, არამედ მუდმივად უნდა ვლოცულობდეთ და უფალს ვუხმობდეთ, რადგან მხოლოდ იგია ბოროტის შემმუსვრელი და ჩვენი განმაძლიერებელი.
არ შევუშინდეთ დროებით წარუმატებლობებს!
წმინდა მამები გვასწავლიან, რომ ის კი არ არის საშიში, თუ ვნებები გვებრძვის და ჩვენც ვებრძვით მათ, არამედ ისეთი მდგომარეობა, როცა ვემორჩილებით სხვადასხვა ვნებას და წინააღმდეგობის გაწევის სურვილი აღარ გვაქვს.
უბედურება იმაში კი არ არის, რომ შესცოდე, არამედ იმაში, რომ დაცემულს ადგომა არ გინდა; უბედურება ის კი არ არის რომ ვნებებმა დროებით დაგძლია, არამედ ის, რომ ცოდვაში ცხოვრება მოგწონს და ჯიუტად აგრძელებ ასეთ ყოფას და სხვათაც ღუპავ.
ზოგს მიაჩნია, რომ ღვთის მცნებების დაცვა ძნელია და რადგან ამის უნარი არა აქვს, ურჩევნია, ძველებურად განაგრძოს ცხოვრება, თუმცა იცის, რომ სწორად არ იქცევა. დიდი ნაწილი კი ფიქრობს, რომ მისთვის მთავარია, დღეს, აქ ჰქონდეს ყველაფერი, აქ იგემოს ყველა შესაძლო სიამოვნებაც და განსაცდელიც, რადგან რა იქნება გარდაცვალების შემდეგ, არ იცის და არ ესმის, რატომ უნდა დაიტანჯოს თავი რაღაც გაურკვეველი მომავლისათვის, რომელიც მართლა არსებობს თუ არა, არავინ უწყის.
ასეთად მოაზროვნეთათვის, რა თქმა უნდა, რაიმეს მტკიცებას აზრი არა აქვს. ისინი იმასაც ვერ ხვდებიან, რომ თუ ჩვენ მხოლოდ ამქვეყნიური ცხოვრებისათვის ვიყავით შექმნილნი, მაშინ, წესით, სიკვდილი არ უნდა ყოფილიყო და ჩვენი ყოფაც აქ, ამ მიწაზე დაუსრულებლად უნდა გაგრძელებულიყო.
ხმელეთისა და ზღვისქვეშეთი, ფლორა და ფაუნა, მზის გალაქტიკა (სხვაზე რომ აღარაფერი ვთქვათ) მთელი თავისი ურთულესი მექანიზმებით ნუთუ მარტო იმისთვის შეიქმნა, რომ ჩვენ ამ გარემოში 40, 80 თუ 100 წელი დავყოთ მხოლოდ და მერე უკვალოდ გავქრეთ? ეს ხომ უაზრობაა.
ნუ მივემსგავსებით მაცხოვრის გვერდით ჯვარცმულ იმ ავაზაკს, რომელმაც მთელი სიცოცხლის მანძილზეც და ძელზე ყოფნისასაც ვერ გაიგო, რა იყო სიცოცხლის აზრი, ვერც ქრისტე შეიცნო, და კიდევ უარესი, – ბოლომდე შეურაცხყოფდა და დასცინოდა მას.
ღმერთმა ყველა დაიფაროს ამ მდგომარეობისაგან.
თუ ძელზედ გაკრული მეორე ავაზაკი სიმბოლოა მორწმუნე და მონანული საზოგადოებისა, ეს ავაზაკი სახეა ურწმუნო და უგულისხმო, სინანულის არმქონე ხალხისა.
ჩვენ რომელ ავაზაკს ვგავართ? როგორი იქნება ჩვენი ჯვარი, – გადამრჩენელი, თუ წარმწყმედელი?
`ამქვეყნიური ჩვენი ყოფა ქარვასლას ჰგავს, სადაც ყველაფერი იყიდება, _ წერენ წმინდა მამები, _ წარუვალი ბედნიერების შეძენა თუ გსურთ, წარმავალი დროებითი სიკეთენი უნდა დათმოთ, რადგან იგი მხოლოდ ასეთი საფასურით მოიპოვება; მაგრამ თუ ამ შესაძლებლობას ახლა ხელიდან გაუშვებთ, მას სამუდამოდ დაკარგავთ, რადგან ასეთი საშუალება აღარასოდეს გვექნება.”
როდესაც ვსაუბრობთ, რომ დროებითი სიკეთენი უნდა დავთმოთ მარადიული ნეტარებისთვის, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მორწმუნე ადამიანი (საერო თუ სასულიერო პირი) ამქვეყნიურ ცხოვრებას მუდმივ მწუხარებაში ატარებს; სულაც არა. ცოდვასთან და სხვადასხვა ბოროტებასთან სულიერი ბრძოლა თუ ხდება ლოცვითა და ღმერთზე მინდობით, უფალთან უხილავი, მაგრამ რეალური ისეთი კავშირი მყარდება, ისეთი სხვა განცდა შემოდის, რომ იგი თავისი სიძლიერით ფარავს ნებისმიერ ტკივილს. ამიტომაც ამბობენ, რომ ამგვარად მცხოვრებთათვის სამოთხე დედამიწიდან იწყებაო.
დიახ, ადამიანი ბედნიერებისათვისაა შექმნილი და ამას ესწრაფვის იგი მაშინაც, როდესაც ვნებებს ემონება და მაშინაც, როდესაც ცოდვებს განეშორება.
ვისაც ცოდვის მორევში ყოფნა მოსწონს და ამაში ჰპოვებს მხოლოდ სიამოვნებას, მისთვის გაუგებარი და მიუღებელია ის სიხარული და ნეტარება, რომელსაც ჯვარცმული იესო გვთავაზობს.
მას სხვა ვერაფრით დავეხმარებით, გარდა ლოცვისა და ჩვენც შევთხოვოთ აღდგომილ მაცხოვარს, ყველას გაუნათოს გული და გონება წარუვალი ბედნიერების შესაგრძნობად.
როგორც აღვნიშნეთ, ქრისტიანული ცხოვრება სერიოზული პრობლემების დაძლევას გულისხმობს. რა თქმა უნდა, ამ გზაზე ხშირად გვხვდება ცილისწამება, ღვარძლი, გაჭირვება, შური…და დგება ისეთი მომენტებიც, როცა ჩვენც აღმოგვხდება: ,,მამაო ჩემო! თუ შესაძლებელია, ამარიდე ეს სასმისი” (მთ. 26,39), ანდა ,,ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რაისათვის დამიტევებ მე” (მთ. 27,46), მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი იმაზე დიდ ჯვარს არ მოგვცემს, რისი ტვირთვაც არ ძალგვიძს. ამიტომაც, გაჭირვების ჟამს მასვე უნდა მივმართოთ, სულიერი ღვაწლი განვაძლიეროთ და პრობლემები მალევე დაიძლევა.
გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს!
ხოლო ის, ვინც სისუსტის, შიშის თუ სხვა რაიმე მიზეზის გამო თვითმკვლელობით ამთავრებს სიცოცხლეს, რთულ სიტუაციას კი არ განერიდება, არამედ მარადიული ტანჯვის მორევში შედის. ამიტომაც, ვისაც ასეთი ფიქრები გაუჩნდება, მსწრაფლ უნდა მოიშოროს თავიდან, მოძღვართან მივიდეს აღსარება თქვას, რათა სულიერად განმტკიცდეს და ბოროტის მარწუხებისგან თავი დაიცვას.
სამწუხაროდ, ბოლო დროს თვითმკვლელობის ფაქტები განსაკუთრებით გახშირდა გარდამავალი ასაკის ახალგაზრდებს შორის.
მათში ემოციური ფონი გაძლიერებულია. ამასთან, გარემოს შეცნობისა და ძიების პროცესი მიმდინარეობს, რასაც შეიძლება არასწორი მიმართულება მიეცეს. ამიტომაც, ჩვენს გოგონებსა და ვაჟებს ამ პერიოდში მშობლებისაგან მეტი ყურადღება სჭირდებათ. მართალია, ეკონომიურმა გაჭირვებამ დედაც და მამაც აიძულა, რომ ლუკმა-პურის საშოვნელად მთელი დღე სახლის გარეთ დაჰყონ, მაგრამ შვილზე მზრუნველობა უმთავრესია და აქ, როგორც ქალის, ისე მამაკაცის, პასუხისმგებლობა თანაბარია.
მოზარდებისათვის ყურადღების მიქცევა მკაცრ მოპყრობას არ გულისხმობს. პირიქით, ეს ისეთი ასაკია, როდესაც თქვენ, მშობლები, მათ მეგობრად უნდა ექცეთ, მეტი სითბო აჩვენოთ, დაინტერესდეთ მათი მიზნებით, ცხოვრების წესით, სამეგობრო წრით, რომ თანამდგომად მიგიღონ და გულახდილნი გახდნენ. ეს თქვენთვისაც აუცილებელია და მათთვისაც.
აქვე შევეხები ქუჩის ბავშვების პრობლემას. ისინიც ჩვენი ხვალინდელი დღის შემომქმედნი იქნებიან და, ბუნებრივია, მეტად მნიშვნელოვანია, თუ როგორ პიროვნებებად ჩამოყალიბდებიან.
უკვე 21 წელია ამ მიმართულებით იღვწის ჩვენი ეკლესია; სათანადო ორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი, ხელისუფლება ამ თემაზე კარგახანია სერიოზულად მუშაობს. ჩვენ მზად ვართ მომავალშიც, შესაძლებლობისამებრ, გვერდში დავუდგეთ მათ. უმეთვალყურეოდ დარჩენილი პატარები ქუჩაში არ უნდა ცხოვრობდნენ და ამას მალე უნდა მივაღწიოთ.
ეკლესიას დიდი სურვილი აქვს, მზრუნველობა გაუწიოს იმ ახალგაზრდებს, რომელთაც ასაკის გამო ბავშვთა სახლებში აღარ აჩერებენ, წასასვლელიც არსად აქვთ და არც ცხოვრებისთვის არიან მომზადებულნი.
ჩვენ გამოვყავით როგორც ტერიტორია, ასევე შენობა და არასამთავრობო სექტორთან, ჯანდაცვის სამინისტროსა და მერიასთან თანამშრომლობით ვფიქრობთ, აქ გავხსნათ სახელობო-პროფესიული სასწავლებელი, სადაც 18 წლის გოგონებისა და ვაჟების გარკვეული რაოდენობა 23 წლამდე იცხოვრებს კიდეც და დამოუკიდებელი არსებობისთვისაც მოემზადება.
ეს, რა თქმა უნდა, მეტად მცირეა იმ საქმესთან შედარებით, რაც გასაკეთებელია, როგორც ეკლესიის, ისე სახელმწიფოს მხრიდან.
მრავალ პრობლემას ეშველება, თუ მოსახლეობა დასაქმდება, თუ მცირე ბიზნესი განვითარდება და სოფლის მეურნეობა აღორძინდება.
მეტი გასაქანი უნდა მიეცეს მინანქრის, ოქროსა და ვერცხლის დამუშავებას, მზისა და ქარის ენერგიის გამოყენებას, წყლის ექსპორტს, კერამიკის, შუშისა და თიხის წარმოებას, მცირე ჰესების მშენებლობას, ტურიზმს და სხვა.
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ დღეისთვის საქართველოს შემოაქვს სოფლის მეურნეობის კვების პროდუქტების 80%; არადა ქვეყანას აქვს რეალური შესაძლებლობა იმისა, რომ სრულად დააკმაყოფილოს მოსახლეობის მოთხოვნილება და მის გატანაზეც იფიქროს. ამისთვის კი, უნდა გაძლიერდეს როგორც ოჯახური მეურნეობები და წახალისდეს სხვა კერძო ინიციატივები; ადგილზე უნდა აშენდეს გადამამუშავებელი მცირე საწარმოები, შეიქმნას მექანიზებული ჯგუფები, რომლებიც სოფლებს მოემსახურებიან.
სასურველი იქნება, თუ თითოეულ რეგიონს თანხის გარკვეული რაოდენობა გამოეყოფა და თავდაპირველად სახელმწიფოვე იზრუნებს გასაღებაზე ორიენტირებული და ამ მხარისათვის ყველაზე მომგებიანი მიმართულებების განვითარებაზე.
მოსახლეობას ბიძგის და ორიენტაციის მიცემა სჭირდება, გონივრული დახმარება უნდა, რომ თავისი შრომის ნაყოფი დაინახოს და იგრძნოს, რომ მისი საქმიანობა შედეგის მომტანია.
მაშინ ქვეყანა მალევე დაიწყებს აღორძინებას და ხალხში შრომის სიყვარული აღდგება.
საყოველთაო ჯანდაცვა, მთის კანონი, სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით დაგეგმილი ღონისძიებები იმედით განგვაწყობს, თუმცა მათ მიერ განსახორციელებელი დახმარებების თაობაზე ხალხის ინფორმირებულობა მეტი უნდა იყოს, რომ მოსახლეობამ სრულად გამოიყენოს არსებული შესაძლებლობები.
ჩვენთვის ამ ქვეყნად მოცემული სიცოცხლის დრო უდიდესი დატვირთვისაა, რადგან ყოველი ადამიანისათვის ამ პერიოდში ხდება მარადიული ნეტარების მოპოვება ან დაკარგვა.
სწორად რომ ვიცხოვროთ, ფიზიკური, ინტელექტუალური და სულიერი შრომა უნდა შევუთავსოთ ერთმანეთს და ამასთან, უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ ყოველ დროს თავისი მახასიათებელი აქვს. იგი ამა თუ იმ მიმართულებას ხელს უწყობს, ან უგულებელჰყოფს. უნდა გავაცნობიეროთ, როგორია ჩვენი დროის შემოთავაზება, რომ ადვილად განვსაზღვროთ ჩვენი ადგილი ამ სამყაროში და ვუპასუხოთ მის გამოწვევებს.
თანამედროვეობამ ,,სიახლის” სახელით წინ წამოსწია ,,მეს” პრინციპი, გართობა, ბუნდოვანი აზროვნება, ვულგარული მეტყველება, აქცენტი ნაწილზე და არა მთელზე…ანუ ის, რასაც არა აქვს დიდი დატვირთვა და სიღრმე.
სანაცვლოდ, დამამცირებლად წარმოაჩენენ ისეთ ცნებებს, როგორიცაა ჭეშმარიტება, ღირსება, გონიერება, სამშობლო, მოყვასი და სხვა.
ასეთი ტენდენციები ახალგაზრდას პიროვნებად კი არა, მასის ნაწილად აყალიბებს და საშუალო დონის, ყველაფრის შემგუებელ არსებად აქცევს, რომელიც ცხოვრობს დღევანდელი დღით და მომავალი არ აინტერესებს.
შენ არ აჰყვე წუთისოფლის დინებას და მისგან შემოთავაზებულ განწყობას. ამა სოფლის სული არის სული სიცრუისა. იგი დღეს ერთ რამეს განადიდებს, ხვალ სხვას. განა ჩვენ მოწმენი არა ვართ იმისა, რომ რაც საზოგადოების ნაწილს 10-20-40 წლის წინ კარგად და მისაბაძად მიაჩნდა, დღეს მას დასცინის?! ასევე იქნება ცოტა ხნის შემდეგ იმ ,,ფასეულობების” მიმართ, რასაც იგი დღეს ხოტბას ასხამს.
შენ იფიქრე მარადიულ ღირებულებებზე და ეცადე, შენი მეობა, შენი ღირსება არასოდეს დაკარგო. უფლის მცნებები იყოს შენი წარმმართველი. ეცადე შენი შესაძლებლობის მიხედვით მაქსიმუმი გაიღო. ამასთან, ზომიერება შეინარჩუნე, გააკეთე ისე, რომ შენმა სწორმა ქმედებამ სიხარული მოგიტანოს და არა შფოთი და ასე, ნელ-ნელა განმტკიცდები სათნოებებში.
მიემსგავსე ლოტს, რომელიც ცხოვრობდა სოდომში, სადაც ყველა უკანონობას სჩადიოდა, მაგრამ იგი სხვებივით არ იქცეოდა, არამედ აკეთებდა იმას, რაც ღვთისთვის სათნო იყო, ამიტომაც გადარჩა.
ისწავლე ლოცვა!
ლოცვა საუბარია ღმერთთან, გულისნადების მის წინაშე განფენაა, საკუთარი თავის მის შვილად შეცნობა და ღვთის მადლისა და შეწევნის მოპოვებაა; თუმცა სულიერი შრომა მარტო ლოცვას არ გულისხმობს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს, რა თქმა უნდა, აგრეთვე, არის სწორი სულიერი აზროვნება და სულიერი ცხოვრება. ეს რომ შევძლოთ უფლის მხსნელ მარჯვენას ხელი უნდა ჩავჭიდოთ და მასთან ვიყოთ განუშორებლად.
მაშ, არ შევუშინდეთ დაბრკოლებებს, არ შევწყვიტოთ ბრძოლა განწმენდისათვის და ვიცოდეთ, რომ როგორი დაცემულიც არ უნდა ვიყოთ, უფალს ვუყვარვართ და გველოდება,ელოდება ჩვენს სინანულს; ამიტომაც ბრძანებს: ,,არ მოვსულვარ მართალთა მოსაწოდებლად, არამედ ცოდვილთა სინანულისთვის” (მთ.9,13), ,,მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისვენოთ თქვენ” (მთ.11,28), ,,რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს, და ტვირთი ჩემი სუბუქ არს” (მთ. 11,30).
ოღონდ ნაბიჯის გადადგმა არ გადავდოთ ხვალისათვის, რადგან ეს ხვალე შეიძლება აღარ დადგეს.
თითოეულ ჩვენგანს სასწაულთმოქმედების უდიდესი უნარი გვაქვს; თუ ღმერთს მივეახლებით და ცოდვებისაგან განვთავისუფლდებით, ჩვენს სულში დიდი ცვლილების მომსწრენი გავხდებით. ამისი მაგალითნი არიან წმინდანები. ისინიც ისეთივე ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ, როგორიც ჩვენ ყველანი, ბევრ მათგანს ადრე ჩვენზე არანაკლები სისუსტეებიც შეიძლება ჰქონდა, მაგრამ სინანულით, აღსარებით, ზიარებით და სულიერი ღვაწლით ზეციურ სასუფეველს მიაღწიეს. ამიტომაც წერს ნეტარი ავგუსტინე, წმინდანთა რიცხვი ყოფილ ცოდვილთა რიგებიდან მრავლდებაო.
მაშ, შევიმოსოთ სიხარული, ქართველნო, აფხაზნო, ოსნო, ბერძენნო, რუსნო, უკრაინელნო, ებრაელნო, აზერბაიჯანელნო, სომეხნო, ასირიელნო, უდინნო, ქისტნო, ჩეჩენნო, ლეკნო, ქურთნო, იეზიდნო და ყოველნო მკვიდრნო ივერიისა და უცხოეთში მცხოვრებნო თანამემამულენო!
მაცხოვარი დღეს იმედით აღავსებს მთელ სამყაროს; თითოეულმა ჩვენგანმაც ვიქონიოთ სასოება იმისა, რომ: ,,დამიხსნის მე უფალი ყოველი ბოროტი საქმისაგან და მაცხონებს მე თავის ზეციურ სასუფეველში.”
ქრისტე აღდგა!
აღვდგეთ და ამიერიდან ჩვენც ,,წარვიდეთ სიკვდილისაგან ცხოვრებად, წარვიდეთ ხრწნილებისაგან უხრწნელებად, ბნელისაგან ნათლად, მონებისაგან თავისუფლებად, რათა ვიხაროთ ორსავ სოფელსა შინა, ამინ!
თქვენთვის მლოცველი
ილია II
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი
თბილისი,
აღდგომა ქრისტესი
1 მაისი 2016 წელი

(01.05.2016)

Friday, 15 April 2016

კუჭნაწლავის გამწმენდი დიეტა კეფირით და სელით

მსხვილად დავფქვათ სელის მარცვლები (დაახლოებით 2-3 დღის (2-3 ჩაის კოვზი) სამყოფი რადგან დიდხნის დაფქვილი კარგავს სასარგებლო თვისებას) 
პირველი კვირა
1 ჩ/კ დაფქვილი სელი გავხსნათ 100 გრ. კეფირში და მივიღოთ ყოველდღე უზმოზე 1 კვირის მანძლზე 
მეორე კვირა
2 ჩ/კ დაფქვილი სელი გავხსნათ 100 გრ. კეფირში და მივიღოთ ყოველდღე უზმოზე 1 კვირის მანძლზე 
მესამე კვირა
3 ჩ/კ დაფქვილი სელი გავხსნათ 150 გრ. კეფირში და მივიღოთ ყოველდღე უზმოზე 1 კვირის მანძლზე 
(ასევე შესაძლებერლია დაბალ-კალორიული მაწონი ან უშაქრო იოგურტი გამოიყენოთ)
შევისვენოთ 2-3 კვირა მაქსიმუმ 1 თვე (თუ საჭირ იქნება სურვილისამებრ) და გავიმეოროთ კვლავ

სასწაულმოქმედი დიეტა: 1 კვირაში იკლებთ 10 კგ-ს და თან შლაკებისგან თავისუფლდებით

 

ეს დიეტა მაქსიმუმ 10 კილოგრამის დაკლების საშუალებას მოგცემთ, თანაც ის ორგანიზმიდან შლაკების გამოდევნის პროცესს ეხმარება. კვების ამგვარი რეჟიმი ძალიან ეფექტურად აისახება თქვენი წონის კორექციაზე, თანაც ის რთული დასაცავი ნამდვილად არ არის. დიეტას რეკომენდაციას მედიკოსებიც უწევენ და ამბობენ, რომ ასეთი კვება თქვენს ორგანიზმს საფრთხეს ნამდვილად არ შეუქმნის. ეცადეთ ის გადაბმულად რამდენჯერმე არ გააკეთოთ. დაკლება ინდივიდუალურად ხდება და იმაზეა დამოკიდებული თუ რამდენი კილოგრამი გაქვთ ზედმეტი. თუ კლების პროცესი კარგად წარიმართა კვირაში 10 კგ-ს აუცილებლად დაიკლებთ.
დღე პირველი:
ამ დღეს სასმელების დღე ჰქვია. ორგანიზმს გასახდომად ვამზადებთ და დღის განმავლობაში სვამთ ყველაფერს, რაც კი გესიამოვნებათ: წყალი, ჩაი, კომპოტი, ყავა, მინერალური წყალი, წვენები, რძე, კეფირი, დასაშვებია ბულიონის წვენიც კი. მთავარი პირობა: ყველა სასმელი შაქრის დანამატის გარეშე.
დღე მეორე:
ამ დღეს ბოსტნეულის დღე ჰქვია. შეგიძლიათ მიირთვათ ბოსტნეული შეუზღუდავი რაოდენობით, კარტოფილის გამოკლებით. შეეცადეთ მიირთვათ სალათები კომბოსტოს დანამატით. კომბოსტო ცხიმების დაწვისთვის არაჩვეულებრივი საშუალებაა. კარგია, თუ სალათებს ლიმონის წვენსაც დაუმატებთ. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მაიონეზი. შეგიძლიათ მცირე რაოდენობით მცენარეული ზეთის დამატება. ამ დღეს სვამთ მხოლოდ წყალს.
დღე მესამე:
ეს დღეც სასმელებს დაუთმეთ. სვამთ ყველაფერს, რაც მოგინდებათ: წყალი, ჩაი, კომპოტი, ყავა, მინერალური წყალი, წვენები, ბულიონის წვენი. ამ დღესაც პირობა უცვლელია. ყველა სასმელი შაქრის დანამატის გარეშე.
დღე მეოთხე:
ამ დღეს ხილის დღესაც უწოდებენ. ხილის მოყვარულთათვის ეს ნამდვილი დღესასწაულია. მიირთვით ნებისმიერი ხილი (ბანანის გარდა). კარგია, თუ რაციონში დაამატებთ ანანასს და გრეიფრუტს.
დღე მეხუთე:
ცილის დღე. ამ დღეს შეგიძლიათ მიირთვათ მოხარშული კვერცხი. ქათმის ფილე, ნებადართულია ასევე იოგურტი. არ დაგავიწყდეთ რომ სასმელებიდან მხოლოდ წყალი უნდა მიირთვათ..
დღე მეექვსე:
ამ დღესაც ნებადართულია მხოლოდ სასმელები, შაქრის გარეშე.
დღე მეშვიდე:
დიეტის ბოლო დღე. საუზმეზე: 2 ცალი მოხარშული კვერცხი, ხილი ნებისმიერი (ბანანის გარდა).
სადილზე: ბულიონი. ნებადართულია ასევე ყველი, სუპი.
სამხარზე: ბანანის გარდა ნებისმიერი ხილი.
ვახშამზე: სალათი მცენარეული ზეთით და მარილით.

Thursday, 28 January 2016



2016 წლის საშობაო ეპისტოლე 
 
უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე

"დღეს ყოველი დაბადებული იშვებს და იხარებს, რამეთუ ქრისტე იშვა ქალწულისაგან" (სადღესასწაულო)

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მამანო და დედანო, ძმანო და დანო, მკვიდრნო საქართველოისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო!

დღეს ხარობს ყოველი სულდგმული, ცა და ქვეყანა, ხარობს ჩვენი სულები და სამყაროც ივსება ანგელოზთა საგალობლით: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება".

- რა არის მიზეზი ამ საოცარი სულიერი ზეიმისა?

- ის, რომ მოგვეცა შესაძლებლობა სამოთხისეული ნეტარების მოპოვებისა, დაკარგული სიწმინდის აღდგენისა და სულიერი განახლებისა. დღეს ძე ღვთისა განხორციელდა, რათა ადამიანი ღმერთამდე აღამაღლოს!

"საიდუმლო უცხო და დიდებული ვიხილოთ, ქუაბი ცათა ემსგავსა, ქალწული - ქერუბიმთა, ხოლო ბაგა სახე იქმნა სამყაროისა, რამეთუ დაიტია დღეს ქრისტე ღმერთი, დაუტევნელი, რომელსა ვადიდებთ" (სადღესასწაულო).

მაშ, მივეგებოთ ახლადშობილ ყრმას და გავხსნათ კარნი გულისანი, რათა ჩვენშიც იშვას ქრისტე.

- ვართ კი ღირსნი, რომ იესო მოვიდეს და დაემკვიდროს ჩვენს გულებში?
- რა თქმა უნდა, არა და არც არასდროს ვიქნებით მზად ამ დიდი საიდუმლოსათვის, მაგრამ მოწყალება და სიყვარული ღვთისა იმდენად მიუწვდომელია და უნაპირო, რომ ეს სასწაული სრულდება. ოღონდ ამას თავისი აუცილებელი პირობაც ახლავს.
- კერძოდ?
- ადამიანი თანაზიარი უნდა გახდეს ღვთაებრივი სიყვარულისა.
- როგორ შევძლოთ ეს?
- წმ. პავლე მოციქული მიუთითებს, რომ ღმერთთან კავშირისათვის ადამიანს უნდა ჰქონდეს ჭეშმარიტი რწმენა, სასოება და სიყვარული. ამათ შორის კი უპირატესად სახელდებს სიყვარულს (I კორ. 13.13), რადგან რწმენა და სასოება, მხოლოდ ამქვეყნად არსებობს და ჩვენი მიწიერი ყოფისთვისაა აუცილებელი, ხოლო სიყვარული ჰგიეს უკუნისამდე.
- როგორია ღვთაებრივი სიყვარული?
- ახალმა აღთქმამ განაცხადა საოცარი რამ, _ "ღმერთი სიყვარულია"(ინ.4,8).
ამის სრული სისავსით უწყება ვერ შეძლო ვერცერთმა რელიგიამ. ქრისტემდეც და შემდგომაც ადამის მოდგმას არ უხილავს ღმერთი, რომელიც მისთვის მსხვერპლად გაიღებდა თავის თავს და ცხონების ერთადერთ გზას გაუკვალავდა.

"შეიყვარეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ" (ინ. 13,34); "არავის აქვს იმაზე დიდი სიყვარული, ვინც სულს დასდებს თავისი მოყვასისათვის (ინ. 15,13.), _ ბრძანებს იესო.
ქრისტიანობამ აბსოლიტურად სხვა გაგება შესძინა მოყვასის ცნებას. მართლმორწმუნეთათვის მოყვასია ყველა, _ მისი ერის თუ სხვა ეროვნების წარმომადგენელი, ნაცნობი თუ უცნობი, დამნაშავე თუ უდანაშაულო, მდიდარი თუ ღარიბი, კეთილისმყოფელი თუ მტერი!

"მე გეუბნებით თქვენ, გიყვარდეთ თქვენი მტერნი, დალოცეთ მაწყევარნი, კეთილი უყავით თქვენს მოძულეთ და ილოცეთ თქვენს მდევნელთა და შეურაცხმყოფელთათვის, რათა იყოთ თქვენ შვილნი მამისა თქვენისა ზეციერისა" (მთ. 5.44-45).
ეს არის მანამადე არსმენილი და არგაგონილი სიტყვები, მანმადე არსად და არასდროს გაცხადებული სიმაღლე ღვთაებრივი სიყვარულისა.
ასეთი სიყვარულით აღსავსე იყო ჩვენი ხალხი საუკუნეთა მანძილზე. ამიტომაც, თავგანწირვით იცავდა იგი მოყვასს, სამშობლოსა და ჭეშმარიტ რწმენას და, ამავე დროს, სისხლით მორწყულ თავის მიწა-წყალზე სითბოს არ აკლებდა უცხოტომელთ. ჩვენს დევიზად იქცა რუსთველის უკვდავი სიტყვები:

"მე იგი ვარ...ვის სიკვდილი მოყვრისათვის თამაშად და მიჩანს მღერად..." "სიყვარული აღგვამაღლებს."
ასეთმა დამოკიდებულებამ, ცხოვრების ასეთმა

წესმა გადაგვატანინა ათასგვარი ქარტეხილი და დღემდე მოგვიყვანა. ჩვენ კი როგორ ვცხოვრობთ?
აშკარად ჩანს, რომ მსოფლიო კარგავს ჭეშმარიტი სიყვარულის განცდას და მის ადგილს ვირტუალური გრძნობები და გაყალბებული სიყვარული იკავებს. ასეა აქაც.

სხვადასხვა გატაცებას, რომელიც ადამიანს ხანმოკლე დროით ეწვევა ხოლმე, დღეს სიყვარულს უწოდებენ. იგი, პირველ რიგში, ნამდვილი სიყვარულისაგან იმით განსხვავდება, რომ თავგანწირვის უნარისგან თითქმის სრულად დაცლილია, საკუთარ ინტერესებზეა ორიენტირებული და არსებობს მანამ, ვიდრე ამა თუ იმ პიროვნების ეგოისტურ ზრახვებს რაიმე საფრთხე არ დაემუქრება.
ბუნებრივია, ასეთ გრძნობებზე დამყარებული ურთიერთობა მყიფეა, ხანმოკლე და მას არაფერი აქვს საერთო თავდადებულ, ნამდვილ სიყვარულთან.

მოჩვენებითი სიყვარული არის დღევანდელი ოჯახების რღვევის მთავარი მიზეზიც. ცოლ-ქმარს აღარ შეუძლიათ ერთმანეთს სათანადო პატივი მიაგონ, დადგნენ პირად ინტერესებზე მაღლა და უღელი ერთად გასწიონ. რაკი მათ სიღრმისეული გრძნობები არ აკავშირებთ, მცირედი უსიამოვნებების გამოც ადვილად ამბობენ უარს პასუხიმგებლობაზე და `ახალი სიყვარულის" ძებნას იწყებენ.
ზოგიერთი ოჯახი შეიძლება არც დაინგრეს, მაგრამ უსიყვარულობამ მუდმივი ჩხუბი და უთანხმოება წარმოშვას; ასეთ გარემოში კი ბავშვები ითრგუნებიან და მძიმე ხასიათი უყალიბდებათ.

აცნობიერებს კი ამას დედ-მამა? აცნობიერებენ, რომ მატერიალური უზრუნველყოფა რომც ჰქონდეთ მათ შვილებს, ბავშვებმა თუ ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან სასწავლებელში, ოჯახში, ვერ დაინახეს ერთგულება, პატივისცემა, პატიების, სხვისთვის მსახურებისა და გულითადობის მაგალითი, თავადაც ამ გრძნობებისაგან დაცლილნი და ნაკლულევანნი იქნებიან, რაც შემდეგ მათ პირად ცხოვრებაზე უარყოფითად იმოქმედებს.
მშობლები ამ ცოდვას როგორ გამოისყიდიან?

ქორწინება ეკლესიის ერთ-ერთი საიდუმლოა. ეს არის ქალისა და მამაკაცის თანაცხოვრება სულიერი და ხორციელი ერთობისათვის, რათა ერთმანეთს შეეწიონ იმ მდგომარეობის მისაღწევად, რასაც გულისხმობს განღმრთობა.
ეს პროცესი ჰგავს ოქროს გამოდნობას, რაც ოჯახურ ყოფაში ვლინდება ღვთის სადიდებლად ურთიერთმსხვერპლშეწირული სიყვარულით, განსაცდელთა ერთობლივი დათმენით და მოყვასისადმი მსახურებით.

რა თქმა უნდა, განღმრთობის მიღწევის სურვილი არის ბერ-მონოზვნური ცხოვრების მთავარი აზრიც, ოღონდ ამ შემთხვევაში სრულყოფის პროცესი განსაკუთრებულ მოღვაწეობას გულისხმობს. იგი უფრო რთული გზა არის და ნურავინ იფიქრებს, რომ ეგოისტურად მხოლოდ საკუთარ თავზეა ორიენტირებული. ბერ-მონოზვნობა არის ასკეტური მსახურება ღვთისა და მოყვასისათვის ამ სიტყვის ფართო გაგებით.
წმინდა წერილი ბრძანებს: "შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი" (დაბ.1.27), _ როგორი დიდი აზრია ჩადებული ამ წინადადებაში, რომელიც გვიცხადებს, რომ უფლის სადიდებელად მოწოდებული მარტომყოფობაც და ცოლ-ქმრის თანაცხოვრებაც დალოცვილია და ცხოვრების ამ წესის დარღვევა, მოშლა, ან დამახინჯება არ შეიძლება.

უსიყვარულობასთან ერთად ჩვენი ყოფისთვის მეტად დამაბრკოლებელ გარემოებად იქცა ისეთი აზროვნებისთვის ხელშეწყობა, რომლისთვისაც ცოდვა აღარ არის ცოდვა, არამედ - ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა, ხოლო ცოდვის სიყვარული, _ თურმე ნამდვილი სიყვარულის ერთ-ერთი სახე. სიტუაცია ისე ვითარდება, რომ უფლის მიერ დადგენილი მცნებების შეცვლაც კი სურთ, რათა ღვთისაგან არ იქნენ მხილებულნი, არამედ, მისაღებნი გახდნენ ყველასათვის. ხოლო ვინც ეწინააღმდეგება ამ პროცესს, დამცირებისა და დაცინვის ობიექტი ხდება.
ეს არც არის გასაკვირი. ჯერ კიდევ ბრძენი სოლომონი წერდა: "ღვთისმგმობელის დამრიგებელი დამცირებას მიიღებს, ბოროტეულის მამხილებელი, - შეურაცხყოფას" (სიბრძნ. სოლ. 9,7).
როგორც აღვნიშნეთ, ქრისტიანობა სიყვარულის რელიგიაა. რა თქმა უნდა, მას უყვარს ძე შეცდომილიც, ოღონდ მონანული, მაგრამ სძულს ცოდვა. ქრისტე მკვეთრ ზღვარს ავლებს სიკეთესა და ბოროტებას შორის და ამბობს: "არა მოვედ მიფენად მშვიდობისა, არამედ მახვილისა" (მთ. 10.34).

გავიხსენოთ პავლე მოციქულიც: "ნუთუ არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღმრთის სასუფეველს... ვერც მეძავნი, ვერც კერპთმსახურნი, ვერც მემრუშენი, ვერც ჩუკენნი, ვერც მამათმავალნი, ვერც მპარავნი, ვერც ანგარნი, ვერც მემთვრალენი, ვერც მაგინებელნი, ვერც მტაცებელნი" (Iკორ. 6.9-10).

მათდამი ჩვენი სიყვარული იმით უნდა გამოვხატოთ, რომ ვეცადოთ, როგორმე დავანახოთ მათი ცდომილება. ერთი პიროვნების სწორ გზაზე დაყენებაც კი, კეთილისმყოფელის მრავალ დანაშაულს დაჰფარავს. თუმცა ამის მიღწევა ადვილი არ არის, მით უმეტეს დღეს, როდესაც ამპარტავნების ხარისხი იმდენად დიდია, რომ ადამიანი ვეღარ იტანს შენიშვნას.
ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ხშირად სხვაში ვხედავთ გამოსასწორებელ ნაკლს და საკუთარი თავი გვავიწყდება. ჯერ კიდევ ძველი ბერძნები ამბობდნენ: "შეიცანი თავი შენი;" რომაელებიც იმეორებდნენ: "NOSCE TE IPSUM." " სახარებაც გვარიგებს: "რატომ ხედავ ბეწვს შენი ძმის თვალში, ხოლო შენსაში დირესაც ვერა გრძნობ?" (მთ.7.3).

საკუთარი თავის შეცნობა ზოგიერთს ადვილი ჰგონია და არ იცის, რომ სინამდვილეში პიროვნების სამსახოვნებასთან აქვს საქმე: 1. როგორადაც თვითონ ხედავს იგი საკუთარ თავს. 2. როგორც სხვები ხედავენ მას და 3. როგორიცაა ის სინამდვილეში.
ყველაზე რთული ამ მესამე მდგომარეობის აღმოჩენაა, რადგან ჩვენში არსებული ამპარტავნებით სავსე ეგოისტური "მე" ჩვენს სისუსტეებსა და მცდარ ნაბიჯებს მუდმივად გამართლებას უძებნის და შემწყნარებელია მათ მიმართ; ეს კი რეალობის შეგრძნებას გვიჩლუნგებს.
გონიერია ის, ვინც სწორად განსჯის უნარს შეიძენს და თავის შინაგან სამყაროში ჩახედვისას არაფრის შელამაზებას არ მოინდომებს.
მაშინ მიემსგავსება იგი იმ ჭეშმარიტ მჭვრეტელს, რომელიც უკვე ნათლად ხედავს თავისი სულის აქამდე ბუნდოვან, ან თუნდაც სრულიად უცნობ, ფრიად დაზიანებულ სამყაროს და მისი აღდგენისა და განახლებისაკენ ისწრაფვის.
ჩვენი ნამდვილი "მე-ს" დამახინჯების მიზეზი არასწორ ქმედებებთან ერთად ცუდ-მეტყველება და ცუდი აზრებია.
საერთოდ, სიტყვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ჩვენ კი მისდამი ზერელე დამოკიდებულებას ვიჩენთ და ვერ ვაცნობიერებთ, რომ მას მარადიულ სიკვდილ-სიცოცხლესთან ღრმა კავშირი აქვს.

რატომ აქვს სიტყვას ასეთი დატვირთვა?
წმინდა იოანე მახარებელი მაცხოვარზე საუბრით იწყებს თავის სახარებას და ასე წერს: "პირველითგან იყო სიტყვა" (ინ. 1.1).
დიახ, მოციქული, რომელმაც განგვიცხადა, რომ ღმერთი სიყვარულია, სიყვარულთან ერთად, მას სიტყვადაც სახელდებს, რითაც ხაზს უსვამს მაცხოვრის საღვთო, ბუნებით ძეობას და ამასთან ცხადყოფს მამის და მხოლოდშობილი ძის, სიტყვის, შემოქმედებით ძალას, რადგან ძე, როგორც შემოქმედი, მამისაგან ცალკე არ განიხილება: "სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა...და ყოველივე მის მიერ შეიქმნა"(ინ. 1.1-3).
სამყაროს წარმოშობის შესახებ ბიბლიაში წერია: "თქვა ღმერთმა: იყოს ნათელი! და იქმნა ნათელი. თქვა ღმერთმა: იყოს წყალთა შორის მყარი...და იქმნა ასე. თქვა ღმერთმა: იყოს მნათობები ცის მყარზე დღისა და ღამის გასაყრელად, დრო-ჟამის აღმნიშვნელად...და იქმნა ასე"(დაბ. I. 3,6,7,14,15)...

ანუ სიტყვით ხდება დაბადება, ქმნილებათათვის სიცოცხლისა და ფუნქციის მინიჭება, რაც ღმერთის თვისებაა!
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სიტყვა-სახელს, როგორც პიროვნებისათვის, ისე საგნისა თუ მოვლენისათვის, რადგან მასში ჩადებული შინა არსი ბევრ რამეს განსაზღვრავს. სახელდება თავდაპირველად ყოვლადწმინდა სამების მიერ მოხდა:
"ნათელს ღმერთმა უწოდა დღე და ბნელს უწოდა ღამე,...მყარს ღმერთმა უწოდა ცა, ხმელეთს, - მიწა (დაბ.1.5.8.10), ადამსაც სახელი მან დაარქვა...

შემდეგ კი ღმერთმა მეტყველების უნარი და სახელდების უფლება, ცოცხალ არსებათა შორის ერთადერთს, თავის ხატად და მსგავსად შექმნილ ადამიანს უბოძა, როგორც შესაქმის გვირგვინს.
ადამმა სახელი დაარქვა პირუტყვებს, ცის ფრინველთ და ველის ცხოველთ, ასევე მის შემწედ შექმნილ ქალს; დაცემის შემდგომ ადამიანმა სახელები უწოდა თავის შთამომავლთ, საგნებს, გარემო-სამყაროს და ა.შ.
სამოთხეში ურთიერთობა ღმერთსა და ჩვენს პირველმშობლებს შორის სრულიად დაუბრკოლებელი იყო და პირველმშობლები ერთიმეორეს აზრისმიერად ეზრახებოდნენ. ცოდვით დაცემის შემდგომ კი ეს კავშირი დაირღვა; ჩვენი გრძნობების გამოსავლენად და ერთმანეთთან ურთიერთობის დასამყარებლად აუცილებელობა გაჩნდა მატერიალური სიტყვისა.
ღმერთის მსგავსად, ადამიანის მიერ წარმოთქმულ სიტყვასაც ძალა აქვს. ოღონდ, უფლისგან განსხვავებით, მისი ძალა შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი.

იცოდეთ, არცერთი სიტყვა უკვალოდ არ ქრება და ღვთის წინაშე ჩვენი მეტყველების გამოც განვისჯებით. ამიტომაც წერს მათე მახარებელი: ყოველი ფუჭი სიტყვისთვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს, რადგან ჩვენივე სიტყვებით განვმართლდებით და ჩვენივე სიტყვებით გავმტყუნდებით (მთ.12,36).
ჩვენ კი როგორი უგულისხმონი ვართ! ფუჭ საუბარზე რომ აღარაფერი ვთქვათ ნახეთ, როგორი შემწიკვლებულია ჩვენი ბაგეები დაცინვით, რისხვით, შეურაცხყოფით, ცილისწამებით, სიცრუით, სიტყვის გატეხვით, უმადურობით, ცრუ ფიცით, წყევლით, გინებით...
"ენა მცირე ასოა, და დიდად კი მძლავრობს; აჰა, რა მცირე ცეცხლი ბუგავს დიდ ტყეს" და "სავსეა მომაკვდინებელი გესლით" (იაკ.3,5, 8).
"ენით ვაკურთხებთ ღმერთს და მამას და ენითვე ვგმობთ ღმერთის ხატად და მსგავსად შექმნილ კაცთაც" (იაკ. 3;9). ამიტომაც, თუ ვინმეს "ღმრთისმოყვარე ჰგონია თავი და ლაგამს არ ამოსდებს ენას, იცოდეს, ფუჭია მისი ღვთისმოსაობა" (იაკ.1, 26).
ერთმა კაცმა სოკრატეს ჰკითხა: იცი რა უთქვამს შენზე შენს მეგობარს?
სოკრატემ კითხვა შეუბრუნა: "დარწმუნებული ხარ, რომ რის თქმასაც აპირებ, სიმართლეა?
- ვერ ვიტყვი, რომ ბოლომდე დარწმუნებული ვარ, რადგან სხვისაგან მოვისმინე.
- რაც უნდა მითხრა, კარგი ამბავია?
- არა, პირიქით.
- ე.ი. შენ უნდა მითხრა რაღაც ცუდი, და არც იცი, ეს რეალობას შეესაბამება თუ არა. სარგებლობის მომტანი თუ მაინც არის?
- ვფიქრობ, არა.
- "თუ ინფორმაცია, რომელიც გინდა მომაწოდო, არ არის არც კარგი, არც მართალი და არც სასარგებლო, რა აზრი აქვს მის თქმას?!" _ უპასუხა სოკრატემ და განეშორა მოსაუბრეს.
დღეს ასე ცოტა ვინმე თუ მოიქცევა.
ჩვენმა ყოფამ ინტრიგას დიდი გასაქანი მისცა, ფაქტობრივად, ცხოვრების წესად აქცია იგი და ადამიანი სრულიად დაუცველი დატოვა. ეს ქვეყანას ძალიან დააზარალებს.
არ შემიძლია არ აღვნიშნო ის სამწუხარო ფაქტიც, რომ დიდი ხანია, ვაჟებიც და ახლა უკვე გოგონებიც საკუთარი მშობლების მისამართითაც არ ერიდებიან ბილწსიტყვაობას და ვერც ხვდებიან, რომ თავის თავს იწყევლიან და სასტიკ სასჯელს განიწესებენ, რადგან მშობლის შეურაცხმყოფელს ღმერთი განსაკუთრებულად სჯის.
საერთოდაც, წახალისება ხდება უცენზურო გამოთქმების და ტირაჟირება ავადმყოფური აზრების. ეს სიკვდილის გზაა, ჯოჯოხეთის წყვდიადისკენ მიმავალი გზა. ღმერთმა ყველა იხსნას ასეთი დაცემისაგან, მისცეთ სიტყვა წმინდა და მართალი და გულისხმისყოფა ბოროტისაგან თავის დასაღწევად.
ერთ-ერთი ყველაზე დიდი საქმე, რაც კი შეიძლება ამქვეყნად აღასრულოს ადამიანმა, არის ლოცვა. იგი საუბარია ღმერთთან, სინანულია, მის წინაშე სულისა და გულის განფენაა. ეკლესიის და სასულიერო პირებისათვის ლოცვა პირდაპირი მოვალეობაა, მაგრამ იგი ასევე მოვალეობაა საერო პირთათვის.
აი, როგორ გვარიგებს მოციქული: "უჭირს რომელიმე თქვენგანს? ილოცოს; ხარობს ვინმე? ფსალმუნი იგალობოს...რწმენის ლოცვა იხსნის სნეულს...და თუ ცოდვები აქვს ჩადენილი, მიეტევება; ილოცეთ ერთმანეთის გამო...ბევრი რამ ძალუძს მართლის ლოცვას"(იაკ. 5. 13, 15-16).
მართალში კი მაცხოვრის მცნებებით მცხოვრები პიროვნება იგულისხმება, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, სიყვარულით იქნება შემოსილი, რადგან "სიყვარულია სიმტკიცე სრულქმნილებისა" (კოლ.3,15).
ასეთი ადამიანი სხვათაგან დიდად განირჩევა. იგი "სულგრძელია და ტკბილი. სიყვარულს არ შურს, სიყვარული არ ქედმაღლობს, არ ზვაობს, არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ განიზრახავს ბოროტს, არ შეჰხარის უსამართლობას, ყველაფერს იფარავს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს (Iკორ. 13.4-9). სიყვარულის გარეშე კი, ღვთის წინაშე, ნებისმიერი სათნოება აზრს კარგავს და უქმდება. აი, რა სულისშემძვრელ სიტყვებს ამბობს წმ. პავლე მოციქული:
"კაცთა და ანგელოზთა ენებზეც რომ ვმეტყველებდე, სიყვარული თუ არა მაქვს, მხოლოდ რვალი ვარ მოჟღრიალე...წინასწარმეტყველების მადლი რომ მქონდეს, ვიცოდე ყველა საიდუმლო, და მქონდეს სრული რწმენა ისე, რომ მთების დაძვრაც შემეძლოს, სიყვარული თუ არა მაქვს, არარა ვარ...მთელი ჩემი ქონება რომ გავყიდო გლახაკთათვის, და დასაწვავად მივცე ჩემი სხეული, სიყვარული თუ არა მაქვს, არარას მარგია" (I კორ.13.1-3).

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ღვთაებრივი სიყვარული მოვიპოვოთ. ეს უნდა იყოს კაცთა მოდგმის ცხოვრების მიზანი. ამიტომაც ბრძანებს წმინდა წერილი: "გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით და მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით და მთელი შენი ძალით, - აი, უპირველესი მცნება და მეორე, ამისი მსგავსი: გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი" (მარკ.12.30-31).
როგორც წმინდა იოანე ოქროპირი წერს: "ღმერთმა მრავალი გზა დასახა მასთან მისასვლელად. ზოგნი ქალწულებით ბრწყინავენ, სხვანი ქორწინებით განდიდნენ, კიდევ სხვანი ქვრივობაში უბიწოების დაცვით შეიმკვნენ, ვიღაცამ მიწიერი სიკეთენი სრულად უარყო, ზოგმა, _ სანახევროდ;
ცოდვამ გძლია? სინანულით, აღსარებითა და ზიარებით განიწმინდე.
მდიდარი ხარ? - მოწყალება უხვად გაეცი.
თუ გიჭირს და სხვას მატერიალურად ვერ შეეწევი, ავადმყოფს მიხედე, პატიმარი მოინახულე, ჭიქა წყალი მწყურვალს მიაწოდე, მწირი შეიფარე, მტირალთან იტირე, ვინმე სიტყვით ანუგეშე...
თუ ისეთი ღატაკი ხარ და დავრდომილი, რომ ვერავის დაეხმარები, უდვრტვინველად გადაიტანე ეს ყველაფერი და მართალი იობივით უდიდეს ჯილდოს მიიღებ.

ამგვარი იყო სახარებისეული ლაზარეს სათნოება. მას თავისთვის საზრდოც არ ჰქონდა, ვერც ავადმყოფს შეეწეოდა და ვერც საპყრობილეში მყოფს, რადგან უძლურების გამო, წამოდგომის უნარიც არ ჰქონდა, ამასთან ხედავდა სასტიკთა და უსჯულოთა პატივსა და განცხრომას და ერთი სიტყვაც არ დასცდენია გულისწყრომისა, არამედ მხოლოდ მადლობდა ღმერთს ყველაფრისათვის.
აი, ასეთი ცხოვრების გამო დაიმკვიდრა მან აბრაამის წიაღი."
რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია ხორცისა და სულის ტკივილს გაუძლო ისე, რომ განკითხვაში არ ჩავარდე; ეს მოწამეობის ტოლფასია და სათნოებათა მწვერვალი. ჩვენს დროში ბევრი გაჭირვებულია და დავრდომილიც და თუ ვინმე შეძლებს წმინდა ლაზარესავით უდრტვინველად, მადლობით მიიღოს განსაცდელი, დიდების გვირგვინს მოიპოვებს.

ამ ეპისტოლეში ჩვენი ცხოვრების ზოგიერთ ასპექტს შევეხეთ მხოლოდ. ბუნებრივია, პრობლემები გაცილებით მეტი გვაქვს, ამას ემატება მთელს მსოფლიოში შექმნილი ფეთქებადსაშიში მდგომარეობა, ათასობით უდანაშაულო ადამიანის დაღვრილი სისხლი, დევნილთა სიმწარე და ხვალინდელი გაურკვეველი დღის მოლოდინი...რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მეტად მძიმეა, მაგრამ უფრო საშიში ხორცის მოკვდინება კი არა, სულის წარწყმედაა!

უფალი მოწყალეა. მთავარია, შევიცნოთ თავი ჩვენი, გავაცნობიეროთ, სად არის ოქროს შუალედი, სადამდე უნდა ჰქონდეს ზღვარი ჩვენს ქმედებას, ჩვენს თავისუფლებას, რომ იგი უარყოფითი შედეგის მომტანი არ იყოს. მოვუსმინოთ ერთმანეთს, უარი ვთქვათ კატეგორიულ აზროვნებაზე, უარი ვთქვათ ჩვენს სისუსტეებზე, რათა შევძლოთ სულიერად განახლებული ცხოვრება დავიწყოთ, რომ ჩვენზეც აღსრულდეს პავლე მოციქულის სიტყვები:
"ოდესღაც ზოგიერთი თქვენგანი ცოდვის მონა იყო, მაგრამ განიბანეთ, მაგრამ განიწმინდეთ, მაგრამ განმართლდით უფლის ჩვენი იესო ქრისტეს სახელით და ღმერთის ჩვენის სულით." (Iკორ.6,11)

ჩემო საყვარელო სულიერო შვილებო: ქართველნო, აფხაზნო, ოსნო, უდინნო, ქურთნო, იეზიდნო, ბერძენნო, რუსნო, აზერბაიჯანელნო, სომეხნო, ებრაელნო, ქისტნო, ჩეჩენნო, ლეკნო და ყოველნო შვილნო ივერიისა, ჩვენს სამშობლოში მკვიდრნო და ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, ანთებული სანთლით კვლავაც მივეგებოთ ბეთლემს მიმავალ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელსა და მართალ იოსებს. დავითის ქალაქს უკვე უახლოვდებიან მოგვნი, სადაცაა მწყემსებიც მოისმენენ ანგელოზთა საგალობელს. მაშ, ჩვენც ნუ დავყოვნდებით, სულით მივეახლოთ ახალშობილ ყრმას და მუხლმოდრეკით შევთხოვოთ: შენი ვარ, გვაცხოვნე ჩვენ!
ყველას გილოცავთ შობა-ახალწელს და გისურვებთ, რომ ამ დღეების მადლით მოხდეს ჩვენი განწმენდა, განახლება და სიკეთით აღვსება. შევიყვაროთ და გავიხაროთ ერთმანეთით; მაშინ ღმერთიც შეგვიყვარებს და გვაცხოვნებს.
ღმერთმა დაგლოცოთ და სულიერად აღგამაღლოთ.

სიყვარულით თქვენთვის მლოცველი ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
თბილისი, შობა ქრისტესი, 2015-2016 წელი

 07/01/2016წ.

წიგნები

  რუპი კაურის - "მზე და მისი ყვავილები" ამჯერად მინდა ამ ძალიან საინტერესო და უცნაური სტილის მწერლის ამ წიგნზე გიამბოთ  კვლავაც პო...