Saturday 12 February 2022

Petre Kolxi

სიცოცხლე განა ის არის, დილით გაიღვიძო, ან რაღაცის ხმამ გაგაღვიძოს, მერე ადგომა დაგეზაროს, მეორე მხარეს გადაბრუნდე და დაიწყო ფიქრი, არაფერზე…
ან ის, ჰაერი ჩაისუნთქო, მერე ამოისუნთქო, მერე სოციალურ ქსელს თვალი გადაავლო, მონაწერები წაიკითხო, კომენტარებს ჩაყვე, ვიღაც გამოლანძღო, ვიღაცას მოკითხვა გაუგზავო, მერე ისევ წამოწვე, ან ქუჩაში გახვიდე და გამვლელს სიგარეტი სთხოვო… თუ გაგიმართლა შემოგთავაზებს, თუ არა, პირველი დაგასწრებს და აქით გთხოვს, იქნებ მომაწევინოო… გაგეღიმება და გულში ჩაილაპარაკებ, აგერ, კიდევ ერთი ჩემნაირიო…
სიცოცხლე ეს არ არის, ეს არსებობაა…
სიცოცხლე იმ ბალახს გავს, არც ერთი ლოგიკით არ უნდა ამოსულიყო, მაგრამ ქვა გახეთქა და ფოთლებთან ერთად ყვავილიც რომ გამოიღო…
სიცოცხლე ის არის, როცა ყველა შემთხვევიდან გამომდინარე, მკვდარი რომ უნდა იყო, მაგრამ თავს ძალას ატან, საკუთარ სისუსტეს ებრძვი, დინების საწინააღმდეგოდ მიცურავ, ათასჯერ გადალეწილი მუხლებით თავიდან რომ სწავლოდ სიარულს, მერე სხვა წაქცეულთან მიდიხარ და ეხიდები, სიკვდილის უფლებას არ აძლევ, არწმუნებ, რომ ღირს თავიდან დაწყება…
სიცოცხლე ის არის, როცა ყველა შენ წინააღმდეგ მიდის, მაგრამ მაინც იგერიებ ყველა დაპირისპირებას, აპროტესტებ ყველა მახინჯ შეხედულებებს, ამსხვრევ ყველა არასწორ სტერეოტიპებს და არ გეშინია ქვების ჩაქოლვის…
სიცოცხლე ის არის, რაც ერთხელ გეძლევა და სწორად უნდა წარმართო… სხვას არ მისცე იმის უფლება, დაგიხაზოს სავალი გზები, მიგითითოს რა უნდა მოგეწონოს, რაზე უნდა თქვა უარი… სად უნდა იმოგზაურო, რა ჩაიცვა, რა ჭამო, სად დაისვენო…
ყველას აქვს თავისი წილი სიცოცხლე… ზოგი მთელი ცხოვრება ისეა, მკვდრისგან არ განსხვავდება… ზოგს ძალიან სწყურია, იყოს ცოცხალი, მაგრამ კლავენ…
…და ყველაზე საშინელი სიკვდილი ის არის, ცოცხალი რომ ხარ და მორალურად გიღებენ ბოლოს… მაინც ცდილობ აღდგე ფერფლიდან და თქვა, ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ!..

/მამა პეტრე კოლხი/ 11.02.2022წ.



No comments:

Post a Comment

წიგნები

  მაია ენჯელოუ-ს "ვიცი რად გალობს გალიის,ჩიტი" ისეთი დიდი მოლოდინით და ინტერესით დავიწყე კითხვა მეგონა 2-3 დღეში დავასრულებდი.. სა...