სააღდგომო ეპისტოლე
უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა,
მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის
მიტროპოლიტ ილია II
,,წყალობაი და ჭეშმარიტებაი შეიმთხვივნეს,
სიმართლემან და მშვიდობამან ამბორს-უყვეს" (ფს. 84,10).
ყოვლადსამღვდელონო
მღვდელმთავარნო, მამანო და დედანო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, სასულიერო და
საერო დასნო, მკვიდრნო საქართველოისა და ჩვენი სამშობლოს საზღვრებს გარეთ
მცხოვრებნო თანამემამულენო,
ქრისტე აღდგა!
აღდგომის მადლითა და სიხარულით აღვსილი ვადიდებთ უფალს და თქვენ ყოველთა გულითადად გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს.
აღსრულდა!
აღსრულდა ის, რაც განჩინებული იყო უწინარეს საუკუნეთა!
,,ვნებითა მით შენითა, ქრისტე, ვნებათაგან განვთავისუფლდით და აღდგომითა შენითა ხრწნილებისაგან ვიხსენით, უფალო, დიდება შენდა!"
49 დღე ემზადებოდნენ მორწმუნენი ამ ზეიმის შესახვედრად.
შვიდი
კვირის განმავლობაში ყველანი ვცდილობდით სულიერი კიბით ზესვლას, რათა
ძალისამებრ ჩვენისა მომზადებულნი ვზიარებოდით პასექის სიხარულს, რომლის
სადიდებელად ენა ამაოდ დაშვრება, რადგან ადამიანური
მეტყველება
უძლურია, გადმოსცეს ღვთის სიყვარულის ის საოცარი გამოვლინება, რისი მომსწრე
და მხილველიც კაცთა მოდგმა 1981 წლის წინ გახდა.
აღდგომა, ეს არის ნეტარ მარადისობასთან ზიარების, წარუვალი სიკეთისა და სიხარულის მაუწყებელი დღე.
,,სადა არს, სიკვდილო, საწერტელი შენი?
სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაი შენი?" (I კორ, 15,55).
ქრისტე აღდგა! გიხაროდეთ!
გარდა
იმისა, რომ მაცხოვარმა ჩვენმა ბოროტება შემუსრა, თითოეულ ჩვენგანს უჩვენა
გზა ხსნისა, უჩვენა მაგალითი ცხოვრებისა, ისეთი სიცოცხლისა, რომელიც
ჭეშმარიტ ბედნიერებასთანაა დაკავშირებული.
ბედნიერება, ეს არის ის
ცნება, ის მდგომარეობა, რომელსაც ესწრაფვის ყველა ადამიანი, არა აქვს
მნიშვნელობა, რომელი ქვეყნისა და ერის წარმომადგენელია იგი. ოღონდ, რა თქმა
უნდა, ბედნიერებას ესა თუ ის პიროვნება სხვადასხვანაირად აღიქვამს.
მთავარი განსხვავება კი ის არის, რომ ზოგნი ამას ღმერთთან სიახლოვეში
ხედავენ, ზოგნი კი, მის გარეშე მოიაზრებენ.
ამ გაორებას სათავე სამოთხეში დაედო.
ღმერთთან
ერთობის პერიოდში ადამი და ევა აქ უზრუნველად ცხოვრობდნენ, მაგრამ,
როდესაც მათ, საკუთარი თავის კიდევ უფრო მეტად განდიდების მიზნით, უფლის
დარიგება უგულებელყვეს, ქვენა მიდრეკილებებს გაუხსნეს კარი და თვითონაც და
მათი შთამომავლობაც გაორდა:
კაენის სულის მქონეთ ღმერთს ზურგი
აქციეს და დაემონნენ ეგოისტურ ზრახვებს, ამბიციას, ხორციელ და გრძნობად
მოთხოვნილებებს: ისინი ცდილობენ აქ, ამ წუთისოფელში, მიიღონ შესაძლო
პატივი, სიმდიდრე, სიამოვნება... იმქვეყნიური ცხოვრებისა კი ან არ სწამთ,
ან ამ თემაზე საკუთარი წარმოდგენა აქვთ და ყველაფერს სათავისოდ განსჯიან.
აბელ-სეითის გზით მავალნი კი ბედნიერებას მხოლოდ უფლის წიაღს უკავშირებენ.
მათთვის
მიწიერი ცხოვრება, ეს არის სამოთხიდან განდევნილთა ადგილი, ის დრო და
სივრცე, სადაც ადამიანმა საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს თავისი ხვედრი და
შეამზადოს თავისი მარადიული მომავალი.
ასეთი პიროვნებებისათვის
ადამიანური ნამდვილი ბედნიერების საიდუმლო შემოქმედის ამ სიტყვებშია
გაცხადებული: ,,შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, ყოვლითა გულითა შენითა,
ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა და ყოვლითა ძალითა
შენითა. ეს არის პირველი მცნება. მეორე არის: შეიყვარე მოყვასი, ვითარცა
თავი შენი" (მრ. 12, 30-31).
პირველი მცნება გულისხმობს ღვთისადმი ისეთ სიყვარულს, რომელიც ყველაზე ძლიერი უნდა იყოს ჩვენში.
- როგორ მივხვდეთ, ვართ თუ არა ამ განწყობით?
-
შემოქმედზე წინ არ უნდა დავაყენოთ არავისი და არაფრის სიყვარული და
ამასთან, ყოველივე ჩვენს თავზე მოწევნული, - სიხარული თუ განსაცდელი, -
უნდა მივიღოთ მადლიერებით.
- განა თუნდაც მშობლების ან შვილებისადმი გამორჩეული სიყვარული სწორი არ არის?
-
ქრისტიანობა სიყვარულის სარწმუნოებაა, გულმხურვალე, თავგანწირული
სიყვარულის რელიგია და, ბუნებრივია, ახლობლებისადმი დიდი სითბოსა და
მზრუნველობის გამოჩენა არა თუ კარგია, ჩვენი ვალდებულებაა. ამის გარეშე
ცხოვრება წარმოუდგენელია, მაგრამ ჩვენც, ჩვენს მშობლებსა და მათ წინაპართ,
ისევე როგორც ჩვენს შვილებს და მათ შთამომავლებს, სიცოცხლეც და სხვა
ყოველივე სიკეთეც უფლისაგან მოგვეცა. იგი არის ყველაზე დიდი მშობელი,
ყველაზე დიდი ახლობელი ყველასათვის, ყველაზე მართალი და გულწრფელი
გულშემატკივარი, იმედი და ნუგეშინისმცემელი ჩვენი.
ამიტომაც, როცა, თუნდაც, მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს საჭიროა ჩვენთვის.
- მაგალითად, შვილის გარდაცვალებაც?
-
რა თქმა უნდა, ეს უდიდესი ტკივილია და ბოლომდე ღვთის განგებულებას ვერავინ
ჩაწვდება. თუმცა, ასეთ შემთხვევებში ვხედავ იმ აზრს, რომ უფალს ადამიანი
თუნდაც ახალგაზრდა, გაყავს ამ ქვეყნიდან მისი ცხონებისათვის საუკეთესო
პერიოდში. და, ბუნებრივია, იგი ცათა შინაც შესაფერის ადგილს დაიმკვიდრებს;
ხოლო ის ტკივილი, რაც მშობლებს, ნათესავებსა და მეგობრებს მიეყენებათ,
კიდევ ერთხელ დააფიქრებთ მათ სიცოცხლის საზრისზე, მთავარ ღირებულებებზე,
ცხოვრების წესზე, ზესთასოფელზე. . .. ყოველივე ეს კი იწვევს ფერისცვალებასა
და უკეთესობისაკენ მათ შეცვლას. ანუ, ფაქტობრივად, ეს ახალგაზრდები
მიზეზნი ხდებიან თავისი ახლობლების სულიერი გადარჩენისაც, რაც უდიდესი
მადლია იმ ქვეყნად წასულთათვისაც და აქ მყოფთათვისაც;
ხოლო თუ ამ ხალხს ასეთმა განსაცდელმაც ვერ უშველა, ძალიან დიდი ალბათობაა იმისა, რომ მათს გულებში უფლის ადგილი არც არასოდეს იქნება.
- და რაკი ადამიანი გამუდმებით სცოდავს, მითუმეტეს ჩვენს დროში, განსაცდელებით ამიტომ ვართ სავსენი?
-
ეს, მართლაც ასეა. დემონი ყოველნაირად ცდილობს თითოეული ადამიანის სული
მიიზიდოს და მიიტაცოს. სთესავს მასში ეჭვსა და ურწმუნოებას, ყველაფრისადმი
ზერელე დამოკიდებულებას, ბინდავს გონებას ათასგვარი სიამოვნებით და
თვალსაწიერს მხოლოდ წუთისოფლით უფარგლავს, რათა იგი გონს არ მოეგოს და
ხელიდან არ დაუსხლტეს.
ასე იყო ყოველთვის, ასეა დღესაც, თუმცა
თანამედროვე ჩვენი ყოფა უფრო დამძიმდა და დასნეულდა, რადგან მასიურად ხდება
წახალისება ცოდვის პროპაგანდისა. ბოროტის შემოტევის ასეთი ფართო
მასშტაბები ადრე არ იყო. ადრე დევნიდნენ და აწამებდნენ მორწმუნეებს,
ანგრევდნენ ტაძრებს, შეურაცხყოფდნენ სიწმინდეთ, მაგრამ ზნეობაზე სიტყვით
მაინც უარს არ ამბობდნენ.
თანამედროვე ფსევდო-ლიბერალიზმს კი სურს,
მოსპოს ცნება ცოდვა. მათი აზრით, ცოდვის განცდა თურმე ზედმეტად ,,ბოჭავს"
ადამიანს და ,,თავისუფლებას" აკარგვინებს. ამიტომაც უნდათ, გააქრონ მორალი
და მასთან ერთად სინდისის ქენჯნაც. იერიში მიტანილი აქვთ ზნეობაზე, რაც
დღეს უკვე გულისხმობს ბრძოლას არა
მარტო რელიგიურ მცნებებთან,
არამედ საყოველთაო, ზოგადადამიანურ ღირებულებებთანაც, ფაქტობრივად, ისინი
ცხოველებზე უფრო დაბალი ცხოვრების წესს სთავაზობენ საზოგადოებას და სრული
სულიერი გადაგვარებისაკენ უბიძგებენ. აჩვენებენ სადიზმითა და სექსოპათიით
გაჯერებულ ფილმებს და თან ,,გართობის" მიზნით სხვადასხვა ,,შოუსა" და
გადაცემებში ირონიით საუბრობენ ადამიანურ ღირსებებზე, კულტურაზე,
ტრადიციებზე, რათა, მათი თქმით, ხალხი ,,განკურნონ ნევროზისა და
ფობიებისაგან."
ეს მეთოდიკა ისეთი ფორმით ინერგება, რომ ზოგჯერ თვით
ამ ,,სპექტაკლების" მონაწილეთაც არ ესმით, სინამდვილეში რას ემსახურებიან
და რატომ აქვთ ასეთი დაკვეთები. ვითომ ორიგინალობის და სიახლის შემოტანის
სურვილით აკეთებინებენ ამას, სინამდვილეში კი საყოველთაო ურწმუნოებასა და
ეშმაკეულ ცნობიერებას ამკვიდრებინებენ, რითაც, რა თქმა უნდა, ღმერთს
განარისხებენ:
,,ვაი იმ კაცს, ვისგანაც მოდის ცდუნება. მისთვის
უმჯობესი იქნებოდა წისქვილის ქვა დაეკიდათ კისერზე და ზღვის უფსკრულში
ჩაეძირათ(მთ.18,6, 18,7) _ ბრძანებს უფალი.
ბუნებრივია, ადამიანის
ისედაც სუსტ ბუნებას უჭირს გაუძლოს ბოროტის ამდენ მახეს. ამიტომაც, სახეზე
გვაქვს საყოველთაო დაცემა და ამ ფონზე არც მართლმადიდებლები არიან
განსხვავებულ მდგომარეობაში. მათ შორისაც გახშირდა სიცრუე და ღალატი,
ეგოისტური მიდგომები, უარის თქმა ოჯახურ ვალდებულებებზე, გულგრილობა.
ყოველივე ეს კი სულიერ სამყაროში იწვევს სერიოზულ რღვევებს, რასაც ზოგიერთი
გრძნობს, მაგრამ არ რეაგირებს, ზოგიერთი კი ვერც აცნობიერებს და აგრძელებს
ცოდვასთან კავშირს.
მაგრამ თუ უფალს ეს ადამიანი უყვარს და არა
ჰყავს მიტოვებული, მასზე ღვთისაგან დაეშვება განსაცდელი (ან განსაცდელები),
რათა იგი გამოფხიზლდეს და დაფიქრდეს თავის მდგომარეობაზე.
ეს პროცესი გაგრძელდება მანამ, ვიდრე არ მოხდება გაცნობიერება დანაშაულისა და მისი გამოსყიდვა.
მე
პირადად არაერთი ადამიანი მინახავს გულწრფელი აღსარებითა და ზიარებით
მძიმე სენისაგან განკურნებულნი, ასევე რთული და, ერთი შეხედვით, გამოუვალი
მდგომარეობიდან თავდახსნილნი; ეს ხომ დასჯა არ არის! იგი უფსკრულიდან ჩვენი
ამოყვანაა, ჭუჭყისაგან ჩვენი განთავისუფლებაა.
ამიტომაც განსაცდელი მადლიერებით უნდა მივიღოთ.
ამასთან,
ჩვენს თავში უნდა გავაძლიეროთ მებრძოლი სული, არ შევეგუოთ დაცემას,
რამდენჯერაც არ უნდა შეგვემთხვას იგი, და ყოველთვის უნდა მოვძებნოთ ძალა
ვნებათა დასათრგუნად, ასადგომად და გზის გასაგრძელებლად.
,,სასუფეველი
ცათაი იიძულების, და რომელნი აიძულებდენ, მათ მიიტაცონ იგი," (მთ.
11,12.). ანუ სასუფეველი ცათა საკუთარ თავთან ჭიდილით, _ ცოდვათა დაძლევით
მოიპოვება და ვინც ამ ომში გაიმარჯვებს, ის დაიმკვიდრებს მას.
ვიმეორებ,
ეს დაპირისპირება დღეს განსაკუთრებული სიმწვავით მიმდინარეობს. ბოროტი
თავგამოდებით იბრძვის და ჩვენც თავგამოდებით გვმართებს დავიცვათ ჩვენი
მეობა, ჩვენი სული, ჩვენი ღირებულებები.
მაცხოვარი ჭეშმარიტ
ქრისტიანებს თავისიანებსა და რჩეულებს უწოდებს და ასე მოიხსენებს: ,,ვიცნი
ჩემნი იგი და მიციან ჩემთა მათ" (ინ. 10,14).
როგორი დიდი წყალობაა, უფალს მიაჩნდე თავისიანად!
მე
მინდა, მივმართო ჩვენს ხალხს, რომელმაც ბოლო პერიოდში მრავალი განსაცდელი
გადაიტანა, _ არ შედრკეთ! ეს ტკივილი, ეს მწუხარება სწორედაც ნიშანია
იმისა, რომ უფალი ჩვენთანაა, რომ ღმერთს ვუყვარვართ და ამიტომაც გვწვრთვნის
შეცოდებათა გამო.
- მართალია, სხვათა მსგავსად ჩვენც რთულ დროში
გვიწევს ცხოვრება და ეს გავლენას ახდენს ჩვენს სულიერ მდგომარეობაზე,
მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ მრავალი ტაძარი აიგო, ეკლესიები სავსეა
ხალხით, მოსახლეობის დიდი უმრავლესობა თავს მართლმადიდებლად მიიჩნევს.
სხვაგან ასეთი პროცესები არ არის, თუმცა ისინი ჩვენზე უკეთ არიან. ჩვენ რა
დავაშავეთ, რომ გამოცდის და განსაცდელების პერიოდი ასეთი ხანგრძლივი და
მძიმე აღმოჩნდა?
- ჯერ ერთი, ვისაც ბევრი მიეცა, მეტიც მოეთხოვება.
ჩვენს ხალხთან მიმართებაში სწორედ ეს ვითარებაა. ამასთან, მართალია,
საზოგადოებაში დიდი დადებითი ძვრები მოხდა, მაგრამ მთავარი ნაკლოვანებები
ჯერ კიდევ არ არის გამოსწორებული.
თითოეულმა ჩვენგანმა (ამჯერად
ვგულისხმობ მხოლოდ მორწმუნეთ, მათ შორის სასულიერო პირებსაც) ჩავიხედოთ
სულში და პირუთვნელად შევაფასოთ ჩვენი განწყობები და დამოკიდებულებები.
ვფიქრობ,
ცოტანი არიან ისეთნი, რომელთა გულის ტახტზე უფალია დაბრძანებული. უმეტესი
ნაწილი კი ძირითადად, სიტყვით და ნაწილობრივ კი, საქმითაც ღვთის
მადიდებელია, მაგრამ ბოლომდე მაინც არ არის მინდობილი ღმერთს.
ეს
ჰგავს იმ პიროვნების მდგომარეობას, რომელმაც ცურვა არ იცის, ზღვის
სანაპიროზე მხოლოდ ფეხს ისველებს და ზღვაში ცურვის სიყვარულზე კი საუბრობს.
რა
თქმა უნდა, ათეისტური აზროვნებისაგან ხალხი მალევე ვერ განთავისუფლდება და
ზემოთქმული ამის შედეგიც არის, მაგრამ უკვე დადგა დრო, მთავარი სულიერი
ორიენტირების გასწორებისა; ხოლო თუ ეს ასე არ მოხდება, მთელი ჩვენი
ძალისხმევა, ჩვენი ვედრება ამაო იქნება, რადგან არასწორად აღვლენილი ლოცვა
ჰაერში განიბნევა და შედეგს ვერ გამოიღებს.
ჩვენი ცხოვრება, ჩვენი
საქმიანობა, აზრი და ფიქრიც კი, შესაძლებლობისამებრ, ღმერთით უნდა იყოს
განმსჭვალული და სწორებას მუდამ მასზე უნდა ვახდენდეთ. ასეთი
დამოკიდებულება სასიცოცხლოდ აუცილებელი არის თითოეული ჩვენგანისთვის.
მხოლოდ
ამ შემთხვევაში შევძლებთ, თავი დავიცვათ ცოდვისაგან და მივუახლოვდებით იმ
მდგომარეობას, რაც დაცემამდე იყო შემოქმედსა და ჩვენს პირველმშობლებს
შორის, - შევცურავთ უფლის სიყვარულის ოკეანეში და აღვივსებით მისი მადლითა
და წყალობით.
ვინ არის მოყვასი და რატომ არის მისი სიყვარული ჩვენი გადარჩენისათვის, ასევე, აუცილებელი პირობა?
-
მოყვასია ყველა, ვინც კი ცხოვრების გზაზე გხვდება. დაწყებული შენი ოჯახის
წევრებიდან, ახლობლებიდან და მეგობრებიდან და დამთავრებული უცნობი, მაგრამ
შენთან შეხებაში მყოფი პიროვნებებით; რა თქმა უნდა, ამათ რიცხვში შედიან ის
ადამიანებიც, რომელთაც ჩვენ მტრებს ვუწოდებთ.
ახლობლებისა და ჩვენი
მოყვარული ადამიანების სიყვარული რომ აუცილებელია, გასაგებია. ეს გრძნობა
იმდენად ბუნებრივად მკვიდრობს ჩვენში, რომ აქ მოვალეობაზეც კი ლაპარაკი არ
არის, ეს ჩვენი მოთხოვნილებაა.
ჩვენი ხალხის ხასიათის წარმოსაჩენად
ორ მომენტს გავიხსენებ: თუკი ქვეყანამ გაუძლო ბოლო ოცი წლის დუხჭირ
ცხოვრებას, ეს სწორედ მეგობრების, მეზობლების, ნათესავების ერთსულოვნებით
მოხდა. უბრალო ადამიანები, თვითონაც არას- მქონენი, მასზე გაჭირვებულთ
უშურველად უნაწილებდნენ თავის ლუკმას, რაც ბუნებრივად, დაუყვედრებლად
ხდებოდა.
ეს ხომ გმირობის ტოლფასია!
თქვენ იცით, მე
ყოველთვის მოვუწოდებდი და მოვუწოდებ უცხოეთში წასულ ქართველებს, დაბრუნდნენ
სამშობლოში და აქ ეძიონ საშუალებები დასაქმებისა, თუნდაც სოფლის
მეურნეობის მიმართულებით, მაგრამ არ შეიძლება არ დავაფასო ამ ადამიანების
დიდი ნაწილის, განსაკუთრებით ქალბატონების, თავდადება, როგორც თავისი
შვილების, ისე მეუღლეებისა და ახლობლების მიმართ.
მათ მიატოვეს ყველაფერი და უცხოეთში უმძიმესი შრომა არ ითაკილეს, რომ როგორმე ფიზიკურად გადაერჩინათ თავისი საყვარელი პიროვნებები.
ეს მოყვასის მიმართ შეწირული მსახურებაა.
- ჩვენს ურთიერთობებში დიდი პრობლემები მაშინ იწყება, როდესაც ცოდვას ვეხებით და წყენა და გულისტკენა ჩნდება. როგორ მოვიქცეთ?
- ცოდვის პირველი უცილობელი წამალი სინანულია.
თუ
შენ ხარ დამნაშავე, ბუნებრივია, ბოდიში უნდა მოიხადო, აღიარო დანაშაული,
მიხვიდე მასთან, ვისაც გული ატკინე და სთხოვო პატიება. ეს შენი
ვალდებულებაა. თუმცა ადამიანებს ზოგჯერ უჭირთ ამ ნაბიჯის გადადგმა და
პატივმოყვარეობის დაძლევა, რაც ფრიად სამწუხაროა.
- როგორ ვიგრძნოთ, გულით ვაპატიეთ, თუ არა სხვას დანაშაული?
-
პატიება ნიშნავს არა მარტო იმას, რომ სამაგიეროს არ მიაგებ მას, არამედ
იმასაც, რომ დაფარავ და არ განაცხადებ შენი შემცოდის ცოდვას. უფრო მაღალი
საფეხური კი გულისხმობს იმ მდგომარეობას, როდესაც ამ ადამიანს შენ სიკეთით
უპასუხებ.
- შეიძლება ნაკლებად შემცოდეს შეუნდო, მითუმეტეს, თუ იგი
შენდობას ითხოვს, მაგრამ როგორ შევიყვარო მტრები, ისინი, რომელნიც
უსამართლოდ, საშინლად გვექცევიან?
- ცოდვა, რა თქმა უნდა, არ არის
ის, თუ ასეთ დამნაშავეს სამართლებრივ ფარგლებში პასუხს მოთხოვ, მაგრამ ეს
ურთიერთობის შედარებით დაბალი დონეა.
საერთოდ კი, შენ უნდა
მოინდომო, მას აუხსნა საქმის რეალური ვითარება, რომ გაღიზიანება დაიძლიოს;
მაგრამ თუ ეს ქმედება ამაო გამოდგა, იგივე ახლა სხვათა საშუალებით გააკეთე;
ხოლო თუ შედეგი ამ შემეთხვევაშიც ვერ მიიღე, ეცადე ღვთის სადიდებელად
დაითმინო ცილისწამება, რითაც შენს სხვა მრავალ
ცოდვას აღხოცავ და
სულიერადაც ამაღლდები; მაშინ ,,მტრის" შხამიანი ქმედებების მიღმა დაინახავ,
რომ შენი შეურაცხმყოფელი, ფაქტობრივად, თავისი ნებით წირავს თავს შენი
განწმენდისათვის და ამასთან, უღირსი საქციელის გამო, საკუთარ თავს
გაუცნობიერებლად, ღვთის რისხვას უმზადებს.
განა რა უნდა იყოს ამაზე
მეტი სასჯელი მისთვის! შენ კი, თუ გონიერი ხარ, ასეთ პიროვნებაში დიდ
კეთილისმყოფელს აღმოაჩენ, შეიბრალებ და შეიყვარებ მას.
ასე რომ, ჩვენი პირადი მტრის შეყვარება შესაძლებელია!
გავიხსენოთ მამა გაბრიელი (ურგებაძე), _ აღმსარებელი და სალოსი.
მოგეხსენებათ, სალოსობის ინსტიტუტი, ძველი დროიდანვე იყო ცნობილი მართლმადიდებლობაში, მაგრამ ამ გზით მავალნი ძალიან ცოტანი იყვნენ;
ისინი
ყველას დასანახად ისე იქცევიან, რომ თავის არარაობას გაუსვან ხაზი და
სხვათა თვალში დამცირდნენ. ანუ სალოსები მარტო კი არ ითმენდნენ
შეურაცხყოფას, არამედ საზოგადოებაში ხელს უწყობდნენ მათზე უარყოფითი
დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, რათა ყველასაგან ფარული, დიდი ღვაწლი
ლოცვისა ეტვირთათ არა მარტო ცალკეული პიროვნებისა და ერისათვის, არამედ
მთელი მსოფლიოსათვის.
ასე იცხოვრა მამა გაბრიელმაც, – დაიმდაბლა თავი და ამიტომაც ამაღლდა.
არანაკლები
მადლმოსილება აქვთ ბეთანიელ ბერებსაც, - არქიმანდრიტებს: გიორგი მხეიძესა
და გიორგი-იოანეს(მაისურაძეს) და XX ს-ში გაბრწყინვებულ სხვა წმინდანებს
(აღარაფერს ვამბობთ წინა საუკუნეებში მოღვაწე სხვა წმინდანებზე).
* გამოდის, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანისთვის მტერი არ არსებობს?
-
მტერი არსებობს და მისი სახელი არის ბოროტი სული, ეშმაკი, რომელიც თავისი
მიზნების განსახორციელებლად იყენებს ცალკეულ პიროვნებებს, განსაკუთრებით
ურწმუნოთ. აი, ვინ უნდა გვძულდეს და მოვიძაგოთ. მისი გავლენის ქვეშ
მოქცეული ადამიანები კი, - გვიყვარდეს და გვებრალებოდეს, როგორც სნეულნი და
ვეცადოთ, ვუმკურნალოთ მათს წყლულებს.
არსებობს ასეთი მოკლე ლოცვა:
ღმერთო, აცხოვნე (უნდა ითქვას მაჭირვებელთა სახელი) და მისი ლოცვით მეც მაცხოვნე, _ ამ სიტყვებში დიდი სიბრძნეა.
მაგრამ,
მოგეხსენებათ, წამლობა ხშირად მწარეა, თუმცა მისი მიღება აუცილებელია
ჩვენი გამოჯანმრთელებისთვის. ასეა ცხოვრებაშიც, სიყვარული არ ნიშნავს
ყოველივეს პატიებას, დაუსჯელობას. უფალიც ხომ გვწვრთნის დანაშაულთა გამო!
ამიტომაც, ჩვენც უნდა ვიცოდეთ, რომ სიყვარული არ ნიშნავს უმოქმედობას, რომ
ჩვენ ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ ღირსების დაცვა და პატივმოყვარეობა,
თავდაცვა და ძალადობა, სიმართლის თქმა და განკითხვა, მხილება და დაბეზღება,
დათმენა და სისუსტე.
შეუძლებელია, შენი სახელმწიფოს მტრების მიმართ
იყო გულგრილი და არ დაიცვა ქვეყანა, მისი წარსული და მომავალი როგორც
სიტყვით, ისე ფიზიკურადაც.
შეუძლებელია, სიწმინდის ტოლფასად ცოდვის აღიარებას გაიძულებდნენ და ეს დაუშვა.
შეუძლებელია, მეგობარს, ზოგადად ადამიანს სასიკვდილოდ იმეტებდნენ, ან თუნდაც... უსამართლოდ ეპყრობოდნენ და თანადგომა არ გაუწიო მას.
უკიდურესობები
არაფერში არ ვარგა, მით უმეტეს, აზროვნებაში. ამ სფეროში უკიდურესობებს
მივყავართ ან ფანატიზმამდე, ან ფსევდო-ლიბერალიზმამდე. ორივე გადახვევაა
ჭეშმარიტებიდან და, ამდენად, მიუღებელიც.
პიროვნების სწორად
ჩამოყალიბება დამოკიდებულია ოჯახში აღზრდაზე. ეს გარემო, სასწავლებელთან და
ეკლესიასთან ერთად, გადამწყვეტ როლს ასრულებს ახალგაზრდის ფორმირებაში.
კომუნისტური
რეჟიმის პირობებში ბევრი რამ დამახინჯდა, გაუკუღმართდა, მათ შორის,
შვილებისადმი სიყვარულიც. მშობლები თავისი გაგებით უფრთხილდებიან მათ და
ცდილობენ, ჰქონდეთ საუკეთესო ჩასაცმელი, არაფერი ეტკინოთ, არ ეწყინოთ, არ
დაიღალონ, არამედ გაერთონ და ისიამოვნონ.. . . ანუ უქმნიან სასათბურე
პირობებს და თავისდაუნებურად ბავშვებში ეგოისტურ სულს აღაზევებენ.
ეს არის გაუცნობიერებელი მტრობა შვილების მიმართ!
ასეთი
დამოკიდებულების შედეგად ახალგაზრდა უსუსური ხდება, არა აქვს შინაგანი
სიმტკიცე, ხშირად იჩენს სიმხდალეს, მუდმივად ეძებს საყრდენს და სხვაზეა
დამოკიდებული, დაქვეითებული აქვს აზროვნებაც და სიცოცხლისუნარიანობაც;
ამასთან, არის ამბიციური და ,,მე"-ზე ორიენტირებული.
ეს ყველაფერი
სხვადასხვა ეკონომიური შესაძლებლობის მქონე ფენაში სხვადასხვა სახით
ვლინდება, თუმცა დიდ ნაწილში ერთი საერთო მდგომარეობა შეიმჩნევა, _
არსებულით დაკმაყოფილება, უინიაციტივობა და მიშვებულობა.
ხშირია
შემთხვევები, როცა მათ ბევრი რამ აკლიათ, მაგრამ ეზარებათ ვითარების
გამოსწორებისათვის ზრუნვა. შედარებით უკეთეს მდგომარეობაში მყოფნიც,
ზედმეტად თავს არ იწუხებენ, რადგან არა აქვთ ძიების სურვილი. ეს
მოსწავლეები და სტუდენტები ამთავრებენ რა სასწავლებელს, ამთავრებენ
ურთიერთობას წიგნთან და მხოლოდ ინტერნეტის თამაშებით იქცევენ თავს.
ბევრი
მიეჩვია უშრომელად, ან შედარებით იოლი საქმიანობით, თავის გატანას და აღარ
ეძებს სხვა გზებს მდგომარეობის გამოსასწორებლად; ამასთან, თუ ერთხელ არ
გაუმართლა მცდელობამ, უიმედობა იპყრობს, დეპრესიული ხდება და იწყებს
ცხოვრების კიბეზე კიდევ უფრო დაღმა დაშვებას. ამიტომაც გამრავლდა
ნარკომანია, ლოთობა, ქურდობა, მკვლელობა, აღვირახსნილობა...; ეს ყველაფერი
არასწორი აღზრდის შედეგია.
ჩვენი შვილები თავიდანვე ძლიერ
პიროვნებებად უნდა აღვზარდოთ და, პირველ რიგში, ღვთის სიყვარული და იმედი
შთავუნერგოთ; იმედი იმისა, რომ თუ სწორად იცხოვრებენ, მარტონი არასოდეს
იქნებიან და პრობლემებს უფლის შეწევნით აუცილებლად გადალახავენ.
ამასთან,
პატარები უნდა მივაჩვიოთ შერიგებას, წყენის დავიწყებას, მეგობრებისადმი
და, საერთოდ, ადამიანისადმი ერთგულებას, მადლიერებას, სხვის დახმარებას,
სწორედ იმის გაღებას, რაც თვითონ ყველაზე მეტად უყვარს და სხვისი სიხარულით
გახარებას, უნდა მივაჩვიოთ სამართლიანობას, ამტანობას, ტკივილის გაძლებას,
რთულ სიტუაციაში გამოსავლის პოვნას, რა თქმა უნდა, შრომასა და წიგნის
კითხვას; ანუ მოვამზადოთ ცხოვრებისათვის.
ფიზიკური და
ინტელექტუალური დატვირთვა აუცილებელია ჯანსაღი თაობის აღსაზრდელად, რომ
საჭიროების შემთხვევაში თავიც დაიცვას და სხვაც, ამასთან, გაარჩიოს, სად
არის შავი და სად _ თეთრი, რა არის კარგი და რა _ ცუდი პირადად მისთვის,
მისი ოჯახისათვის, ახლობლებისა და ქვეყნისათვის, რომ თავის შინაგან
სამყაროში იგრძნოს სილაღე, თავისუფლება, სიძლიერე და სიყვარულით აღვსილი ამ
თვისებების სხვათათვის გამზიარებელი იყოს სიცოცხლის ბოლომდე.
ამ
მიზნის მისაღწევად დედ-მამამ პირადი მაგალითი უნდა უჩვენონ და, ამავე დროს,
ურთიერთპატივისცემითა და შეთანხმებულად უნდა იმოქმედონ.
ქართველი
ქალი ყოველთვის იყო ოჯახის დედა-ბოძი და დღესაც, ემანსიპაციის პირობებში,
ისევ მან უნდა შეძლოს მთავარი გამაწონასწორებლი როლის შესრულება ოჯახში და
ყველა წევრის ჩაბმა მომავალი თაობის სწორად აღზრდის პროცესში (აქ
იგულისხმება ოჯახური საუბრები, საინტერესო თემების განხილვა და სხვა).
სახელმწიფოს
ვალდებულებაა, ბავშვები დაიცვას მავნე ზეგავლენებისაგან, შესთავაზოს
სწორად დაგეგმილი სასწავლო პროცესი და ამასთან სკოლიდანვე შეაჩვიონ
პატარები ანალიტიკურ აზროვნებას; უნდა შეიქმნას ფილოსოფიური და
ლიტერატურული წრეები, სადაც მოსწავლეები წაიკითხავენ საინტერესო წიგნებს და
გაარჩევენ მათ, დაწერენ თავისუფალ თემებს და იმსჯელებენ სხვადასხვა
საკითხზე.
ახალგაზრდებმა და, საერთოდ, ნებისმიერმა პიროვნებამ, ღრმა
აზროვნების განსავითარებლად საჭიროა იკითხონ როგორც სასულიერო წიგნები,
ისე მხატვრული, ფილოსოფიური, ისტორიული, ფსიქოლოგიური და საბუნებისმეტყველო
ლიტერატურა; ამის გარეშე მათი ხედვის დიაპაზონი ვიწრო იქნება და ვერ
გააკეთებენ სწორ არჩევანს.
ისინი უნდა აკონტროლებდნენ თავის
ფიქრებს, უნდა იცოდნენ, სად არის ოქროს შუალედი, სად უნდა დაედოს ზღვარი
მათს აზროვნებას, რომ უფლისაგან მონიჭებული არჩევანის უფლება და
თავისუფლება ბოროტის მსახურებად არ აქციონ. თუ ეს განხორციელდა, მაშინ
მშობლებს შეუძლიათ ჩათვალონ თავისი ვალი შვილებისა და სამშობლოს წინაშე
აღსრულებულად.
დაახლოებით ასეთია მორწმუნის დამოკიდებულება ბედნიერებისადმი.
ყოველივე
ზემოთქმული კი ემსახურება ერთ მიზანს, რომ ჩვენ ვისწავლოთ იმ გზებით
სიარული, რომელიც ნამდვილ ბედნიერებასა და სიყვარულს გვაზიარებს და
რწმენით, ჭეშმარიტებით, სიწმინდით, სიკეთითა და სიხარულით აღგვავსებს.
ამ
მადლს არცერთი ეპოქა არ მოიცავდა სრულად, მაგრამ არც ისეთი დრო ყოფილა
ოდესმე, რომ სრულად განძარცვლი ყოფილიყო იგი ამ წყალობათაგან.
დღესაც,
ტექნიკის განვითარებისა და მისი ბატონობის პერიოდში, ამბიციურობის, ცრუ
ჰუმანიზმის, ნელ-თბილი რწმენისა და ბოროტთან საიდუმლო გარიგების ხანაში,
კვლავ გვესმის აღდგომილი მაცხოვრის იმედისმომცემი და განმამტკიცებელი ხმა:
,,მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა" (მთ. 28,20)!
მაშ, ვისი მეშინოდეს, ან ვისგან შევძრწუნდე?
მართალია,
ბოროტი ძალა გამუდმებით გვებრძვის, მაგრამ მასზე განუზომლად ძლიერი და
დაუსაბამოა ღმერთი, რომელიც მუდამ ჩვენთან არის და დღესაც
სააღდგომო
ტრაპეზზე გვიხმობს: ქართველებს, ოსებს, რუსებს, აფხაზებს, ბერძნებს,
იეზიდებს, უდიებს, ასირიელებს, ებრაელებს, აზერბაიჯანელებს, სომხებს,
უკრაინელებს, . . . როგორც მესამე, ისე მეთერთმეტე ჟამის ქრისტიანებს.
მაშ,
რომელნი ხართ კეთილ მსახურნი და ღმრთისმოყვარენი, იშვებდით კეთილსა ამას
და ბრწყინვალესა კრებასა; რომელი არს მონაჲ კეთილგონიერი, შევედინ
სიხარულით სიხარულსა ამას უფლისასა... და ყოველთავე მიიღეთ სიმდიდრე
სიტკბოებისა..., რამეთუ აღსდგა ქრისტე და დაირღვა ჯოჯოხეთი; აღსდგა ქრისტე
და დაეცნეს ეშმაკნი; აღსდგა ქრისტე და ცხოვრება მოქალაქობს, აღსდგა ქრისტე
და არცაღა ერთი მკუდართაგანიც არს საფლავსა შინა, აღსდგა ქრისტე მკვდრეთით
და იქმნა იგი დასაბამ შესვენებულთა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე,
უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
სიყვარულით თქვენთვის მლოცველი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,
მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი,
ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი
ილია II
აღდგომა ქრისტესი 2014,
2014 წლის 20 აპრილი