Tuesday 15 February 2022

წიგნები და ამონარიდები

ხალიდ ჰოსეინი  - "ზღვას ვევედრები"

ჩემო ძვირფასო მარვან!,
ჩემს ბავშვობაში, როცა იმ ასაკის ვიყავი, ახლა შენ რომ ხარ, გრძელი 
ზაფხულის ღამეებს მე და შენი ბიძები ჰომსის განაპირას,ბაბუაშენის სოფლის 
სახლის სახურავზე ვატარებდით. ლეიბებს ვიშლიდით და დილას ნიავით 
აფორიაქებულ ზეთისხილის ხეებთან ერთად ვეგებებოდით; ბებიაშენის თხა 
კიკინებდა, ჯამ-ჭურჭელი ჩხაკუნებდა, ჰაერიგრილი იყო და ფერმკრთალი მზე 
ხურმის ხის ფოთლებს შორის მომწყვდეული გვიჭყიტინებდა. 
ფეხი ახალი ადგმული გქონდა,სოფელში რომ წაგიყვანეთ. 
ისე მკაფიოდ მახსოვს, დედაშენი ყვავილებით სავსე მინდორზე საბალახოდ  
მიშვებულ ნახირს რომ გაჩვენებდა. 

ნეტავ მაშინ უფრო დიდი ყოფილიყავი, არ დაგავიწყდებოდა, როგორი იყო 
ბაბუაშენის სახლი,მისი ქვის გაჭვარტლული კედლები გემახსოვრებოდა, ის 
პატარა წყაროები, სადაც მე და შენი ბიძები ათასობით ოცნების კაშხალს 
ვაგებდით. 
როგორ მინდა,რომ ჰომსი ისე გახსოვდეს, როგორც მე მახსოვს, მარვან . 
ეს უძველესი, ხმაურიანი ქალაქი, რომელიც ჩვენთვის, მუსლიმებისთვის,  
მეჩეთი იყო, ჩვენი ქრისტიანი მეზობლებისთვის – ეკლესია და ყველასთვის   
ერთად „დიდისუკი“ (არაბულად – ბაზარი), სადაც ოქროს გულქანდების, ახალი  
პროდუქტისა და საქორწინო კაბების ყიდვა შეგვეძლო.  
როგორ მინდა,რომ ხალხით სავსე მისი ვიწრო ქუჩები გახსოვდეს, სადაც 
შემწვარი „კიბბეს: (აღმოსავლეთ ხმელთა შუა ზღვის პირეთში გავრცელებული  
ერთგვარი ხორციანი კერძი.) სურნელი ტრიალებდა; გახსოვდეს, როგორ  
ვსეირნობდით კლოკტაუერის მოედანზე დედაშენთან ერთად. 
მაგრამ ის ცხოვრება ის დრო, ახლა მეც კი შეთხზული მგონია, ძველი ჭორივით 
უკვალოდ გამქრალი. 
ჯერ პროტესტი იყო, მერე ალყა, მერე ციდან ჭურვების წვიმა,შიმშილი, 
მიცვალებულების მიწისთვის მიბარება.  
შენც ისწავლე რაღაცები:  
იცი, როგორ შეიძლება ჭურვის კრატერი საცურაო გუბურად იქცეს; იცი, რომ 
მუქი სისხლი უკეთესია, ვიდრე ალისფერი; იცი, რომ დედების, დების და 
კლასელების პოვნა ბეტონისა და აგურის დახეთქილი კედლების, სახურავების 
გაშიშვლებული კოჭების მიღმა, დღისით და ღამით მოელვარე ლითონის 
სამკუთხა ნაგლეჯებს შორის შეიძლება. 
ამ საღამოს დედაშენი აქაა, მარვან, ჩვენთან ერთად, ამ მთვარით განათებულ 
სანაპიროზე, სადაც ბავშვები ტირიან და სადაც დედები იმ ენაზე მოთქვამენ, 
ჩვენ რომ არ გვესმის. ავღანელები, სომალელები, ერაყელები, ერიტრიელები, 
სირიელები... ყველანი აქ ვართ, გათენების მოლოდინში, შიშით დაზაფრულები.  
ყველა თავშესაფარს ვეძებთ. ამბობენ, რომ არსად გველიან, არავინ 
გვეპატიჟება. ჩვენი უიღბლობა სადღაც სხვაგან უნდა გადავიტანოთ. 
დედაშენის ხმა კი ზღვის მოქცევის ხმას ჯაბნის და ყურში ჩამესმის: „შენ რომ 
ენახეთ, ჩემო ძვირფასო, მხოლოდ თვალი რომ მოეკრათ შენთვის, მხოლოდ 
ერთხელ  რომ დაენახეთ, აუცილებლად მეტ სიკეთეს გამოიჩენდნენ”. 
ამ მთვარიან ღამეს შენს პროფილს ვუცქერ, ჩემო ბიჭო, კალმით მოხატული
შენი თვალები უმანკო ძილს დაუხუჭავს. გძინავს, რადგან უსაზღვროა შენი 
ნდობა. 
გახსოვს, რომ გითხარი: „ხელ იჩამჭიდე ,ცუდი არაფერი მოხდება". 
ეს მხოლოდ სიტყვებია, მამის ხრიკები, რადგან ჯერ პატარა ხარ დაჩემი
ხრიკები  შენზე ისევ ჭრის. 
მაგრამ ესაა, მამაშენს რომ კლავს, შენი ნდობა კლავს მამაშენს. 
ამ ვარსკვლავებით გაბრწყინებული ცის ქვეშ მეტს ვეღარაფერს ვფიქრობ… 
რა ღრმაა ზღვა, რა უსაშველოდ დიდი და რა გულგრილი. მე უძლური ვარ, ვერ 
გიცავ ზღვისგან. მხოლოდ ვლოცულობ. 
ცას ვევედრები, რომ ხვალ  ნათელი იყოს; ზღვას ვევედრები ,რომ არ
გაბოროტდეს; ღმერთს ვევედრები ,რომ ნავი მართოს, როცა ნაპირს ჩვენი 
თვალსაწიერი ვეღარ მისწვდება, როცა აზვირთებული ტალღები აგვათამაშებს  
და პატარა უსუსურ არსებებად გვაქცევს, რომელთა შთანთქმა ძალიან ადვილია. 
რადგან შენ მყავხარ, მარვან, შენ, ყველაზე ძვირფასი ტვირთი, რაც კი ოდესმე 
ზღვას უზიდავს; შენ ხარ ჩემი ორთავთვალის სინათლე, მამაშენის ნაგვემი 
გულის მბრძანებელი. 
ვლოცულობ, რომ ზღვამ ეს გაიგოს. 
“ინშაალლა” (არაბულად - ალაჰმა ინებოს.). 
ზღვაო, ისმინე ჩემი ვედრება...


No comments:

Post a Comment

წიგნები

  მაია ენჯელოუ-ს "ვიცი რად გალობს გალიის,ჩიტი" ისეთი დიდი მოლოდინით და ინტერესით დავიწყე კითხვა მეგონა 2-3 დღეში დავასრულებდი.. სა...